ბილიკები დაგილოცო მინდა❤️
ბილიკები დაგილოცო მინდა, ღმერთმა მოგცეს სიმტკიცე და ძალა, შეგძლებოდეს სიყვარული წმინდა, ქცეულიყავ სასახელო ქალად. ღვარძლი, შუღლი არ გაივლო ფიქრად, ღირსეულად შეხვდი გულის ტკენას, ყველა კარი გაიღება შენთვის, თუ გექნება მიზანი და რწმენა! ღვთის წინაშე თავმდაბლობა გქონდეს, გონებას და საკუთარ თავს ჰფლობდე, თუ ოდესმე აღარ გყავდი გვერდით, იცოდე, რომ არ დაგტოვებს ღმერთი. არ დაჩაგრო უმწეო და სუსტი, სხვის ტკივილზე არ ინდომო ლხენა, არ ეცადო მოძულეს და უღირსს, ბოროტებით დაუბრუნო წყენა. არ შეუდრკე ამ ცხოვრების ფერხულს, შენი ,,ლელო'' გაიტანე მტკიცედ, სიმუხთლეს და მუხანათურ ხრიკებს სიმართლით და შემართებით სძლიე! სიმდიდრეზე არ გაყიდო სული, მოპოვება არ გაბედო მტრულად! სიწმინდე და სინატიფე გულის შეინახე ძვირფას სამკაულად. ერთგულება გაუწიე ერთგულს, ორპირობას თავის გზაზე ევლოს, იცოდე, რომ სიკეთეა მხოლოდ, კელაპტრად რომ გულში უნდა გენთოს! ეს სათქმელი არ ეტევა ჩემში, რაც მინდოდა და რაც მინდა გითხრა, გიფარავდეს უფლის კალთა წმინდა, ბილიკები დაგილოცო მინდა! ❤️ დიანა ამბოკაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი