მარტი


ეძღვნება შალვას ხსოვნას.

მარტის თვე რას არ მახსენებს: კარგსაც და საშინელსაც, როგორც არის მარტი, მიყვარს. ისე მოხდა, მარტშიც დავიბადე და პირველად მზე მარტისა ვიგრძენი.
დიდი ხნის წინ მახსოვს, ერთხელ მარტის თვეში მონასტერში მოვხვდი, ვიქნებოდი ასე, 12 წლის, მოვხვდი, რა ძალიან მომწონდა იქაურობა. ტყე მიყვარს იქ. კი, 15 კილომეტრის რადიუსზე სულ ტყეა. მეც არდადეგებზე ავიდოდი ხოლმე თბილისიდან. არც ისე მოშორებით იყო. ორ მარშუტკას, ერთსაც ავტობუსს მოვიცვლიდი და შავნაბადას გზას ვედექი უკვე. ტყის გავლა მიწევდა. მარტო იმ ტყეში გადახდენილი ამბები შეავსებს ამ ამბის კუთვნილ ფურცელს, მაგრამ, მოდი, ამაზე სხვა დროა გიამბობთ! საქმე ისაა, აი, უკვე რა ხანია, გულზე ეკალივით მესობა ჩემი პირველი მეგობრის, გუგას, ამბავი.
 იმ ხანებში გუგა მორჩილი გახლდათ მონასტერში, სატრაპეზო ჰქონდა ჩაბარებული, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას . საჭმლის კეთებით მთელ მონასტერში სახელი ჰქონდა განთქმული, მონასტერში კი არა, რესტორანში გეგონა თავი, მის გაკეთებულ კერძს რომ დააგემოვნებდი. მარხვის დროს რაღაც სასწაულ სალათებს აკეთებდა მეტწილად, აი, რომ გახსნილდებოდა, უნდა გენახათ, ხალხი აშკარად გუგას კერძების გამო რჩებოდა მონასტერში, ალბათ ამიტომ აუკრძალა წინამძღვრმა ერთ დღესაც გემრიელი საჭმელების კეთება. გუგას უთქვამს ხუმრობით: მე არაფერ შუაში არ ვარ, მონასტრის ამბავი ხომ თავად მოგეხსენებათ, ლოცვით იღებს იმ გემოს, რომელიც ასე მადისაღმძვრელად გეჩვენებათ ბერებსო! ხუმრობა ხუმრობად და გუგა მას შემდეგ სულ ცხვირჩამოშვებული აკეთებდა საჭმელს. მარხვაში სალათის ნაცვლად ლობიოს ხარშავდა, თან უმარილოს და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის საიდუმლო ინგრედიენტსაც აღარ კრეფდა მონასტრის ტყეში. ჩამოდებდა დიდ ქვაბს სამზარეულოს კარებთან, თვითონაც იქვე ნახევრად დოინჯშემორტყმული ცალ ხელში საწვნით ჩამოდგებოდა და ხმამაღლა ეტყოდა ტრაპეზის დაწყებამდე იქ შეკრებილ ხალხს: თავად ჩაიყარეთ, მარილი კურთხევაა! - და ჩუმად დაუმატებდა ხოლმე ხელის მაღლა აწევით: - ზევიდანაა. 
უცნაური ის იყო, გვერდით არსდროს არავის იკარებდა ხოლმე, ისეთი გამჭოლი, იდუმალი მზერა ჰქონდა ლამაზი, სუფთა სახის ნაკვთებით, თვალს თვით არქიმანდრიტი ვერ უსწორებდა, მძიმე ცხოვრება ჰქონდა ალბათ... დღემდე მაფიქრებს და თავს საკუთარ თავთან თავს  ჩემი მწირი წლოვანებით ვიმართლებ ახლა. მაშინ ხომ მხოლოდ 12 წლის ვიყავი.
 მოკლედ, მე მომცა უფლება, სატრაპეზოში მქონიდა მორჩილება, ეგეც იმიტომ, ჭურჭლის გარეცხვაში დახმარება შევთავაზე ან - ვინ იცის, მოკლედ,მთელი თვე მაკვირდებოდა, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, თუ რამეს ეტყოდი მასზე ან შეუქებდიბდი ხელს. წაუყრუებდა. დროთა განმალობაში, ჩემდა გასაკვირად, დამიმეგობრა კიდეც და თუ სხვებს ხმას არ სცემდა, მე იმდენ ისტორიას მიყვებოდა წმინდანებზე,  ლოცვაზე, მეფეებზე და, ზოგადად, კარგ ადამიანებზე… განსაკუთრებით გრიგოლ ხანძთელზე ამახვილებდა ყურადღებას, მიყვებიდა ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა, ხანდახან ტელეფონი, რომელიც ყოველთვის გათიშული ედო ჯიბეში, რაღაცნაირად მისტერიული ძალით ჩაირთვებოდა ხოლმე და გამეტებით იწყებდა რეკვას, გუგას, ამ უკიდურესად მშვიდ ადამიანს, ტელეფონის ზარის ხმა ისე გააწითლებდა, სიკვდილივით ეჯავრებოდა ეს ხმა, დახედავდა და თავიდან გაუთიშავდა, მერე ცრემლი ადგებოდა თვალებზე და იმწუთასვე მე გამომხედავდა, გამოღიმებდა და ისე ადგებოდა და წავიდოდა შორს, ღრმად, ტყეში, ვერავინ გაყვებოდა უკან - ვერც მე. 
ერთხელ რაღაც ლექსიც დავწერეთ ერთად - ზე-პათეტიკური. მხოლოდ კიდევ კარგი, არ მახსოვს. ტექსტი რაღაც ამგვარი იყო: ვდგავარ გზა გასაყართან, გამომიწოდე, მომეცი ხელი.. დიმაც აქაა, მეც აგერა ვარ, მოგვცემ ხელს?! - რაღაც ამდაგვარი. ვლექსავდით, ვასწორებდით, ვხვეწდით ტექსტს და ბოლოს ვკითხულობდით, გუგას უყვარდა, მე რომ ვკითხულობდი- 
⁃ კიდევ წაიკითხე, მიდი, ერთხელაც! - მთხოვდა ხოლმე.  უკვე მეხუთედ ვკითხულობთ ერთსა და იმავეს, სხვა დავწეროთ- ვპასუხობდი მე, ის კი ⁃ მგონი, ხმადაბლა ვკითხულობთ, იქნებ არ ესმის - და დაიწყებდა მთელი ხმით ჩვენს ლექსს ვეფხისტყაოსანივით.
 ყველასათვის უცნაური კაცი იყო, სხვა კაცი, უცნაური - ვისთვის... მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ვაჟკაცებს შორის ერთ-ერთი პირველია ჩემთვის დღესაც. დღეს - მითუმეტეს. ქერა, დახვეული წვერი ჰქონდა, მთიწ წვერზე პატარა სკამზე დაჯდებოდა საღამოობით, შესამოსლის ბოლოებს მუხლებზე ლამაზად, სუფთად გადაისწორებდა, სულ მარტო იჯდა და თბილისს უყურებდა ზევიდან. ფიქრი აწვალებდა. არის ასეთი ლექსი: „შავნაბადას მთა სხვისთვის მთაა- ჩვენთვის - სავანე” - ის კადრი, გუგა რომ საღამოობით იმ სკამზე ჩამოჯდებიდა ხოლმე, ამ ლექსს მახსენებს. 
გუგა მას შემდეგ აღარ მინახავს, ბოლოს პურს რომ ვასუხარებდით, მახსოვს, მაშინ მითხრა - „ცხოვრების გზა ყოველთვის მრუდეა - შენ უნდა მიასწორ-მოასწორო კაცმაო.. ღმერთმა ტვინი და ნერვები ყველას მისცა, აზროვნება და ნიჭი კი - მხოლოდ ადამიანს, როგორი სულელი უნდა იყო, რომ ეს არ დააფასო, როგორი უმადური”. 
ამ ამბის და იმ დროის გახსენება ყოველთვის მიყვარს, თან მძულს, მაგრამ მეტად მჭირდება ალბათ, რადგან ვიხსენებ მაინც და კიდევ იმიტომ, რომ ჩემს პირველ ნამდვილ მეგობარს მახსენებს. ზოგჯერ ისე ხდება, ბრძოლაში ჩაგთვლეს,მოდუნდები წამისად. მტერმა კი ზუსტად იცის, როდის უნდა განახორციელოს ეფექტური დარტყმა შენ წინააღმდეგ, მით უმეტეს მაშინ, როცა მტერს ვერ ხედავ, მით უმეტეს მაშინ, როცა მტერი შენში ბუდობს შენთან ერთად.
 გუგა ამ ამბიდან მალევე თბილისში წავიდა.
სულ რამოდენიმე დღით და წამალში გაიპარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი