გზა


ეს გზა ზედმეტად ვიწროა ჩემთვის და ახლა, როდესაც საკუთარ თავზე უნდა ავმხედრდე და თავის უფლება შევიგრძნო - შევისისხლხორცო, წარმავალი, მაგრამ მაცდურად მომზირალი ვნებები საბოლოოდ ჩამაქნევინებს ხელს; 
       ეს ყველაფერი, ეს გზაც, როგორც უწინ, დატკეპნილია და მეტად იტკეპნება მორიგი ამოწურვადი ნაბიჯებით, რადგანაც ერთ წრეზე ბრუნავს. წრეც ისეთია - რაც მეტად ბრუნავს, მეტად ვიწროვდება და ცვდება, რადგანაც ის ჯერ გაურღვეველია; როდესაც ხელს ჩავიქნევ ხოლმე, სხეული თითქოს წამისად მსუბუქდება და თან საამურ შვებას მგვრის. 
      სამაგიეროდ კი ის შვებაც ნიღაბს დიდხანს ვერ იჩერებს და ნამდვილ საზარელ არაფრისაკენ მიმართულ ფუჭ და ამაო წამებად მევლინება, ქრება შვება და ვაცნობიერებ ყოველ ჯერზე ახლიდან, რომ მასში შვების ნატამალი არც არასდროს იდო, სურნელიც კი არ ასდიოდა მას, როგორც ბარდებს  - ეკლიანია და ძნელად თავს დასაღწევი. 
     შემდეგ საფეხურზე შიში მიპყრობს და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ის ახლად აყვავებული ყლორტი ვარ ხისა, რომელსაც დღეს რგავენ სახალისოდ, რათა, წესისამებრ, ხვალ „ცეცხლზე დაიწვას”. ამასთან ერთად გონება მეფანტება და ერთი დეხედვით სულ სხვაგან მიდის: „ადამიანი როგორ შეიძლება იყოს ასეთი არასრულფასოვანი და ერთდროულად ასეთი განუმეორებელი ქმნილება?” 
     ხალხი ბევრია ჩემ გარშემო, მინდა, ყველას გავუგო; ისიც მინდა, ყველა ჩემსავით ხედავდეს და ეს მაფიქრებს იმაზე, რომ ალბათ ყველას ჩემსავით უნდა, რომ ყველა მასავით აღიქვამდეს სამყაროს - სამყარო იმთავითვე შემონახულია, ადამიანებს კი რაღაც მისტიკური, შემაძრწუნებელი ელფერი დაგვკრავს, რაც დრო გადის.
      ალბათ ყველა ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებულს ხედავს, რასაც ვერ ხსნის, მხოლოდ გრძნობს და ნუთუ ყველას ეს ტანჯავს - ბევრი კითხვაა, მაგრამ დრო არ მაქვს საამისოდ.
     ჩემს სამყოფელს ვუბრუნდები, სადაც სირცხვილით ვიწვი ჩემი ჩრდილის  და შემოქმედის წინაშე; ჩემი ჩრდილის, რომელიც იმ ვიწრო გზის ზღურბლთან დგას წელში მოხრილი და დაჩაჩანაკებული - სირცხვილი ერთხელაც თავს მოაკვლევინებს კაცს, ოღონდ მე არა.                  თვითმკვლელობაზე ფიქრი ყოველთვის ჩიხია ჩემთვის. ეს მდაბიო საქციელი იმ შვების მომგვრელ ჩხვლეტას ჰგავს ეკლისას, რომელიც საზიზღარია და უგემური. 
      ეს გზა მე არ მეკუთვნის და ვერც წრიულად ვეგუები მგზავრობას. შემოქმედს კი ჩემს აღქმებში მრავლისმეტყველი იმედით ანთებული თვალები აქვს, რომელიც ძილშიც ჩემკენაა მომართული და ძალას მაძლევს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი