გალაკტიონი და ღამე


გალაკტიონი ჩემს მაგიდაზეა წამოწოლილი;
 აბოლებს პაპიროსს;
 დროდადრო ფანჯრიდან აპარებს მზერას, 
იდუმალი ხვნეშა და
 ღრმა ნაპასებს სხეულში ახშობს. 
როგორც წესი, არ მელაპარაკება;
 თუმცა, მზიან ღამეებში,
როდესაც ჩემი სიჩუმე ოთახში ჭარბობს - 
სახე გაფითრებული, 
სრულიად შეშლილი, 
და მაინც გაოგნებული 
მეტყვის: „შენ იქ უნდა ნახო ხმაური!''
 შემდეგ, იმედჩაქცეული და მაგიდაზე ჩამოღვენთილი,
 მთელი არსებით -
დაგვარად ფენიქსის -
წამოდგება და ლექსებს წერს შეშლილი.
 შემდეგ წვავს,
 ხან გლეჯს, ჩიჩქნის, ხანაც ღეჭავს... 
და მისი გული, 
რომელიც ხეთქს გარშემო მყოფთა განზრახვებს, 
აქრობს ყველა ხმას,
 გარდა  ქოშინის.
 სარკმელს დახურავს და მერე ფიქრობს...
 გაფითრებული სახის კუნთებს 
ახლა კი მხოლოდ ცრემლები ათბობს,
 აქრობს პაპიროსს,
ბოლო ბოლს აქრობს.
 მწარედ, ჩურჩულით 
და მაინც ამბობს: 
„მაღალ გორაზე დაუთოვია,
 გულს მოსვენება ვერ უპოვია! 
იმ აივანზე 
კაცი რომ მოჩანს -
 იცოდე, ჩვენი მეკუბოვეა.''

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი