ქარი
ქარის გრიალმა გამომაფხიზლა ღამის წყვდიადში ძილ-ბურანიდან, ჩემი სიზმარიც უცებ გაქრა და მიიმალა, სადღაც გაფრინდა. ცივი კედლები დგანან მდუმარედ, შემაძრწუნებლად ღამის წყვდიადში, მათში სიცივე იმდენი არის, რამდენიც - თუნდაც ადამიანში! მაშფოთებს ცქერა მათი სიმაღლის, სიმკაცრე მათი მაშფოთებს ძლიერ, არ მინდა ფიქრი სუსხიან ქარში, მაგრამ ფიქრებმა ისევ ამრიეს. და რა საშინლად ზუზუნებს ქარი ამ უსასრულო ღამის წყვდიადში, მასში ხომ ბოღმა იმდენი არის,რამდენიც თუნდაც - ადამიანში! მისი ხმა ბზარავს მთელს მყუდროებას და მთელი ძალით მიაპობს ჰაერს, დაქრის და სადღაც დაეხეტება, მშფოთვარე სულსაც თან დაატარებს. ამსხვრევს ფანჯარას და თითქოს ბავშვი, ფრთხილად ეხვევა ფარდის ფრიალში, მასში ხომ ჟინი იმდენი არის, რამდენიც - თუნდაც ადამიანში! კვლავ მესმის ქარის ქროლვა-ზუზუნი და ხეტიალი ღამის წყვდიადში, ამ ქარში სითბო იმდენი არის,რამდენიც - თუნდაც ადამიანში! დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი