19 აგვისტო, 2020.


საათის ისრები არასდროს ჩერდებიან. მთელი სამყაროს სიმძიმე აწევთ, თვითონ კი დრო ჩასახლებულები ტრიალებენ, უსასრულოდ! ყურს თუ დაუგდებ, უცხო მოწიწებით წიკწიკს იწყებენ, უსასრულოდ წიკწიკს!  
მახსოვს, ერთხელ სევდიანი ამინდი იდგა, ბებო ცუდად იყო, უსუსურად მაჯერებდა, „უამინდობის გამო არ გიშვებ  გარეთო’’. არადა, ვიცი, სულ იმას მიმეორებდა: „შენ რომ ჩემთან ხარ, სტალინიც ვერ მოგვეკარებაო.’’ შემდეგ თავის სიტყვებზე ხითხითებდა და მკერდზე იბჯენდა ლამაზად დაკოჟრიკებულ თითებს.
 იმ საღამოს ძალიან ცუდად გახდა ბებო, ბევრი მეხვეწა, რომ მასთან ვყოფილიყავი და მომეყოლა ჩემი ამბები, მთელი ღამე ჩემს ბაღელ თათიაზე ვუყვებოდი, ბებოს სადამდეც შეეძლო, უბრწყინავდა თვალები ჩემი მოსმენისგან, სანამ არ ჩაეძინა; მაშინ ჩაეძინა, როცა  ყველაზე კარგი ისტორიები მქონდა მოსაყოლი, ცუდ დროს ჩაეძინა, შემდეგ  კარგა ხანს ვიყოფდით  ბალიშს. ბებო მშვიდად სუნთქავდა და წარბებზე მიღუტუნებდა თავისი წილი ჰაერით, ჩუმად ვიღიმოდი და ცხადად მახსოვს, იმ ღამეს უკუნით სიჩუმეში  ბებოს სუნთქვის გარდა ის იდუმალი საათის წიკწიკის ხმაც ჩამესმოდა.  სანამ ჩამეძინა, მტკიცედ ტრიალებდნენ ისრები - ამაყად, სანამ ჩვენ გვეძინა.
საათმა წიკწიკი მეორე დღის თოთხმეტ საათსა და რვა წუთზე შეწყვიტა.
იმ დღის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ბებოს სახლში დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არც ბებოს  დადუმებული საათი მინახავს.
იმ დღის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და  ის სტალინთან ერთად არის ალბათ სხვა სამყაროში. იმ დღის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და  მე  დიდი საათი ვიყიდე, რომელიც ყოველ ღამით თავზე დამყურებს. ღამ-ღამობით ჩემს საათს ყველაზე დიდი ხმა აქვს, ერწყმის სიზმრებს და ერწყმის გულის ცემას, რომელიც არ ჩერდება და წიკწიკებს , უ ს ა ს რ უ ლ ო დ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი