ბავშვობა


ბავშვობა

დავცქერი ფოტოზე აღნიშნულ თარიღებს,
სულ თვალწინ დამიდგა ლამაზი ბავშვობა.
დრო როდის გავიდა? - დავეძებ პასუხებს,
როდისღა მოასწრეს ამ წლებმა გაქრობა?
სილაღე ვიცანი ბავშვური ღიმილის,
სიცელქე თვალებში და უდარდელობა,
ბევრი რამ მასწავლა ცხოვრების სიმკაცრემ:
სიძნელის დაძლევა, სიმტკიცე, მხნეობა.
და უცებ ისე ძლიერ მომინდა,
რომ ვიყო ბავშვი, ისევ ყმაწვილი,
ნუგეშით მშობლებს ვეხუტებოდე,
მინდორში ხტუნვა-რბენით დაღლილი.
რომ ისევ ბებო მიქსოვდეს წინდას
და ტირილის დროს გულში მიკრავდეს.
რომ დასაცავად ჩემი დასჯისთვის,
დედას ჩუმ-ჩუმად საყვედურობდეს.
უბნის ბავშვებთან ბურთის თამაშით
დავნავარდობდე, ვმხიარულობდე,
სახლში მირბენილს ჩვეული ზრუნვით
ფეხსაცმლის თასმებს მამა მიკრავდეს.
ყოველ სექტემბერს მონატრებული
სკოლის კედლებში რეკავდეს ზარი,
როგორ ძალიან მინდა დაბრუნდეს
ბავშვობა ტკბილი, ვერაფრისდარი.
დავცქერი ფოტოზე აღნიშნულ თარიღს
და მოგონებას ვეღარც კი ვბედავ,
ნაცნობ სილაღეს ღიმილის მიღმა,
მე ახლა შვილის თვალებში ვხედავ.
რამდენი დროა თურმე გასული,
გავმხდარვარ ქალი, ვარ უკვე დედა,
დღეები თბილი, დაუვიწყარი,
ასე უეცრად სად გაქრა ნეტა?
სინათლის სხივებს და სიყმაწვილეს
მე ჩემი შვილის თვალებში ვხედავ! ❤️

დიანა ამბოკაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი