პროაქტიური უცნობი
მხოლოდ ბუზის ხმა ისმოდა დეკანის კაბინეტის მოსაცდელში. ორი წყვილი გამოპრანჭული მშობელი, რომლებიც რბილ, მაგრამ ძველმოდურ სავარძლების სახელურებზე თითების ნერვიულად ტკაცუნს ჯერაც ვერ მორჩენილიყვნენ, თავ-თავიანთ შვილებს უსიტყვოდ, მხოლოდ თვალებით ყოველ თავიანთ ბნელ სათქმელს ნათლად გადასცემდნენ. ამ დროს გურამმა ირმას ჩასჩურჩულა. - კი მაგრამ, მაგან რა უნდა ქნას? - შეცნუბებული სახით იკითხა გურამმა. წვეტიან აზრებში გაბლანდული ირმა იმ წამს ვერ გამოერკვა, ვის გულისხმობდა გურამი, - ვინ? აა ... უფ, შენ ის იკითხე, შენ რა უნდა ქნა, თორე - თითით მიუთითა გვერდით მჯდომ მეგობარზე - ეგ რამეს იზავმს. - აბა, ჰკითხე მაინც, რას აპირებს. - და ცოტა არ იყოს , აცახცახებული თავით მიუთითა ირმას ნიკოზე, რომელიც თავჩარგული დაყრდნობოდა საკუთარ მუხლებს და იატაკს ჩაჰკირკიტებდა. ირმამ ჯერ ხმადაბლა დაუძახა, რაზეც პასუხი არ გაუცია ნიკოს, შემდეგ, ოდნავ უპწკინა მხარზე , არც ამაზე ჰქონია რეაქცია და როდესაც ირმამ ისევ გურამს გახედა ხელჩაქნეული მზერით იმის სათქმელად, რომ ჯობდა თავი დაენენბებინათ ნიკოსათვის, გურამის იმგვარი სახე შეეჯახა, რომელსაც ნათლად ეტყობოდა, საცაა ყვირილით მოიყვანდა გონზე ნიკოს. ამიტომ, ირმამ ბოლოჯერ ზომაზე მეტად უჩქმიტა ჩვენს თავჩარგულ და დამწუხრებულ მეგობარს და ნიკომაც ტკივილისაგან რომ არ დაეყვირა, ძლივს შეიკავა თავი. - რა ჯანდაბა არ გასვენებთ?! - ცეცხლმოკიდებული სახითა და დასიებული, თუმცა უცრემლო თვალებით ჰკითხა ნიკომ ირმას, თან გურამსაც შეავლო თვალი. - რა და შენზე ვნერვიულობთ, მშობლები რომ არ მოგყავს, არ გაპატიებს, ხო იცი, რა პიტალო კაცია. - მიუგო ირმამ თან ისე, თითქოს უნდოდა ეთქვა, მადლობა თქვი, ზედ რომ გიყურებთ და ყურადღებას რომ გაქცევთო . - მარტო შენ ხომ არ ხარ?! შეიძლება ჩვენც გაგვაპანღუროს დეკანმა. - რისთვის!? რატომ? ერთხელ რადგანაც გავბედეთ და კარტი ვითამაშეთ? მხოლოდ ამ მიზეზით? - როგორც ჩანს... - ჩაიბუტბუტა ირმამ. - თქვენი ხმა არ გავიგო! - დასჭექა მოგუდული ტონით გურამის დედამ და ირმას დედამ თვალები აუბრიალა ქალიშვილს, რა დროსაც დეკანის კაბინეტის კარებიც შეიხსნა, საიდანაც ჯერ ლამაზი , სლავური გარეგნობის ქალი გამოვიდა, უფრო სწორედ იქნებოდა, მეთქვა, ჯერ მისი გრძელი ფეხები გამოვიდნენ და მერე დეკანიც მოჰყვა მძაღე შესახედაობით. კმაყოფილი ღიმილითა და ხელზე მთხვევით გამოემშვიდობა მშვენიერ ქალბატონს : „ორევუარ!'' ნელ-ნელა წარბების ტრაექტორია ეცვლებოდა, რაც უფრო ვიწროვდებოდა მისი ხედვის ჰორიზონტზე ქალბატონის ლანდი. კავკასიის მთა-კლდესავით ბასრი წარბებით ნიკოს გადაატარა მზერა. დანარჩენები დეკანს თვალებში შესციცინებდნენ დამნაშავეთა თვალებით, მხოლოდ ნიკომ ვერც კი შეამჩინა ან არც კი შეიმჩნია მისი იქ ყოფნა. - სადაა, ბატონო ნიკოლოზ, თქვენი მშობელი?! - შეეკითხა დეკანმა ნიკოს. ნიკო წამოდგა, მაგრამ ყრუ-მუნჯივით იდგა ერთხანს. მას ხომ უკვე არაერთხელ ეთქვა ბ-ნი დეკანისათვის, რომ მშობლებს ვერ შეაწუხებდა. ამხელა კაცი ასეთი ვერთავგამოსაყოფი მიზეზით და ესეც რომ არ იყოს , რაიონიდან ვერ ჩამოიყვანდა მათ და კიდევ ის, რომ მას ჯერ კიდევ შერჩენოდა თავმოყვარეობა და ნამდვილად იაზრებდა თავის არაეთიკურ საქციელს, რომელიც არ შეეფერებოდა პასუხისმგებლიან და მოწადინებულ სტუდენტს , თუმცა იმასაც ხმამაღლა სძენდა, რომ მუქარა უნივერსიტეტიდან დათხოვნის ეზედმეტებოდა ამ ე.წ '' დანაშაულისათვის'' . ნიკომ მოთმინებით თავი დაუკრა დეკანს, გასასვლელი კარისაკენ ნელი ნაბიჯით გაეშურა და როგორც კი კარის ზღურბლს გადააბიჯა, იმავ წამს ჩქარი ტემპით სადგურისაკნე მოკურცხლა, რომელიც არც ისე შორს იყო. - ჯემალი ძია ! ჯემალ! - სირბილით მივარდა სადგურზე გაჩერებულ ავტობუსს; მკერდიდან საცაა გული ამოუვარდებოდა ნიკოს. - ბატონო ჯემალ! გასვლა როდის გაქვს? - რა ხდება, კაცო, ხომ არ იჩხუბე? ვინმემ რა... - გაიფხორა ჯემალი, მთელ სხეულში გაატანა დაჭიმულობამ, თან სულ აქეთ - იქით იყურებოდა, - ვინმე ხომ არ მოსდევს ნოკოსო. - ვისა ბიჭ..ჰა ე - ჰა უუ.. - არაფერი, ჯემალ, დამშვიდდი, კაცო, უბრალოდ, მინდა, რომ დეკანთან წამომყვე, ვითომ.. მამაჩემი ხარ რა.. ალბათ ერთ-ორს დამტუქსავს შენი თანდასწრებით დეკანი და ეგ იქნება. - ნიკო, ბიჯო... ოღონდ ეგ არ მითხრა კაცურში... რაც გინდა, მთხოვე.- დაპატარავდა ჯემალი, ეს ვებერთელა კაცი. - რატო, ჯემალ, ტო? - ეწყინა ნიკოს, შეეტყო კიდეც, ერთადერთი იდეა, რომლის გამართლების იმედიც ჰქონდა, თვალსა და ხელს შუა უსხლტებოდა. - რატო და მიტო. - ღიპი გადმოაგდო ჯემალმა - აბა, ამხედ-ჩამხედე ახლა!... შენისთანა ბიჭის მამასა ვგავარ ? პაპას თუ ნათლიასა ერთი?! ხელები მაზუთიანი მაქვს, ტანსაცმელი ხუნიანი (გახუნებულს გულისხმობდა) ღვიძლ.. - არა უშავს ...- ცდილობდა ნიკო პირი ებრუნებინა ავტობუსის მძღოლისათვის, მაგრამ ვერაფერს გახდა, იქვე წერტილი დაასმევინა ჯემალმა ამ საკითხს. - გამორიცხულია.- თქვა და ისევ საჭეს მიუჯდა ბუზღუნით. ნიკო უსიტყვოდ, გულგატეხილი გამობრუნდა. ზუსტად ისიც არ იცოდა, საით წასულიყო, საშინლად გრძნობდა თავს, ფიქრობდა... „გუშინწინ რა კარგად იყო ყველაფერი, რას ვიფიქრებდი, თუნდაც გუშინ, რომ დღეს ასე ცუდად ვიგრძნობდი თავს, აწმყოში.'' ამ ფიქრებში იყო ნიკო, რომ უცებ: -ძაძя! - მოესმა ზურგსუკან ნიკოს. ამ დროს ავტობუსიდან მაღალი, სუფთა და დახვეწილი სახის მქონე სიმპათიური მამაკაცი ჩამოდის, თან ნიკოსკენ იღებს გეზს აშკარად. იქნებოდა ასე სამოც წლამდე, გამხდარი, მოხდენილად ჩამომხმარი კაცი, მარჯვენა ხელში კოხტად მომზირალი მუქი ბორდოსფერი დიპლპმატი-ჩემოდანი ეჭირა, რომელიც საოცრად ლამაზად ირეკლავდა მზის სხივებს, ყელის ბოლოებში ლამაზად დახვეული დანამული თმა იტალიურ ან ესპანური სტილის ვარცხნილობას მოგაგონებდათ, დიახ, ნამდვილად დასამახსოვრებელი კაცი გახლდათ ის უცნობი. გრძელი, მსხვილი თითების მოძრაობით რაღაცას ეუბნებოდა ნიკოს, ნიკო კი ჯერ ის იყო, გული უბაგუნებდა, ამან უნდა მიშველოს მგონიო და არც უსმენდა ზემოთხსენებული კაცის საუბარს. - შეგიძლიათ დეკანთან გამომყვეთ? - შეაწყვეტინა სიტყვა ნიკომ. - წამო, კაცო. - მიუგო ხრინწიანი ხმით, თან შავი სათვალე შეისწორა, თმებზე ხელი გადაისვა. სულ რამდენიმე წუთში ისევ დეკანის კაბინეტის მოსაცდელში იჯდა ნიკო, ოღონდ ახლა სხვაგვარად, მეტად თავდაჯერებით, წამდაუწომ გადახედავდა ხოლმე თავის პოტენციურ მაშველს. „ ეს, მგონი, მამაჩემის მოყვანასაც ჯობდაო.. ''- ფიქრობდა. კაცი ბოლთასს სცემდა და თან მოსაცდელი ოთახის კედლებს ათვალიერებდა, სადაც ათასნაირი სიგელი და პოსტერი იყო გამოფენილი. მთელი ეს დრო მით უფრო იწელებოდა, რადგან მთელი ამ მოლოდინის განმავლბაში დეკანის კაბინეტიდან თავად დეკანის იმგვარი ღრიალი ისმოდა სტუდენტებისა და მათი მშობლების მიმართულებით, რომ ნიკოს სულ გაუქრა ხალისი ამ დღეზე გამარჯვებისა. - ახლა რომ შევალთ, - მიუგო კეთილმა კაცმა ნიკოს, - ეცადე, სულაც არ ილაპარაკო. მანაც უსიტყვოდ, მორჩილად დაუკრა თავი და მართლაც, უკვე მათი ვიზიტის ჯერიც დადგა. როდესაც დეკანის კარები გაიღო, იქიდან შეშინებული მშობლები და მით უფრო ნიკოსათვის დამზაფვრელი გურამის სახე შეეფეთა, რომელიც ყველა იმედს უწურავდა და სახის გამომეტყველებით გამოსჭვიოდა: „შენც შარში ხარო.’’ ნიკომ დეკანის კაბინეტის კარებზე სამჯერ დააკაკუნა. - შემოდით! - გაისმა დეკანის მჭახე ხმა. მამაკაცმა კარებიდან ხელით უკან დასწია ნიკო და თავად შეუძღვა. დეკანი წელში გაიმართა ბატონის დანახვაზე, ფეხზე წამოდგა და შერჩეული საქმიანი ღიმილითა და ნიკოს თანადამსწრეობის სიმკაცრით ხელი გაუწოდა ჩვენს ბატონს. მიუთითა, მის პირდაპირ სავარძლისკენ დამჯდარიყო. - თქვენი სახელი, ბატონო, როგორ მოგმართოთ? - მიმართა დეკანმა ნიკოს ფსევდომშობელს. - ჩემი სახელია, პავლე, ბატონო, მე ამ ვაჟბატონის - ნიკოს გახედა და ხელით თავის გვერდით სკამისაკენ მიუთითა, ნიკოც მორჩილად ჩამოჯდა - მამა გახლავართ. ნიკო ასეთმა მტკიცე, წყალგაუსვლელმა პასუხმა გააკვირვა. - თქვენ ისე ამბობთ, - დაიწყო დეკანმა, -რომ საამაყოდ ხომ არ გგონიათ, გაქვთ საქმე, ასე ხომ არ ფიქრობთ? - მე ... ჰმ.. - ნიკოს გახედა ისევ ბატონმა პავლემ, - ნუთუ რამე დააშავა ნიკომ? - ეს მან ღრმა გაკვირვებითა და იდუმალნარევი ტონით თქვა და ისევე ნიკოს უსწორებდა თვალს თვალში. ნიკომ აღარ იცოდა, თავი სად წაეღო, სიცილს ძლივს იკავებდა, ვერ ხვდებოდა, ასე როგორ შეეძლო როლში შესულიყო. - თქვემა ვაჟკაცმა ლექციაზე დასწრების ნაცვლად თავის ორ მეგობართან ერთად ჩვენს ერთ-ერთ აუდიტორიაში ბანქოს თამაში გააბა - საუბართან ერთად დეკანი უფრო და უფრო წითლდებოდა და ეტყობოდა ახლა ან ახლა აუწევს ტონს და ისეთივე ღრიალზე გადავიდოდა, როგორიც უკვე რამდენიმე წუთის წინ ჰქონდათ მოსმენილი. დეკანი განაგრძობდა: - თან ისე იყვენენ თამაშით გართულები, ჩემი მისვლაც ვერ გაიგეს. - თითით ნერვიულად მაგიდაზე დააკაკუნა დეკანმა. - როგორ.. ასე რატომ მოიქეცი, ნიკო? - საოცრად გულდაწყვეტილმა აღმოთქვა ბატონმა, - დედაშენი და მე იმისათვის ვირჯებოდით და ვირჯებით, რომ შენ ბანქო ითამაშო?! გამეცი პასუხი! - ნიკო ისევე თავჩახრილი იჯდა სკამზე, წელში მოხრილი, საცაა სიცილი წასკდებოდა. პავლე კი აგრძელებდა, მეტად და მეტად შედიოდა როლში. - მეც მაგიტომ დაგიბარეთ..- ჩაუხტა სიტყვაში დეკანი, მაგრამ სიტყვა ვერ გაუგრძელდა, რადგან არც ნიკომ მიაქცია ყურადღება და მით უფრო - არც ბატონმა პავლემ. - მთელი დღეა ბებიაშენის წამლებზე დავრბივარ. მე შენ უსაქმურად და ბანქოს მოთამაშედ არ გამიზრდიხარ! შემომხედე ერთი! - ნიკო ისევე იჯდა, მთლად გაწითლებული, თავს ვეღარ იკავებდა, კბილს მთელი ძალით აჭერდა ქვედა ტუჩს ყურადღების გადასატანად, მაგრამ, აი, საცაა წასკდებოდა სიცილი. - შემომხედე-მეთქი! შენ გელაპარაკები! შემომხედე-მეთქი, ბიჭო! - უყვიროდა პავლე დაჟინებითა და თავისი ხრინწიანი ლომისებრი ხმით. ნიკომ ტრიუმფალური ტონის შემდეგ ის იყო ჰაერი ღრმად გადაყლაპა და აწითლებული მორიდებული სახით წამოწია თავი ზევით, რომ - ტყლაშ! - ცალ ლოყაში - ტყლუშ! - მეორეში და ასე მიყოლებით მცირედი პაუზებით კარგად გვარიანად წაიტყლიშა ჩვენი ნიკო. მაშინ კი სულაც აღარ ეცინებოდა, სახის ვერცერთ კუნთს ვერ გრძნობდა, უკეთ რომ ვთქვათ, გაბუჟებოდა სახე. ნახევრად პირღია უყურებდა და გასუსული იჯდა თავის სავარძელზე დეკანი. რამდენიმე წუთში დეკანის კარები გაიღო, წინ ნიკო მოდიოდა, გაოგნებული და ლოყებ-აღაჟღაჟებული. უკან მოყვებოდა ბატონი პავლე და გულზე ხელმიკრული ბატონი დეკანი, რომელიც გამოსამშვიდობებლად ბოლო სიტყვებს ეუბნებოდა გულითადად ჩვენს ბატონ პავლეს. - თქვენ არაფერზე იდარდოთ, მე თქვენს ბიჭს ყურადღებასაც მივაქცევ და ყველაფრით გვერდში დავუდგები. ბედნიერად ყოფილიყავით! ბატონმა პავლემ თავი დაუკრა ზრდილობიანად, თავის ვაჟკაცს გადახვია ხელი და ისე გამოვიდნენ შენობიდან. როდესაც უკვე მარტონი დარჩნენ ქუჩაში, ბატონმა პავლემ ისეთი ხარხარი მორთო, იმდგავარად ნიკოც აიყოლია და ერთად იმდენი იცინეს, სანამ სილურჯე არ შეეპარა ორივეს. ცოტა რომ დამშვიდდნენ, უსიტყვოდ უცქერდა ორივე ერთმანეთს, წასვლამდე ბატონმა პავლემ ნიკოს ფურცელი გაუწოდა და თან დაურთო: - აქ ჩემი ნომერია, თუ რამეში დაგჭირდე , არასდროს მოგერიდოს, შეგვიძლია გავიმეოროთ! - ბოლოჯერღა მოავლო ის ჩამეგობრებული მზერა პავლემ და გზას გაუყვა. ერთი დღისათვის საკმარისად გალახულმა ნიკომ სულ ბოლოს ზურგიდანღა მიაძახა დღის გმირს - მადლობა! - და თვითონაც ქუჩას გაუყვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი