წუხელ მაინც გაზაფხული მოვიდა!


წუხელ მაინც გაზაფხული მოვიდა! ❤️

მერე რა, რომ ზოგჯერ ცრის და ქარია,
ქარმა ბევრჯერ ხეს ტოტები მოზიდა.
მერე რა, რომ წვიმამ ფიქრი არია,
წუხელ მაინც გაზაფხული მოვიდა!
ზოგჯერ გული თითქოს დარდით ივსება,
ხან ცხოვრება რთულ გაკვეთილს გვიტარებს,
რაც არ უნა დიდი თოვა მოვიდეს,
გაზაფხულზე მაინც გამოიდარებს!
ჩამოლღვება ყინულები სიცივის,
სულში გრძნობა ყვავილობას დაიწყებს,
გაზაფხული გულგადაშლილ ჯიბეებს
ცისფერთვალა კესანებით აივსებს.
მერე რა, რომ ზოგჯერ ქუხს და ელვაა,
ხანაც სეტყვა ცივ ჭრილობებს გვაყენებს,
ეს ბუნების ალბათ მაჯისფეთქვაა,
და ღრუბელიც ზოგჯერ ზეცას ამშვენებს.
ეს სათქმელის სხვანაირად ვერ თქმაა,
და წუხილი იქნებ ვეღარ ასვენებს,
ბევრჯერ მთვარის სონატებად დაღვრილი,
უსასრულო ღამეს თეთრად ათენებს.
ეს ბუნების ფიქრის ამოხეთქვაა,
როცა ქუჩებს წვიმა თქეშით ასველებს,
იქნებ ბრაზი, ფორიაქი, ღელვაა,
ზამთრის სუსხი კიდევ უფრო ახელებს.
მერე რა, რომ ითოვა და იწვიმა,
კიდევ ბევრჯერ იწვიმებს და ითოვებს,
წუხელ უკვე გაზაფხული მოვიდა,
სიყვარულის სიო ჩამოიქროლებს,
რაც არ უნდა სულში ძლიერ ციოდეს,
მზე გამოვა! მაინც გამოიდარებს!!! ❤️

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი