სულის მოკლე ქრონოლოგია
მინდა ფურცელი ჩავძირო, ჩავაღრმავო , თავში ჩავაწო, შემდეგ , ამოვიღო , გავაშრო და ძეგლივით დავკიდო ყველას დასანახად, თვითონ კი სადმე კიბის ზღურბლთან ჩამოვჯდე და იმდენი სიგარეტი მოვწიო, რამდენიც მესიამოვნება, თუნდაც მომკლას,სიკვდილის შიში უთქმელობის შიშს ჰგავს და კიდევ სხვა რამეს . სიტყვებს ვერ ვაშრობ... ვღეჭავ სიტყვებს , ფურცელი მეარშიყება, არასერიოზულად აღმიქვამს თითქოს. საკუთარ თავს როგორ ვეჩხუბო ამ დროს, ის გულწრფელია; ილუზიის მისტერიულ ხაზს, ფსევდო რეალურს, ორმაგი აგენტივით მივუყვებოდი, ვითომ ვერ ვამჩნევდი წუთიერს . ხალხში დავძვრებოდი , ღმერთი დამყვებოდა მიმყოლი მამასავით. თითქოს ცდილობდა ჩემში რაღაც ახალი დაენახა , რაც სხვებში ვერ აღმოეჩინა და ამიტომ თვითონ გაეგო ჩემი . მომყვებოდა ფეხაკრებით, ხალხში ვირეოდით, მაინც მჭიდროდ ვებღაუჭებოდი ღვთის ხელს, როგორც მცირეწლოვანი ბავშვი მშობელს, მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო , მე ვარჩევდი სავალს , ის კი მორჩილად მომყვებოდა. ხალხს ვხედავდი , რომელსაც თვალებზე ძონძები ჰქონდა აფარებული. ხალხი მაბნევდა, ყარდა ყველაფერი. თითქოს ვიბნეოდი, ვოცდებოდი, თითქოს ოცი ვხდებოდი ,თვალს ვარიდებდი ხალხს, მაგრამ მეც შიგადაშიგ ღვთის გამჭვირვალე ხელის შეგრძებას ვკარგავდი. - წამოდი, წამოდი! - ვეუბნებოდი, თან გზას ვაგრძელებდი...ბევრი ხალხი იყო , უთვალავი. ყველა მათგანს ვცნობდი. უკან მიუხედავად ღმერთს ვეჩურჩულებოდი და ჩემს საიდუმლოს , ჩემს სიბრძნეს ვუმხელდი. შუქნიშანთან მივედი, ვიფიქრე: სულს მოვითქვამ-მეთქი. წამიერად , სულ წამიერად შევრჩერდი. ქალი დავინახე და გულს რაღაც საამური ცეცხლივით მოედო. უცებ ჰაერში მოფარფატე , ლამაზი ბროლის ნაჭერი შევნიშნე, რომელიც პირდაპირ ჩემს თავზე ეშვებოდა და თითქმის უნებლიედ მისი ჩამოხსნა განვიზრახე. ღმერთს ხელი გავუშვი. სულ წამიერად თვალებზე ნიღაბივით მოვირგე ლამაზი ბროლის ნაჭერი - სულ ორი წუთით. როგორი მშვენიერია! - თითქოს ხაზები გავავლე სწორად და შემდეგ თავად შევაერთე. „მოდი, ასე აჯობებს!’’ (ვთქვი ისე, ჩემთვის) ... ქალს გაეღიმა , მომიახლოვდა , გული მომფაკლა , მომეალერსა , მე ჩემი წილი ლტოლვა , შეგრძნებები გავცვალე რაღაცაში, უკვე კარგად დავიწყებულსა და გაუაზრებელში. ილუზიებს ჩავჭიდე ხელი და დროც ისე გაფართოვდა , თითქოს რეზინა გახლდათ და არა - დრო. აქამდე რაც წუთიერი იყო, საათობრივს მიემსგავსა, ხოლო საათობრივი კი მალულად, თითქოს შეპარებით უსასრულობას შეერწყა. დრო გადიოდა , ვიცოდი , მიზოზინობდა დრო , მიქროდა დრო და მხოლოდ საათის ისრის უმნიშვნელო ხმა ჩამესმოდა. იმდენად დიდი დრო გადიოდა , უკან აღარ მინდებოდა გამოხედვა. დისკომფორტს იწვევდა შეგრძნებები , აქამდე გამჭვირვალე, ახლა ხორცშესხმულად მიდგებოდა თვალწინ. ხალხი მეგებებოდა , სიამოვნებას მთავაზობდა ულევს, ვეშვებოდი , სადღაც შორს სიფარფატით შემსუბუქებული გადავეშვი. ეს მსიამოვნებდა და ის სიამოვნებაც მატულობდა და მეტად მიზიდავდა ეს „ახალი’’ მიმდინარეობა. ძველი ყოველივე შეგნება თუ გააზრება ღრმად გავჭედე ჩემი გულის ქვაკუთხედში - შვება ვიგრძენი, როდესაც მოვგუდე ჩემში, რომ ვეღარ შევეწუხებინე, თუ მაინც და მაინც დამჭირდებოდა რაიმეს აზრი, გამიჭირდებოდა და ხელს ჩავიქნევდი, თუმცა ის მაინც თავისას ბოდავდა, შემდეგ ყურში იმ ბროლის ბოლოები მოვირგე და თითქოს ყველაფერს ჩავაგდებინე ხმა. ემოციებით გაოფლილ ხელს მყარად ვუჭერდი, აგრსიუალად, რაღაცას ან ვიღაცას. ეს აგრესიაც სიამოვნებას მგვრიდა უკან მოუხედავად. ქალი წინ მიმიძღვოდა, საჯდომს მიბრიალებდა, თვალებით მეჩურჩულებოდა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ თმებს სახეზე მაფარებდა.ქალი მშვენიერი იყო , მან ეს იცოდა , მაგრამ თითქოს მორიდებულად გრძნობდა თავს ჩემთან. მე ვანუგეშებდი, უფლებებს ვაძლევდი, სიამოვნებას ვასწავლიდი. გვერდით მომყვებოდა ხალხი, უწინ რომ არ ვიმჩნევდი: ლამაზი თვალებით, მწკლარტე გამოხედვით, ბოროტი აზრებით, მომნუსხველი სიტყვებით, მიმეგობრდებოდნენ , მეტმასნებოდნენ , თითქოს,თვითონაც ვერ ხვდებოდნენ ამას , ერთდროულად ყველა მეჩურჩულებოდა რაღაცას , ზოგი გამოჩნდებოდა, სიტყავს დატოვებდა , შემდეგ ქებოდა და ისევე თავს იჩენდა მოგვიანებით მომკველად. ზოგი უბრალოდ მესიყვარულებოდა და ზიზღს თესავდა , ზოგსაც მაგრად ვეკიდე , წინ მისწრებდა , სხვას მიჰყვებოდა. ქალი ყოველთვის დუმდა ...ის თავისთავად მისეირნობდა , ჩემს ჩრდილს მიჰყვებოდა და იცოდა, მივყვებოდი . უკან აღარ იხედებოდა და საკუთარი ეშხით ცდილობდა ჩემში სიამაყე მეტად გაეღვივებინა,რადგან თავადაც ეს ასულდგმულებდა. დაკლაკნილ ხაზებს მეც ალაგ-ალაგ მივუყვებოდი , ხან ასკინკილით, არა ბავშვივით, გაბრუებული ლოთივით, დრო იმდენად დიდი გახლდათ , მოულოდნელად , სადღაც ,სადღაც , არვიცი... მომწყინდა ,თითქოს ჩემი ღვენთი ვიგრძენი, ამან გამაჩერა; ქალმა ელფერი დაკარგა თითქოს, ძველი მოგონებების ანარეკლი შემრჩა მისი და მალევე გავუშვი - მან გზას გადაუხვია. მას კი რამდენიმე ათეული ქალი მიჰყვა, დავფიქრდი... ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. გზის გაგრძელება აღარ მომინდა. შემდეგ გადავწყვიტე ხალხისთვის დამეთმო გზა - გვერდი ამიარა ხალხმაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოდნავ შვებაც ვიგრძენი. მარტო დავრჩი, მაგრამ გახრწნილი სხეულის სიმყრალე , საზიზღარი და შემაძრწუნებელი, აუტანელი სიმყრალე დარიშხანივით ნესტოებზე ჩამომებღაუჭა თითქოს . ხალხის მწარე საუბარი მომესმა, ყურს ვერ ვუგდებდი ვერასდროს , სიმყრალე გონებას მიბინდავდა, სიმყრალემ რაღაც სხვა გამახსენა... რაღაც სხვა , სამშობლო? -ჰაჰაჰაჰაჰაჰა - არა, მშობელი? რაღაც... დავკაგე, უეჭველად ვიცოდი, მაგრამ რა? სიმყრალეში ვიდექი გაშეშებული. დრო გაჩერდა; ხალხი, ხალიჩასავით უსიცოცხლო, ყველა მხრიდან შევათვალიერე და საკუთარი თავის დაკვირვების სურვილი გამიჩნდა. ადამიანებს მაშინღა შევავლე თვალი, ყველა მათგანს , რაღაც არაამქვეყნიური ნათელი დაჰყვებოდა , ის ნათელი ყველგან ერთნაირად თვლისმომჭრელი მეჩვენებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდი , უკან შემოვტრიალდი და ვებერთელა სარკე დავინახე: მასში კი ხნიერ კაცს, თვალებდასიებულს, ცხვირგატეხილს, ენა ჩავარდნილსა და ბეჩავს ვხედავდი , რომელიც სიამით იცინოდა, საცოდავი შესახედაობის თვალებით შველას მთხოვდა. ყრუდ ღაღადებდა რაღაცას და მხოლოდ პირის მოძრაობით გავარჩიე სიტყვა: „ვყარვარ! ‘’. ავტირდი და იქვე ჩამოვჯექი , ტალახში ჩავჯექი. - მწვანე აინთო ! - ხმა მომესმა უცებ წინიდან . - შემოტრიალებულმა ღმერთი დავინახე, ხელი გამომიწოდა და არ დააყოვნა. თავად ჩამჭიდა იმდენად მყარად, რომ მასში შეერთების სურვილი გამიჩინა. ის იღიმოდა წმინდა ღიმილით , იმედით უბრწყინავდა თვალები და მე, სბეჩავი და ხნიერი , დაჩაჩანაკებული ხელში ამიტაცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი