გამოღვიძება
დაღამდა ისევ - ისევ შეუმჩნევლად დამაღამდა. მერამდენედ დაღამდა? პირადად, ჩემთვის შვიდი ათას სამოცდათვრამეტჯერ გათენდა და ერთით მეტჯერ დაღამდა, მაშასადამე, ჯერჯერობით ანგარიში ღამის სასარგებლოდაა და ჩემი ფსონიც ასეთია. და მაინც - ეჭვები მწვავს მზის. მზეს რომ დავავიწყდეთ, მზე რომ დაგვავიწყდეს - რა გვეშველება ნეტავ - გვიფიქრია? მეტი საქმე არ მაქვს, ალბათ. როდესაც ასე ბნელა, ძალიან სახიფათოა არაფრის კეთება და წამოწოლა დასაძინებლად. სახიფათოა არაფრის კეთება სინათლისათვის. ისე კი მზის იმედზე სულელი თუ იქნება. ასეთ სიბნელეში რამე დაგავიწყდეს, შეუძლებელია , მითუმეტეს, ის, რომ შვიდი ათას სამოცდათვრამეტჯერ არ გიმტყუნა ბედმა, კიდევ ის, რომ შვიდი ათას თვრამეტი წამი კი არა, დღეა, რაც ამ მიწაზე ნებივრობ… ისეთი შეგრძნება გეუფლება ამის გააზრებისას, თითქოს ნაღმზე დგახარ ჩუსტებით და ყველა განვლილი დრო, ერთმანეთში აზელილი, თვალწინ გიდგას. ხვალ როგორ ვიქნები ან სად ვიქნები... იქნებ, სულაც არ ვიყო? არა მგონია, რადგანაც მხოლოდ სიბნელეში ვახელთ ამ შემზარავ თვალებს და ნათელ შუქზე დავიწყებულნი, უდარდელნი და თითქოს უკვდავნი ვხდებით. ღამე ნამდვილია. მორალს ესაზღვრება და სულზე გადის. მე, როგორც ვიცი, ღამე დავიბადე. საქმე ისაა, რომ ძალიან ღრმად გვძინავს, წესისამებრ, ამ დროს - უშფოთველად. თითქოს მზე ვალდებულია, რომ დაგხვდეს დილით, ღამე კი ისე მარტივად გვეხუჭება უკვდავებით დაღლილებს თვალები; ისე, თითქოს გარანტირებულად გველის გაიღვიძება. ის კი გარანტირებულად გველის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი