* * *
აი, გაიგონე რაღაც, თუნდაც ქუჩიდან, ბავშვების თამაში; გამოფხეზლებული პირველსავე კადრს, რომელსაც ხედავ, ცარიელი, უწიგნური კარადაა, რომელიც ასე არ უხდება გაღვიძებას. ისხამ ყავას და ეძებ სიგარეტს. თუ პოულობ, ხო კაი. ყავას სიგარეტის გარეშე გემოს ვერ ატან და სიგარეტსაც ყავის გარეშე სულაც არ მოწევდი; დამოკიდებულებას განიცდი და აცნობიერებ, რომ ჯერ სულ რამდენიმე წუთია, თვალი გაახილე, აი, მაშინ, როდესაც ბავშვების ყვირილმა გაცრა სიზმარი; შემდეგ კი ეგ კარადაც გაღიზიანებს, თუნდაც გაიფიქრო სულ წამიერად, რომ შეავსებ თაროს; იმ წამსვე ბევრი წიგნი ერთად გინდა, რომ მოიტანო. ნაბიჯ-ნაბიჯ დილითვე აცნობიერებ ბევრ რამეს. აცნობიერებ იმასაც, რომ მოთმენის უნარი საერთოდაც არ გაგაჩნია - შეგროვებისაც, არადა, მოგწონს კოლექციონერი გოგოები. ამ დროს კი ვერავინ გაგაჩერებს და ვერავინ გკითხავს იმ მომენტისათვის გადამრჩენელ ჰიპოთეტურ კითხვას: „რა ჯანდაბა გიტრიალებს თავში?‘’ ან, სულაც, უფრო მარტივად: „ საით მიექანები?’’ (ბრუტალური ტონით). სხვათა შორის, ის გეტყვით, საით მიექანები. ეს კი თქვენთვის იმდენად დამაფიქრებელი აღმოჩნდება, რომ ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, ნარკოდამოკიდებულიც გაგხადოთ, მით უმეტეს, თუ მიდრეკილება უკვე გაქვთ. და მაინც, ალბათ თქვენ არ იცით, რომ ქართველ ტაქსისტებს, რომლებიც მრიცხველზე მუშაობენ, პროფესიული ინსტიქტები უფრო მეტად განვითარებული აქვთ, ვიდრე უბრალო ხალხს. ჩვენ მათაც არასრულფასოვნად ვაფასებთ. ისინი კი იმ ე.წ. ბარდაჩოკში ინახავენ არაერთ დიპლომს, რომლებიც ჩვენ არასდროს შეგვიმოწმებია და თავად არც გვქონია. შეგიძლიათ თქვენს თავებს შთააგონოთ, რომ თქვენი ცხოვრების უსუსური რითმი თქვენი წინაპრების ცოდვების ბრალია. ან, იქნებ, ხმამაღლა მოწიკწიკე საათები შევქმნათ, რომ ხშირად გვახსოვდეს დროის წიკწიკი. ლიკა ახლა ჯერ კიდევ ეკლესიაშია, სადაც ამ წამს ღმერთთან საუბრისას ეშმაკს ცილს სწამებს, რომ მის გამო თავისი ქმრის უფროსთან დაწვა. ალბათ ამის შემდეგ არ იქნება რთული წარმოსადგენი, რომ ღმერთის ადამიანურ ბუნებას თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდეს. პოეტურად ჟღერს - თვითმკვლელი ღმერთი! ამის შემდეგ კი ლოგიკურია, არც ის იქნება რთული წარმოსადგენი, რომ ღმერთმა მწვანე ბარათი შექმნას თვითმკველი პოეტებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერს ვაბრალებთ ვინმეს, ან რამეს, რის გამოც ხშირად ბევრს ვფიქრობთ და დროის წიკწიკი არ გვახსოვს. ვფიქრობთ... და, აი, გაიგონე რაღაც, თუნდაც ქუჩიდან, ბავშვების თამაში... გამოფხიზლებული პირველსავე კადრს, რასაც ხედავ, ცარიელი, უწიგნური კარადაა, რომელიც ასე არ უხდება გაღვიძებას და შენ ხვდები რაღაც სხვას, რაც იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რასაც ვერ ხვდები, ანუ, იმას, რომ შენ ცოტათი გაგიჟდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი