უსინათლო მწერალი (პირისპირ თავთან)


ჩემთვის ხმები უფრო ხმამაღალია. ქუჩიდან ტრანსპორტის ხმა უკვე ჩამესმის, ალბათ თენდება.
წამწამებზე მსუბუქად მატულობს ლურჯი, მუქი ლურჯი ლანდი, ალბათ თენდება? როგორც ჩანს, თენდება, მე კი მღვიძავს, ეს კი მეტად რთულია ამ დროს.
ამ დროს ყველას სძინავს, ამ დროს ტრანსპორტის ხმებზე ხმამაღალია ფიქრები და ლურჯი ფერი ზიზღნარევია. ოთახის ყრუ ექო მეტად ამძაფრებს ბუნდოვან აზრებს, ლურჯია აზრებიც -ზიზღნარევია!
მუქი ფონი აქვს ამ დროს სიცივეს, ვგრძნობ, და დაუპატიჟებლად, თითქოს არსაიდან, გაჩნდა ოცნება - როგორც უწინ, მომინდა წერა, მომინდი, როგორც არასდროს მომდომებიხარ! 
ყველა განცდას თავისი ელფერი დაჰკრავს, და თითქოს მწვანედ, სასტიკად, ცხადად შიშმა მომიცვა; როცა გამახსენდა დროის უკუღმართობა, უსიამოდ ჩავიჩურჩულე: „რამდენი წელი გავიდა, ნეტა’’ , ჩარჩოდან კი ისევ აღწევს ეკას და განთადის სუნი, ნესტიანი ფოთლები.
შემდეგ ტრაგიკული უსასრულობის განცდით ჩაიძირა უსაშველო ჭაობში ჩემი თვალები, უსაშველოდ და მახსოვს მხოლოდ ხეების შრიალი ჩემს თავთან, შემდეგ სხეულიც იმ ნიავს გაჰყვა.
იცით?! ზუსტად არ მახსვოს, სად დავიკარგე.
ახლა, ცხვირი თუ მეფხანება, ეკატერინეს მოაქვს ხელები, რომლებიც ვერ მცნობენ, უწინ სხვაგვარად მეხებოდნენ, უწინ სხვა სუნი ჰქონდათ. წერის დროს ჩემს ნააზრევს ნაზად აფარებს ფურცელს. მისი თითების ტრაექტორია ჩემს ხელნაწერს ჰგავს; ახლა ალბათ ღრმად სძინავს და მისი მკერდზე კი ალბათ სულ სხვამ იპოვა მყუდრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი