დიდი გამოცდა


ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიწყო ყველაფერი, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთხელაც უკუნით სიბნელეში მოულოდნელად ყოვლად აუხსნელი უკიდეგანოდ უზარმაზარი აკაშკაშებული ხელი გამოჩნდა და მცირე წკლიპურტის მაგვარი შეხებით მომისროლა   დედაჩემის სხეულის გავლით ამ სამყაროში.
მარტის მშვიდი ნიავი მოძრაობდა ქალაქში. ცა უკვე გარიჟრაჟებულიყო და მზის ლანდები უკვე მოჩანდა შორი დასალიერიდან . 
მთელი ამბავი კი  მაშინ დაიწყო, როდესაც ამ მოცისფრ-მომწვანო პაწაწინა ბურთულის სრულუფლებიანი წევრის იარლიყი ჩამომკიდეს მატერიალურ, ჯერ კიდევ სუსტ და უსუსურ კისერზე. ეს მაშინ მოხდა,  როდესაც აღმოსავლურმა ბოგანომ, რომელიც,  როგორც შემდგომში გამოირკვა, მამაჩემი აღმოჩნდა,  დახსნა ყველა შამპანურის ბოთლი და ცას ყველა ვაზნა დაუშინა, რაც კი მოეპოვებოდა. 
მე, სროლისა და მანქანის როხროხის ხმების ქაოტურ გაურკვევლობაში ჩავარდნილს, პირველი  და ერთადერთი სურვული გამიჩნდა -  იქ, უკან, დაბრუნებისა, საიდანაც ჩემდა დაუკითხავად გამომისტუმრა ზემოთ ხსენებულმა კაშკაშა ხელმა, თუმცა უკან გზა, რაღა თქმა უნდა, არ  იყო.
 მხოლოდ დედაჩემის დაბნეული და ყოვლად საყვარელი ანთებული თვალები მიმზერდნენ, სროლის ხმაც შეწყდა უცებ და თითქოს ბედს შევეგუე იმ წამს. 
დრო გადიოდა, ჩემს თვალსაწიერში ჯერ ისედაც მომცრო სამყარო რაც უფრო პატარავდებოდა, ჩემი სხეული იზრდებოდა და ფართოვდებოდა; ეგ კი არა, უხილავი  აზრები იწელებოდა და ივრცობოდა ჩემში დროთა განმავლობაშა.
 ყველაფერი მეტად და მეტად იძენდა მომნუსხველ ინტერესს, ოღონდ არა მოცემული  სიცოცხლისადმი,  არამედ იმ მისტიკურ სამყაროსადმი და თანაც იმ მისტერიული არსებისადმი, რომლის წყალობითაც აქ აღმოვჩნდი. 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზა კი მაშინ გადაიშალა ჩემ წინ, როდესაც ერთ მშვენიერ დღესაც ჩავედი სოფლეში ბებიაჩემ ეფემიასთან,  რომელმაც ის ციცქნა ნაპერწკალი ჩააგდო ჩემში, რომელიც უხსოვარ დროში დანახულ იმ ვარსკვლავისებურად ანთებულ ხელს ძალიან წააგავდა, თუმცა ის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოვლად უზარმაზარი გახლდათ. ანუშკა ბებოს სახსოვარი ნაპერწკალი კი ამ სამყაროს ალბათ ვერც  მოერგეობოდა, რადგან ის უხილავი იყო  და ძალიან ციცქნა. 
  ეფემეია ბებომ კი ეს ნაპერწკალი სხვადასხვაგვარი წიგნების თანხლებითა  თუ უძველესი ისტორიებით გადმომცა. ყველაზე დიდი ინტრიგა იმ წიგნებისა,  რომლებიც ნაპერწკალს ოდნავ მაინც  გამოყოფდნენ, იმაში მდგომარეობდა, რომ ანუშკა ბებოსავით კითხვებს ვერ დაუსვამდი, მხოლოდ კითხულობდი და გინდოდა თუ არა, უნდა დასჯერებულიყავი იმ სწავლებას, რასაც ისინი გაძლევდნენ. ამას ერთი დიდი პრობლემაც ერთვოდა - თითქმის ყველა წიგნი ჩემთვის ნაკლებად საინტერესო თემებზე  საუბრობდა, ხოლო ის წიგნები, რომლებიც ოდნავ მაინც უახლოვდებოდა იმ ყოვლის მომცველ არსებას,  თითქოს დამახინჯებული იყო ან საკმარისად ბევრს ვერ საუბრობდნენ მასზე, რაც მე საწყისიდან მაწვალებდა.
 ყველაფერს კი ის საშინელი გარემოება დაემატა, რომ ეფემია ბებო ამ ამბიდან სულ მალევე გარდაიცვალა, რამაც ჩემზე გადამწყვეტი გავლენა იქონია, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ხვდებოდა ჩემს მიზანს, ხელიდან გამომეცალა. ყველაფრით დაღლილმა საბოლოოდ  გადავწყვიტე ყველასაგან მალულად სამუდამოდ გავმქრალიყავი და შორ მოგზაურობაში  წავსულიყავი პასუხის მოსაძიებლად ყველა იმ  კითხვაზე, რომლებიც ვერაფრით  მოვაგროვე ჩემს თავში.
მოგზაურობის დაწყებიდან წლები წლებს მიყვებოდა და ყოველი ამ ამ წლების განმავლობაში ჩემში მოთმინებამ და თვეების დუმილმა ღრმად  გაიდგა ფესვები, რამაც მთელი ჩემი შინაგანი ბუნება თავდაყირა დააყენა. საჭმელს მხოლოდ იმიტომ ვჭამდი, რომ აზროვნებაში არ შემშლოდა ხელი, გზადაგზა ვხვდებოდი უცხო განვითარებულ თუ განუვითარებელ ცივილიზაციებს, უამრავ ხალხს ვაკვირდებოდი შორიდან. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი თითქოს არაფერი ხდებოდა, გული მიგრძნობდა, რომ გზა არ უნდა შემეწყვიტა, რომ პასუხები ჯერ კიდევ წინ მელოდა. ერთ შემოდგომას უცნობ დიდ მდინარეს მივადექი, დასვენება გადავწყვიტე,  რადგან უწინდებურად აღარ მყოფინდა ძალა. მაშინ შუახნის ასაკში ვიქნებოდი. ნაპირთან  ხალხი შევნიშრე. სათევზაოდ გამოსულიყვნენ. გადავწყვიტე, ყველასგან მოშორებით გამეშალა კარავი და ცოტაოდენი თევზი მეც დამეჭირა. 
მდინარის ნაპირას მოსიარულეს პატარა ქოხი შემხვდა, ბამბუკით აგებული, რომლის წინაც  ხნიერი კაცი შევნიშნე.  მუხლებზე დამხობილი გამალებით ტიროდა, ბავშვურად გოდებდა რაღაცას ხმადაბლა და ხელებს ხან თავში იხლიდა. ხან კი ზეცისაკენ აღაპყრობდა. გულმა ვერაფრით მომითმინა, უსიტყვოდ გვერდის ავლა ვერ შევძელი, გადავწყვიტე, მივსულიყავი და დამემშვიდებინა. გამეგო, რა უჭირდა და თუ შევძლებდი, ოდნავ მაინც დავხმარებოდი. 
როდესაც მივედი და გამოვეხმაურე, მან უმალვე შეწყვიტა ტირილი, ფეხზე წამოხტა და  დახეული ძონძებით, რომლითაც შემოსილი იყო, ცრემლები მოიწმინდა, სიხარულით თვალებში ჩამხედა.
- ჩემზე ნუ იფიქრებთ,ნუ! ეს სიხარულის ცრემლებია, მადლიერების. 
ძალიან დაბნეულმა და ოდნავ შეშინებულმა  გადავწყვიტე გზის გაგრძელება , მაგრამ გულმა ვერ მომითმინა, ისევ შევტრიალდი, მეორე მხირდან მივუდექი მოხუცს და ვუთხარი:
- რამ გაგახარათ ასე ძალიან? ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი ბედნიერი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ - თუ ნამდვილად ამბობთ ამას და არ მატყუებთ.
  მოხუცმა გამომცდელად ამომხედა , თუმც  ფეხზე აღარ წამომდგარა, ისე მკითხა:
- თქვენ აქაური არ ხართ, ხომ?
- სწორად მიხვდით, მე ძალიან შორიდან მოვდივარ. 
- აქ რა დაგრჩენიათ? 
- სწორედ მაგის გასარკვევად ვარ აქ. 
 ძალიან დააფიქრა ჩემმა ბოლო პასუხმა და გადავწყვიტე ის უხერხულობა, რომელიც მე შევქმენი, რაიმეთი გამომესწორებინა:
- თქვენ თქვით, მადლიერების ცრემლებიაო..- აქ შემაწყვეტინა კაცმა და ისევ ფეხზე წამოდგა და უფრო მომიახლოვდა.
- თქვენ ... იქნებ თქვენ მითხრათ, აქ რას ეძებთ? - ბოლო სიტყვები იმდენად შეეხო ჩემს გულს, რომ გადავწყვიტე, ისე გამეცა პასუხი, როგორც საკუთარ თავს გავცემდი პასუხს -
ყველაფრის პასუხს , თუნდაც იმის, თუ აქ რას ვაკეთებ ან რისთვის ვარ აქ.
-  მაშ! ბედნიერი კაცი ყოფილხარ! - შეჰყვირა მოხუცმა -  თუ ასეა...ძალიან ბედნიერი, რადგან.... - სიტყვა გაწყვიტა , თითქოს იმის თქმა სურდა, რაც არ უნდა გამეგო და იმავ წამს განაგრძო - ისე  უფრო მეტად კი პასუხების სალაროს მეპატრონეს ჰყვარებიხარ, რადგან... თუ სწორ კითხვებს სვამ, ნამდვილად გაიგებ ყვეალფრის პასუხს და თუ არასწორ კითხვებს სვამ, ჯერ უნდა კითხვა მოიძიო სწორი,  რადგან ყველა კითხვას მხოლოდ საკუთარი პასუხი აქვს, ხომ გესმით, რას ვამბობ?  ჩაიზე დამეწვიეთ. 
  ხნიერმა კაცმა ისეთი ბედნიერება მომგვრა, მხოლოდ იმით რომ ვიგრძენი, თუ რაოდენ ახლობელი იყო ის ჩემთვის. მისი ყოველი სიტყვა ჩემს გულს, როგორც ჭრილობას მალამო, ისე ეხებოდა და ღიმილს  სახეზე ვერ ვიკავებდი, რადგან ვგრძნობდი, რომ მან სწორედ ის იცოდა, რაც მე ჯერ კიდევ ვერ გამეგო. 
როდესაც ჩაი მომაწოდა, მდინარის პირას ჩამოვსხედით და ხნიერმა კაცმა თითქოს სწორედ ისე გამომხედა იმ წამს, როგორც მე ვუყურებდი მას. 
- ნამდვილად საოცარია ეს ცხოვრება, არ მეთანხმები?  - თქვა მან და მდინარის მეორე ნაპირისაკენ იხედებოდა
- საოცარი? 
- აი, როდესაც არ იცი, სად მიდიხარ და მაინც მიდიხარ , როცა ყველაფრის იმედი გეწურება, სწორედ მაშინ მოვა ის ბედნიერი წამი თითქოს, როცა აღარაფერს ელოდები.
- ძალიან გთხოვთ, იქნებ პირდაპირ მითხარით , რისი თქმა გსურთ ჩემთვის.
- როგორც ვატყობ, ძალიან მოწყურებული ხარ პასუხებს ... მე ჩემი მთელი ცხოვრება ღმერთს მივუძღვენი, პირადი ყველაფერი დავივიწყე და მთავარი მიზანი ღმერთის ძიება დავიწყე ჩემში, ასე გავატარე ჩემი მთელი ახალგაზრდობა. მთელი შუახნის ასაკიდა სიბერემდეც ასე მოვედი, ამ რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც მდინარის მეორე მხარეს ერთ დღესაც ბაზრობაზე ტყის ხილის საყიდლად გადავედი პარასკევ საღამოს, ის დავინახე - ჩინტამანი და ...პირველდ ცხოვრებაში წავხდი. წავხდი სამუდამოდ. ეს არ ჰგავდა იმ სიყვარულს, რომელსაც ყველა სხვა ცოცხალი არსების მიმართ ვგრძნობდი. ეს იყო წამლეკავი, ყოვლად გამანადგურებელი გრძნობა.  მე მივხვდი, რომ დიდ უბედურებაში ჩავყავი ფეხი, რადგან მთელი სიცოცხლის აღქმა მქონდა დადებული ღმერთთან, რომ მხოლოდ მას ვეთაყვანებოდი და შევინახავდი მისი გულისთვის სულიერ და ხორციელ  ქალწულებას, ის კი, ჩინტამანი, მშვენიერი ქალი  .... გამოვიქეცი იმავ წამს ჩემი ქოხისაკენ , მან სიცილი დაიწყო, როდესაც დამინახა ასეთი სახით... ჩინტამანი ამავდროულად სოფლის მეძავი გახლავთ, რომელიც მხოლოდ ადამიანების მდაბიურ ვნებებს აკმაყოფილებს ამქვეყნიური სარგებლის სანაცვლოდ... მე კი ... მთელი სამი თვე ლოცვაში გავატარე. მას შემდეგ ღმერთს ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის , ვიმეორებდი ლოცვებს გამუდმებით და ძილითაც თვალი არ მომიხუჭავს. სამი თვის თავზე, ანუ   გუშინ ღამით, როდესაც საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა , ატყდა გრიგალი ცაში და ადდიდა საზარლად მდინარე განგი , გამომეღვიძა შუა ღამით,  ხელები ავწიე საბოლოოდ  და მივხვდი, რომ ამქვეყნად ყველაფერს დავთმობდი... არა მხოლოდ დავთმობდი , რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ამაღამვე უნდა მენახა ჩინტამანი. ზეცა ენთო გუშინ ღამით , განგი უზარმაზარი გახდა და მე მივხვდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, წამიღებდა თუ არა მდინარე, მე საშინლად , გიჟურად მინდოდა ჩინტამანის ნახვა, გავედი ნაპირას, სადაც ვერც კი ვიცანი მდინარე, რომელიც უკვე ზღვად ქცეულიყო. გადავხტი დაუფიქრებლად და გავცურე. ამოვედი სოფელში, სადაც ჩინტამანი ცხოვრობდა.  მივადექი მის კარებს თავიდან ფეხებამდე კანკალს ატანილი. გამიღო მან კარი დაცინვით და ამ დროს მისთვის დაუფიქრებელი, მხოლოდ ირონიული, საკუთარი სიამოვნების მოსაგვრელად ისეთი რამ მითხრა, რამაც ყველაფერი სრულიად ყველაფერი თავდაყირა დააყენა ჩემს ცხოვრებაში. მან მშვიდად ცხვირაბზეკით მომიგო: „წარმოგიდგენია , ღმერთი რომ ასე გიყვარდეს, რამდენს მიაღწევდი? ‘’
-   მე გავხელდი. იმ წამს სულში რაღაცა იმ ჭექა-ქუხილივით განათდა ღრმად და სასწაულმოქმედად. ეს იყო დიდი გამოცდა, რომელიც ღმერთმა მომიწყო იმისათვის, რომ დაენახვებინა ჩემთვის, რამდენად შორს ვიყავი მისგან მთელი ეს წლები. მხოლოდ სიბერეში მიმახვედრა, თავში ჩამიკაკუნა... 
- მე ღმერთის შეყვარება არასდროს მიცდია დღემდე , მე მხოლოდ პატივს მივაგებდი მას. თავი დავუკარი ჩინტამანს და ქოხში დავბრუნდი. დღეს დილით კი შენც გამოჩნდი, გზა აბნეულო, ჩემო მეგობარო, რომელიც, ვფიქრობ, არასწორ კითხვებს სვამ, რადგან სულაც არაა მთავარი, აქ რატომ ხარ. მთავარი სწორედ ისაა, რომ რადგანაც აქ ხარ, გამოდის, არა ის უნდა ეძიო, რატომ ხარ აქ, არმედ ის, თუ რა მიზნით ხარ აქ , განა ასე არ არის? მან, ვინც აქ გამოგგზავნა, თუ ყველაფერი იცის,  შენ ეძებ მას. თუმცა არა იმისთვის, რომ მადლობა გადაუხადო და დაუმეგობრდე...  ვფიქრობ, შენ თავადაც არ იცი, რისთვის ეძებ მას.  
მოხუცმა დაამთავრა თავისი ამბის მოყოლა.  მე წამოვდექი იმავ წამს. უსიტყვოდ გამოვერიდე დ. მან  ერთი ასე მომაძახა:
„მე მადლობელი ვარ ჩემი დიდი სულიერი მასწავლებლის, ჩინტამანისა, რომელმაც ცოდნის ჩირაღდნით ამიხილა თვალი! მეძავი ქალისა, რომელიც აღმოჩნდა ჩემი დიდი სულიერი მასწავლებელი! ‘’

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი