გამაყუჩებელი


ჩემს კატას რომ შეეძლოს თავისი მომაჯადოვებელი აქცენტით ქართულად მეტყველება, ალბათ რაიმეს მირჩევდა საზრიანს და მეც ზუსტად ვიცი, დავუჯერებდი. მაგრამ ახლა დიდი მოაზროვნე ჯერ კიდევ კატის ამპულაშია და თუმც დილიდან მუცელზე მაზის და კუდს ზუსტად ისევე მხვევს კაშნივით კისერზე, როგორც ბებიაჩემი ეფემია მახვევდა ხოლმე თაფლიანი კომბოსტოს ფურცელს, მაინც ვერ მშველის მისი ალერსი და ყელი გამალებით მტკივა.
ამ ტკივილში და მცდელობებში რომ ყველა ტკივილი დავივიწყო, დღეები გადის.
სიმართლე გითხრათ, ყელს შიგნიდან ვიღაც ციცქნა სადისტი კაცუნა რომ არ მფხაჭნიდეს, უფრო ადვილად გადავაგორებდი თანდართულ მოწყენილობას. ახლა ყველაზე მეტად მაშინებს სახლში ჯდომა. სხვა თუ არაფერი, გულს გადავაყოლებდი ქალაქს, ქუჩებზე ჩემს ნარჩენ მოგონებებს ალბომივით გადავავლებდი თვალს, რამეს მივაფარებდი და ყველაფერი დამავიწყდებოდა. მერე კიდევ დიდხანს მივიჭყლ-მოვიჭყლეტდი ტვინს: რაზე ვნერვიულობდი... რაზე ვნერვიულობდი ამდენს-მეთქი.. თუმცა ამაოდ, მაინც ვეღარ გავიხსენებდი ყველაფერს იმას, რაც ახლა ასე გულს მისერს.
ტკივილებისგან თავდასაღწევად თავში დიდი უროს დახლას ბევრი წყლის სმა ვამჯობინე, ასეც რომ არ იყოს, უროც ხომ არ მომეპოვება მე უპოვარს... ჩაის ცალკე ვისხავ ბლომად; კატამ კატურად მიმითითა, ბევრი სითხე უნდა მიიღოო, მე ოფლი მასხამს ცხელ სითხეზე, ამას კი, ვგონებ, ვეღარ ხვდება. ცალი ხელით ოფლს ვიწმენდ, ცალი ხელით ჭიქას ვიყუდებ და ისევ შეუპოვრად ვსვამ და ვსვამ, თან კატის ამაყ მზერას, ჩემით მოამაყეს, ვაპარებ თვალს, შემდეგ მაინც ბებერი კაცივით ვახველებ ყოველ წუთს და ასე ისევ მწარე მოწყენილობას შემთხვევით ვურტყამ შუბლს. 
დღეს ისე , სხვათა შორის, ავხედე ვაჟას.. რაღაცნაირად, სხვანაირად მიმზერდა ზევიდან და ხელი მოვკიდე, გადავშალე და სულ რამდენიმე წუთში როგორც უწინ ისევ ისე ვუკოცნიდი გაყვითლებულ გვერდებს. გული გამითბო თვითნებურად, ასე იცის ხოლმე.. და დღეს იმდენად, რომ თავი ვერ შევიკავე - შესვენება გადავწყვიტე, რა დროსაც მოულოდნელად პერიფერიულად ვიგრძენი პაოლოს თვალები, ჩამოვხსენი და ხმამაღლა დავუყვავე თბილისს ფანჯრიდან! 
კითხვას რომ მოვრჩი, ტაში შემომესმა მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრიდან, თავი დავუკარი მოხუც გენერალს (გენერლის გამოხედვა ჰქონდა, ისე კი, ღმერთმა უწყის... მე გენერალი შევარქვი) და ის იყო სიმორცხვისაგან გაწითლებული ცხვირ-პირი სახლში უნდა შემომებრუნებინა, რომ ბორდოსფერ ფარდებს შორის ლამაზი, მომღიმარე სახე შევამჩნიე მშვენიერი ქალისა,რომელიც ჩუმად ყურს უგდებდა ჩემ მიერ წაკითხული დიდი მგოსნის სტროფებს... გენერალი ჯერ კიდევ ელოდებოდა პაოლოს, თავი დამიკრა, შემდეგ აფრის ტკაცუნითა და სულის ჟღარუნით წავიკითხე კიდევ თითო-ოროლა ლექსი და სადღაც მაგ დროს ვიგრძენი, რომ მთლად დამავიწყდა... რაღაც რომ მტკიოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი