უსულო


ოდესმე გინახავთ, როგორი ტრაგიკულია ხის სიკვდილი? როგორ ეცემა მუხლებზე უზარმაზარი გოლიათი...
მახსოვს, ბავშვობაში მეტყევეები კლავდნენ ხეს, მე ვუყურებდი შორიდან. პატარა ვიყავი, მაგრამ მე მესმოდა,  მათ - არა. მესმოდა, როგორ ჩუმად ეგუებოდა სიკვდილს, განა ვერ მიხვდა, რას უპირებდნენ?! იცოდა, არ უყოყმანია, საბოლოო ნაჯახის მოქნევამდის ამაყად იდგა, გაუტოკებლად. შემდეგ ნელ-ნელა გადაიხარა და შემდეგ სწრაფად, თუმცა, უსიცოცხლოდ დაენარცხა და კმაყოფილმა მეტყევემ ოფლი მოიწმინდა.
მოულოდნელად ზეცამ ვერ გაუძლო - დაგვატირა. მშიშარა მეტყევეებმა გვამი იქვე მიაყუდეს და სახლში გაიქცნენ. მე მივუწექი მას და მეც ავტირდი, ერთად გვეძინა იმ ღამეს, მშვიდად გავაცილე...
მთელ ღამეს ჭექა-ქუხილის ხმა გვესიზმრებოდა ორივეს, არადა, არ ჭექდა... გამთენიისაც ყორნებმა სიკვდილის ცეკვა შეასრულეს ცაში, ალბათ ეგონათ, მე მოვკვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი