გენეტიკური ავტობიოგრაფია


თავბრუსხვევა და სიბრმავე გამდის, ამდის სურნელი ნელი და ეკოლოგიური, ფიზიოლოგიური, რეგულარული.

დამაწექი თვალებზე ძლიერად, სიწითლის გადმოღვრამდე, სევდის ამოჩიჩქვნამდე, ტკივილის დინამიკამდე.

ვტირი.

-ხმამაღლა!

შეკუმშვები და კუმშვები არ დუნდება და უნდება წინ გაწევა, გაჭიმვების აწევა და დაძლევა.

გაიჭინთე და იჭინთე ამქვეყნიური ცხოვრების ასატანად კი არა, გასატანად.

დიდი მოვლენა დასრულებულია!

ასე მოვიკუნტე და ვშობე…

გადავიხლართე და ვშობე…

ბრახ და ვშობე!

ვშობე, ვინაიდან ნეანდარტალელი გაქრა.

ცხოველი გაქრა.

ვნადირობდით ერთად, ვაგროვებდით ერთად, ვთხრიდით  ერთად და ორმოს ორმოში.

ვარდებოდით ინერციით, რბილად, აუჩქარებლად.

…

ჩავარდით.

ადამიანიც გაქრა…

წაეკვეთა წელი სიმყარის დასარღვევად, მოელია ფეხი უშობელ სულებთან მისასვლელად.

ცოდნის მეშვეობით შეუძლებელია ქმედება.

ჩემი ღრუბლები არ მღერიან შენს დაბადებას.

ვშობე ძვალი გაუტკივარების დაკონსერვებით.

ესაა ძვალი, დარვინის ევულუციით ვერ გაქრობილი და დავალბე და დავარბიე, დავარბილე წყალში.

ნემსი!

ძაფი!

მოვუსვი თითები ნერწყვში გამოვლებული: წებოვანი, ბლანტი, საზიზღარი.

და ავაგე ძაფი სამოსელისთვის, საამოდ თქვენთვის.

სამუდამოდ გაქრობისთვის განსჯილთა და მისჯილთათვის ცხოველთა ტყავი: ესთეტიკური, მორთული და ნაკერებიანი.

აბეზარი ბუზები შემომეხვივნენ და შეგიკერე.

ომი მქონდა და შეგიკერე.

გავიჟღინთე რომით და შეგიკერე.

სიმხურვალით დავიშრიტე, გამოვიწურე და შეგიკერე.

შენკენ მოვმართე გალუას თანადობა, შეგისაბამე გარეგანი საფარველი შინაგანის დასახასიათებლად და შე-გი-კე-რე.

…

შემიკერე მეც…

შემიკერე დანაოჭებამდე, სანამ  შუბლამდე მიაღწევენ და თვალებთან გზა-კვალი აერევათ, სანამ გადავრჩი და ჯერ კიდევ მაქვს დრო.

მიახატე ჩემს პირად იხტისს მეორე რკალი, რომ გიცნო და მივხვდე შენი პრაქტიკულობა.

შემმოსე აბრეშუმით,

გაჩეხე და აჩეხე მონოლოგების გზა, რომლითაც მე აქ ვვაჭრობ, შენ იქ.

,,ძველმოდური” ერთმანეთის მორწმუნეობა წარსულს ერთ მანეთად ჩავაბაროთ, ავაბაროთ და დავაბაროთ არაადამიანურ ყოფაზე ადამიანური ქცევები გამოავლინოს.

ჩემი აზროვნებისა და მისი გამოხატვის გეომეტრია იღვრება კვადრატებზე: თანაბარი სიგრძის ხაზებზე, მკაცრი საზღვრების ერთიანობაზე, სტატიკურ გაუმჭვირვალობაზე.

 -მიხვდი! ფერიდან მოდის ფორმა!

 ჩემი სხეულის ფორმა ჩემი შრიფტია: წვრილი, ნაკლებად მომგებიანი და ნატიფი.

შეხება ცოდვაა?!

შეხედვა ცოდვაა?!

საუბარი ცოდვაა?!

შენ როგორც ყველაზე დიდი წმინდანი ცოდვებისგან თავისუფლდები!

 ჩემმა ენამ დაკარგა გამოხატვის ფუნქცია, იგი გადაიქცა უსარგებლო ხორცის ნაჭრად. მეტყველებას ვანაწევრებ, მო-მი-სმი-ნე.

ჩემი თვალი შორს ვეღარ ხედავს, ახლომხედველია.

ვეღარ გხედავ, მო-დი ახ-ლოს.

მო-დი.

 შეხებამ შეიძინა მონოტონური მნიშვნელობა, გაუვიდა ვადა, დაძველდა და ფიტულად იქცა.

 მოვიკეცე და დავიკეცე და გავიკეცე. …

ვარ იშვიათი, ყველაზე ვრცელი და საყოველთაოდ აუღიარებელი.

 ხელებზე ვიცვამ დარჩენილ მატერიას, გადაშენების ნაკლებ საშიშ, მაგრამ სერიოზულ წითელ წიგნს, თანაგრძნობის შიმშილსა და ნაციონალურ მდგომარეობას.

არ გადაშალო, არა!

 არა!

არ წაიკითხო, არა!

 არა!

არ ამოიცნო ჩემი ჯაფა, ყოფა და ყოფნა…

დიდი გამყინვარება არ დასრულებულა!

 ჩემი ღრუბლები არ მღერიან შენს დაბადებას!

მომავალი სამუზეუმო ექსპონანტი თბილადაა,

1,

2,

3,

 თბილად,

თბი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი