* * *
ჯერ ისევ ძალიან ბნელა, ვგონებ, ჯერ არც გათენებას აპირებს. სიგარეტს ვეწევი, ფანჯრის რაფაზე ნახევრად მიყრდნობილი ვარ და ნახევარ ფილტრიან სიგარეტს ვაბოლებ, ნახევარფილტრიანი ეს მე შევარქვი, ისე კი მაკრატლით ვაჭრი ხოლმე ფილტრის ბოლოებს, სხვათა შორის , იშვიათად ვაკეთებ ასე.. იცით, ზუსტად ვერ გეტყვით ამ ბნელ უთავბოლო ღამეს რატომ გადავწყვიტე მეტად ძლიერი თამბაქო მომეწია, იქნებ იმიტომ, რომ მეტად მძაფრად და ხარისხიანად ჩაეწვა ფილტვები, ან სულაც სიცოცხლემ დაკარგაო ფასი, - იტყვის მავანი შორიდან ჩურჩულით, ისე, რომ შესაძლოა, ვერც კი გავიგო, მაგრამ ამას ხომ არ აქვს საერთოდ მნიშვნელობა. ახლა ჩემ წინ თბილისი იპრანჭება მხოლოდ ჩემთვის... აქ მხოლოდ მე ვარ და მძინარე სახლები. აქა-იქ თუ ანთია შუქი, მხოლოდ აქა-იქ თუ ბჟუტავენ შორიდან, მე კი, პოტენციური თვითმკვლელი, ხოშიან ნაფაზებს ვჭიმავ სხეულში და მხოლოდ იმის ნახევარს ვუშვებ ბოლს, რაც არ ილექება ჩემში. ისე კი რომის პაპივით გადავყურებ ქალაქს... ჩემი ბალიშის უკან ძველი ხის რაფაა,ისეთი ძველია, ფანჯრას ჩუმად ვწმენდ, თუ მანდ მიწევს დადგომა, ისე, რომ ჩემებმა არ გაიგონ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი