ღრუბლების გენერატორი
მე, როგორც წესი, ადრე ვიღვიძებ, ბავშვობიდან მოყოლებული, ასე ვიყავი. იმ დღეს კი უჩვეულოდ გვიან გამეღვიძა. ბალიშიდან სწრაფად ამოვყავი თავი და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ, პაპისტოლა საათს ავხედე, ორი ხდებოდა უკვე , ალბათ ამან გამიფუჭა გუნება , ზუსტად არ ვიცი, თუმცა მაგას კიდევ ისიც დაემატაცა, ცა ნისლიანი რომ დამხვდა და ამინდმაც იმედი გამიცრუა. იმ ხანებში იყო, რომ აზრებს ვუკვირდებოდი უკვე , რაღაც ლექციებზე მივყვებოდი ხოლმე ნანუკას - პოზიტიური აზროვნების კურსი თუ რაღაც ოხრობა იყო... ხოდა, წამოვხტი თუ არა, გუნების ჩემებურად გამოკეთებას შევუდექი: „რა გინდა, ძმობილო, მყუდრო ამინდია, იჯექი სახლში დღეს, წიგნი გადაშალე , ბიჭებს დაურეკე, რამე-რუმე. ‘’ ტვინს ვიჭყლეტდი, რითი დამეკერა თავი, რომ ხასიათი არ შემებღალა აქედანვე, თორემ საკუთარ თავს უხასიათოს რა აიტანდა მთელ დღეს?! თან პირზე წყალს ვისხამდი , ვცდილობდი, რამე კარგი გამეხსენებინა, მაგრამ უშედეგოდ, აზრები ისედაც ქაოსურად მოძრაობდნენ თავში და არცერთი არ იყო მათ შორის გამორჩეულად საღი: „ოღონდ პლანი აღარ მოწიო რა... გადებილებს. ზიხარ, ჭამ ღორივით, გემოს ვერ გრძნობ, სვამ წვენებს და პარაოზივით ეწევი სიგარეტს ღერი-ღერზე, „ათხადნიაკში’’ ცუდ ხასიათს გიჭერს, საერთოდაც, ახლა ალბათ ამიტომ გიჭირს ხასიათზე მოსვლა, რომ კვირები გადააბი წევას, მაგას ნორმალურ ქვეყნებში ღვინოსავით ცოტ-ცოტას და იშვიათად მიირთმევენ . ‘’ მერე ჩემს თავზე გამეცინა , ჭკუას რომ ვარიგებდი საკუთარ თავს და გადავწყვიტე, რაც იქნებოდა, იქნებოდა, მაგის დედაც... - ლუდა! - დედაჩემს გავძახე . პასუხი არავინ გამცა. „სამსახურში იქნება, ‘’ - ვფიქრობდი, მაგრამ მაინც გადავამოწმე - სასტუმრო ოთახში გავედი. მაგიდაზე ნახევრად დაცლილი ფინჯანი ყავა იდო, ისიც გაყინული , აივნის კარი ბოლომდე გახსნილი დაეტოვებინა და ერთი ლუკმა წაკბეჩილი კრუასანი - ფერდაკარგული და გამხმარი. ყავის გაკეთება დამეზარა. მივჯექი იქვე დივანზე . ცოტა შემაცია. ტრუსების ამარა ვიყავი, ლუდას ვარდისფერი ხალათი მოვიცვი და აივნის კარები ჩავკეტე პატარა ურდულით. კოჭები მაინც აფსაიტში დამრჩა. მერე მაგიდასთან მივაჩოჩე დივანი, რაც შემეძლო, ჩავკბიჩე ერთი ჩაკბეჩა კრუასანი და ყავა დავაყოლე ბოლომდე. ის იყო სიგარეტს გავუკიდე , ჩემი საძინებლიდან ტელეფონის ხმა მომესმა და მეც გავვარდი იქითკენ. ღვაბერა რეკავდა. - ნიკუშ, სახლში ხარ? - მკითხა ირაკლიმ აქოშინებული ხმით. ეტყობოდა, გარეთ იყო, მანქანების როხროხი ისმოდა. - ხო, სახლში ვარ. - გძინავს, ბიჭო? - ნიშნისმომგებად იკითხა თითქოს, - დაიცა, დაიცა, ორ წამში ამოვალ. დამიკიდა ყურმილი. ღვაბერა ძმაკაცია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ძმაკაცი კი არა, ძმაა რა, ზოგს ღვიძლი არ მოეპოვება მასეთი. ცოტა ფეთიანი პიროვნება კი გახლავთ , ეს ნამდვილად , მაგრამ გული აქვს ოქროსი. ხო , ცოტა ურევს ხანდახან, ეგ არაფერი, მაგრად ვუყვარვარ მე , მეც მაგრად მიყვარს, მაგრამ მაგას საერთოდ სხვა გული აქვს - მე კიდე სხვა. ერთხელ ვასმოიში მწეწავდნენ იქაური ძველები, ოთხი კაცი თავზე მედგა, აქედან ორს ცხვირი ჰქონდა გატეხილი, მესამეს ყურები ჰქონდა ჩატეხილი და ისედაც ეტყობოდა, მაგარი მოჭიდავე იქნებოდა წინა ცხოვრებაში , მეოთხე კიდე - გამხდარი , ძალიან ყვითელი შეფერილობის მოკუნტული ბიჭი იყო, ასე, ოცდახუთამდე იქნებოდა მაქსიმუმ, მეკაჩავებოდა თავის ჭკუაში. შარს მიდებდნენ, რა...არიფი ვეგონე. მე ისეთი ტიპი ვარ, თავს სულ ვაკონტროლებ , მაგრამ არ გავილახები, შანსი არაა, სიტყვით ვასრულებ. „შენ ლიჩნად ჩვენი ინტელიგენტი გვყავხარო,’’- ლუკიჩა იტყვის ხოლმე, დადეშქელიანი. ხოდა, ის კიდე, ღვაბერა , საიდან ჩამოხტა, მე რა ვიცი, იმ შუა ვასმოიში - ციდან თუ მიწიდან ამოძვრა , დღემდე არ უთქვამს, თემა უკვე მოყომარებული მქონდა თითქმის , მოულოდნელად კი ეს არ გამიჩნდა? ჯერ ჩემ პირდაპირ მდგომს (მაინც და მაინც იმ ოთხიდან ყველაზე გამხდარს , აი, იმ ზემოთხსენებულ კაჩავიკს) უკნიდან გადასცხო ყაზბეგის მინის ბოთლი , სულ ზედ გადაამსხვრია თავისი ლუდიანად, თან ბოლო ხმაზე დაიწყო გინება, ერთხელ აქვს ნათქვამი: „იმიტომ ვიგინები, რომ დავაბნიო საპერნიკიო.’’ მეც დრო ვიხელთე და ვთხლიშე მოჭიდავეს, რაც არის - არის-მეთქი, - ვიფიქრე, ასეც-ისეც გავილახებოდით, გული მიგრძნობდა , მესამემ დანის დასარტყმელად მომიღერა ის იყო, ამან კიდე უცებ იმხელა დანას დუნდულები არ შეუშვირა ... გიჟია, რა , გეუბენებით! მხოლოდ ჯერ არავის გამოუჭერია ოფიციალურად , თორე უეჭველად გამოკეტავდნენ ასათიანში. სისხლით მარჯვენა ფეხი რომ გაუთბა, „ჯერ მესიამოვნაო,’’ - მაგრამ რომ გაიაზრა, რა ხდებოდა, იმხელა ყვირილი მორთო, ვინ სად გარბოდა, აღარ იცოდნენ. ჩვენ ადგილზე დავრჩით, როგორც მაგრები, მერე ისევ ჩემი სათრევი გახდა. ვასმოიში მაგ დროს ვინ მოგაქცევდა ყურადღებას. სულ ცალფეხზე არ ვეკიდეთ... ისე კი, ჩვენში დარჩეს და ჩემს ადგილას ყველას ისევე გადაეფარებოდა, - ვფიქრობ, - როგორც მაშინ მე გადამეფარა, ოღონდ ალბათ სხვა დროს უფრო გონივურლად მოიქცეოდა, თვითონ კი არ აღიარებს, რომ სხვის გამო იზამდა ასეთ რამეს. ეგ კი არა, მაგ ამბავზე საუბარიც ამიკრძალა, მიზეზად კი ასე მომიგო: „ტეხავს, ბიჭო, ტრაკში დამჭრესო!’’ სანამ ღვაბერა ამოვიდოდა, ჩემს ოთახში გავტანტალდი და გავიძრე ხალათი, იქვე მივაგდე, მერე შარვალი ამოვიცვი , ტრუსები შარვალში დაიმალა , ალბათ კიდევ დავიკელი. კარებზე აკაკუნებდა, ღვაბერა იყო. გავაღე თუ არა კარები, უმალვე შემოვარდა , თითქოს ვიღაც მოსდევდა. - კიდევ არ ჩაგიცვამს, ბიჭო? გაზარმაცდი, რა... - მისაყვედურა, თან სწრაფად გადამკოცნა და გახუნებული მოყვითალო პიჯაკი შემომაჩეჩა ხელში.- ეს იქ ჩამოკიდე. სიგარეტი გაქ? - მკითხა და სასტუმრო ოთახისაკენ წავიდა. კარები მივხურე. - მანდ დევს მაგიდაზე. - ჯერ კიდევ უხასიათოდ ვიყავი, პიჯაკი გადავკიდე იქვე ჩემი დის გაკეთებულ ჯუჯა კაცუნას სკულპტურაზე და მეც მისაკენ წავედი. - არა, მეცა მაქვს, პროსტა, ორი-სამი ღერიღა. - გამომხედა, შემდეგ ეშმაკურად გაიღიმა, სავარძელში ჩასკუპდა,- ჰა მოგიყვანო ხასიათზე, თუ იქნები ეგრე? - ცბიერად მკითხა და თან საჯდომი წამოწია სავარძლიდან, უკანა ჯიბიდან რაღაც მონაცრისფრო პატარა ფურცელი ამოაძვრინა. - რა არის ეგ? - ვკითხე უხალისოდ. ვიცოდი, რაც იყო. - ტერეზას დეიდაშვილს მოვუწყვიტე ჩუმად, პლანია, ოღონდ გასაშრობი. - თან ფურცელი გადაშალა და ხელით დაუწყო ზელვა. - მე არ მინდა.- ვუთხარი სწრაფად, რომ არ გადამეფიქრა. ღვაბერამ ხელი გააჩერა ცალი ხელით კი ფურცელი მოკუჭა, რომ არ გადმოყრილიყო. თვალებში ჩამხედა. - ეეე.. ნიკუშ , მარტო მაწევინებ, ტო? - საწყლად შემომღაღადა, - მე, პირიქით, რითი ვასიამოვნო კაცი-მეთქი, შენ კიდე... ოო.. - დაიწყო. - არ მინდა რა, სარბენი მაქვს, ძმაო, შემეშვი . - თვალი ავარიდე, აივნისაკენ გავიხედე. - კარგი, როგორც გინდა, მერე, რომ მთხოვ , აღარც მექნება. პატარა ბავშვივით გამოუვიდა ეს ბოლო წინადადება და ისევ ფურცელში წაყო ლამაზი პიანისტის თითები . მერე ისევ გამომხედა. - რამეში გამაშრობინე რა ოღონდ. - მის ამოსვლამდე ვიცოდი, რომ ტვინს გაბურღავდა. უცებ ტელეფონმა დაურეკა. - ხოო, ჰიტლეროვიჩ! - მთელი გრანდიოზულობით შეჰყვირა, - შენ რავა ხარ, სიმონ? .. მეც არა მიშავს... ხო.. ხო, მითხარი, აბა, როგორ არ მცალია შენთვის ... აა... არაა, ხო იცი , მე და ეგ შორი-შორსა ვართ ... ჩემებს არა უშავთ.... კაი, ძმაო, აბა ჰე.. ჩამიკოცნე ია - სამჯერ, ჰა, ჰა, ჰა ... აბა ჰე. - დაკიდა თუ არა ყურმილი, გამომხედა , სახე დაასერიოზულა უცებ : - ეს გიჟია, ტო. - ვინ იყო? - გამეცინა „ჰიტლეროვიჩზე’’ . - ეს იცი, ვისი შვილია? გახსოვს , დარაჯი რომ გვყავდა, ვახოს რომ მეძახდა ხოლმე, ლიზა ვახანიას პონტში, რა ერქვა მამამისს, დამავიწყდა- ვერ მივხვდი და შემატყო, - ე ბიჭო, მერე რო ცოლი და ცოლის ძმები ნაჯახით რო აკუწ... - მაგის შვილია? - გაკვირვებულმა , თითქმის პირღიამ ვკითხე. - ხოო! ჰა ჰა ჰა! -გულიანად გაიცინა, - ახლა მოსაწევზე დამირეკა, მაგას მგონი რამსები ეშლება რაღაც ამ ბოლო დროს, ვისთან რაზე რეკავს ეგ შობელძაღლი, ეგა. - მერე შე ერთუჯრედიანო, შე ,ბიჭო, ჰიტლეროვიჩს არ გიტყდება, რო ეძახი? - მარტო მე კი არა, ყველა მასე ეძახის. სახელიც არ მახსოვს თან, - თავი გაიმართლა მიამიტად. - ტეხავს, ბიჭო, ვააახ... შენ მართლა გამოგადებილა მაგან, რა! - მოსაწევზე მივუთითე თითით. - ეს მე მამშვიდებს, ძმაო! - დამიმარცვლასავით , მერე ასევე განაგრძო, - მაწყნარებს და მასულდგმულებს . ვაა! რა გამიტრაკეთ მართლა საქმე ყველამ! - გაბრაზდა წამიერად და მერე უცებ კბილები გამოაჩინა , - თორე ხო იცი, რა გიჟიც ვარ, არა.. - ისევ ეშმაკურად გამიღიმა. მარცხენა თვალი მარვჯენის საპირისპიროდ გაექცა ბოლო სიტყვებზე. ასე იშვიათად მოსდის. - ბიჭო, - დავიწყე მე, - ისე ეგ სროკზეა ხო ისევ? - ვინ ? მამასიმისი? ყელი გამოჭრეს სროკზე.. აბა, რა ეგონა...დავიკიდოთ რა ეგ, კაცურად. რაღაცნაირი დუმილი ჩამოვარდა უცებ, ორივე ჩავფიქრდით. მართლა ვერ იყო მთლად ჭკუაზე ღვაბერა. ცოტა ურევდა. შეიძლება, ღვაბერასნაირი ტიპებისათვის, რომლებიც მილიარდში ერთია, მართლაც წამალიც კი იყო მოსაწევი ან, პირიქით, რას გაიგებდა კაცი. მე კი ვიცი უკვე, ყელში მქონდა ამოსული კაიფი. - დალევ კოფეს? - ვკითხე მე. - არაა. ანდა, რატომაც არა, ჩამაასხი . - კახურად გამეღადავა, გამიღმა და ისევ ფურცელი გადაშალა . მე სამზარეულოში გავედი . - ბიჭო! - მომაძახა ისევ, - რამე პატარა ზომის ქვაბი გამიძრე რა ან ტაფა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომ გავაშროთ, რა. პასუხი აღარ გამიცია. -ნიკუშ! - კიდევ დამიძახა. -მაცადე, რამეს გინახავ. რაღაც უგემოვნო მუსიკა ჩართო თავის მობილურში. გემოვნების ყველა ასპექტში იჭრებოდა ირაკლი. - საფერფლე გამომიყოლე რა, კაცურად! - უკან გიდევს! - სამზარეულლოდან გავძახე. - რაა?! ყავა გაზზე დავდგი. - უკან გიდევს-მეთქი! - ხო, კაი.. რას მიყვირი.. ისევ ტელეფონმა დაურეკა. მე ყავას დავყურებდი, რომ არ გადმოსულიყო. ყავით რომ შემოვედი, აივანზე იყო გასული, სიგარეტს აბოლებდა. ისევ ხალათი მოვიცვი. - ნიკუშ, წავიდეთ დადეშქელიანთან? ღვინო ჩავურტყათო. - უთხარი, რომ ჩემთან ვართ? დაეჭვებულმა გამომხედა. - არ უნდა მეთქვა ? - მკითხა და ტუჩზე იკბინა. - ნუ მასხარაობ, აქეთ გამოიყვანე, ეგ ვიგულისხმე. - ვერაო... - რატომ „ვერაოო“ ვითომ. - მეზარებაო, რა, ხო იცი, რა ტიპიცაა, სახლიდან ცხვირს ვერ გამოაყოფინებ, მაგას მარტო ქალი, მოსაწევი და გართობა უხსენე, მაგ მხრივ ყველგან წამოვა , მარა, როცა დალევას გთავაზობს, თან თავისი საფერავით, შანსი ნულს უტოლდება, ჩემო ძვირფასო მეგობარო... -საფერავი მეტად გამოკვეთილად და ხაზგასმით შემომაპარა. - ნუ ატრაკებ, რა. - თავი ვერ შევიკავე, მაინც გამეცინა , იმასაც გაეცინა, - საფერავი მაქო? - ვკითხე ისევ. საფერავი მაგრად მიყვარს, ორი-სამი ჭიქა დამალევინე და გატოვი ვარ, როგორც პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, მეტი არც მინდა, მაგრამ სვანთან მეტი არცაა რეკომენდებული , ის უარესი გიჟია , ამას კიდე არა უშავს. - მაქვსო, აბა, არა მაქვსო? ჰა, წავიდეთ, თუ მოვწიო? - ლეკვის თვალებით გამომხედა ღვაბერამ აივნიდან . პირში ჰქონდა სიგარეტი გაჩხერილი და ისევ ხელში ათამაშებდა მოსაწევს. -კაი, მაცადე, ჩავიცვამ ტანსაცმელს. - ოთახში გავედი, საფერფლეში მიაგდო სიგარეტი და გამომეკიდა ისიც. - აუ, ნიკუშ, ნახე რა, შარვლით დავდივარ, ძმობილო! - მითხრა და მინიმუმ თავისზე ორი ზომით დიდ შავ ჯინსზე მიმითითა. - ძმურად , რამე მათხოვე რა. - ეგ ხო ვასკას გამოართვი? - გამომცდელი ტონით შევეკითხე. - მაჩუქა. შენნაირი ჟმოტი კი არაა ის . - სულ მაგის გინებაში ხარ, შე ჩემა, ახლა გავხდი მე ჟმოტი? კურტკას გაჩუქებ , ეგ ნაგავში გადავაგდოთ, ოღონდ ვერ ხედავ, გახუნდა. - ჰაჰ... მაგას გაწყენინებ? ერთის თხოვება მეორეს ჩუქებას არც უშლის ხო, არა? -ისევ იეშმაკურა ღიმილით. -კაი, მოდი, შე უბედურო. - ეეე.. ეგრე არ მინდა, ძმაო, მე თვითონ ავარჩევ. - შევარდა ოთახში და პირდაპირ დაადო ხელი ლურჯ ჯინს, რომლის ადგილმდებარეობა სანტიმეტრების სიზუსტით უწყოდა. სახლიდან რომ გამოვედით, იმწამსვე წვიმა წამოვიდა. სანამ ღვაბერას მონჯღრეულ გოლფამდე მივედით ,რომელსაც ცალი კარი წითელი ჰქონდა, მთლიანობაში კი შავი იყო, მანამდე ერთი კარგად დავსველდით. - იმიტომ მეზიზღება რა, შენი უბანი, უბედური ადგილია. ან წვიმს და თოვს და თუ არადა, ქარი უეჭველია. - ჩაილაპარაკა დაქოქვისას და სველ, ნახევრად გამელოტებულ თავზე ხელი გადაისვა. მე ღვედი გავიკეთე, გამომხედა და დამცინავად ამითამაშა ტუჩის კიდეები. შუა გზაში ვიყავით , დადეშქელიანი ლუკა შუა პეკინზე ცხოვრობდა, გზაში ერთ-ერთ სვეტაფორთან შევჩერდით. უცებ ღვაბერას ვუყურებ და იმან კიდე თვალები ფართოდ დააჭყიტა, ეგრევე მივხვდი, რაც მოხდა. - ნიკუშ, კაცურად, გადმოჯექი უცებ... - მეუბნება, თან სადღაც შორს რაღაცას თვალს არ აცილებს. - აუ! აუ! ახლა არ გინდა , კაცურად. - მკაცრი მუდარით ვეუბნებოდი. - ეე გადმოჯექი, რა - მანქანიდან გადახტა უცებ, კარები ღია დატოვა და გზაჯვარედინი პირდაპირ სწორხაზოვნად ხელების ქნევით გადააჭრა . ასე ერთი მეასედ აკეთებდა. სხვა რა გზა მქონდა , საჭეს მივუჯექი და მწვანეც აინთო, სანამ სიჩქარეში ჩავაგდე და კარი მოვიხურე , მანამდე ერთი კარგად გამომლანძღეს სიგნალებით უკნიდან, მე იქვე მარჯვენა მხარეს მივაყენე და ჩავაქრე ძრავი, ღვაბერას გავხედე. ახალ ჯინსებარტყმული და ზევიდან ორიგინალი დოლჩე გაბანის ქურთუკით, რომელიც საკმაოდ დიდი ჰქონდა, წელში ზედმიწევნით გაიშალა და ვიღაც წითელკაბიან გოგოსთან მივიდა, რომელიც მისგან ზურგით იდგა ავტობუსის გაჩერებასთან. ან სად ხედავს ხოლმე, ან რა კრიტერიუმით მოსწონს ქალები... ღმერთმა უწყის, იმ გოგოს კი ვერავინ ვერაფერს დაუწუნებდა, გრძელი სწორი , შველივით ფეხები იმ ყინვაში სუმთლად გატიტვლებული ჰქონდა, მუხლებამდე ჩამოსდიოდა კაბა, ზემოდან კი ეგეც წითელი მოხდენილი დუტი ეცვა. თავზე - შავ წერტილებიანი კოხტა ბერეტი, რომლიდანაც ღია ქერა კულულები უძვრებოდა. ხელები ზურგს უკან ჰქონდა წაღებული ირაკლის მისვლისას , უცებ მარჯვენა ხელით მარვჯენა მხარზე ნაზად ჩამოუსვა გოგონას გრძელი ხმელი თითები, მარცხენა მხრიდან კი სწრაფად ჩამოუდგა წინ. სანამ გოგონა მოტყუვდა და იქითკენ გაიხედა, შემოტრიალებულს პირისპირ დახვდა ჩვენი მომღიმარი ღვაბერა. „ორიგინალურობა ჩემი სავიზიტო ბარათია,’’ - გამახსენდა ირაკლის სიტყვები, რომლებსაც ხშირად გვიმეორებდა ბიჭებს. ასე წუთ-ნახევარი გაუჩერებლად უღიმოდა , თვალებში შესციცინებდა გულწრფელი ხიბლით, თან რაღაც სისულელებს ელაპარაკებოდა, ხო ვიცი ... გოგოებთან იბნევა და წაუჩლიფინებს ხოლმე. გოგოს ეტყობოდა , ვერადავერ მოეცილებინა ჩვენი მეგობარი და ნელ-ნელა შორდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. ესეც მიყვებოდა სრული სიზუსტით , ერთი და იმავე დისტანციას იჭერდა და ჩემდა საოცრად საკვირველად, რაღაც მომენტში ღვაბერამ ფარ-ხმალი დაყარა თითქოს, უკან გამობრუნდა. როცა მანქანის კარები გამოხსნა, მეც დავიწყე. - რაო, არაო? -დავცინე, მაგრამ შევატყე, წარბები შეეკრა და აღარ ავუყოლე, შემეცოდა. - მაგრად დავევასე.- ისევ იქითკენ იყურებოდა, თან ხელს ხელზე იხახუნებდა ნერვიულად , ეტყობოდა, გულდაწყვეტილი იყო , მაგრამ ღვაბერა იმის კაცი არაა, გული გაეტეხა.- ნახე! ნახე , ბიჭო ვიღაც ტიპი მივიდა, ეე ... სვიტინიორი ხომ არაა ეს ჩემისა, ტო. - რაებს ამბობ, ბიჭო, რა სვიტინიორი, აქ რა უნდა მასეთებს?! მართლაც მიუახლოვდა გოგონას ვიღაც მაღალი, ფართომხრებიანი კაცი, გრძელი, ძველებური პალტო ეცვა შავი შალის, გოგონამ ხელი ჩვენკენ გამოიშვირა , არ დამინახავს. - არა , ბოზი ნაღდად იქნებოდა ეგა, მაგათ ეგრევე ვცნობ, ნახე, ბიჭო! - ემოციებში იყო ისევ- ისე.. ხო გითხარი, მაგრად დავევასე-მეთქი. - რა დაევასე, შე ცინგლიანო, შეყვარებული ჰყავს, ვერ ხედავ? - პატარა ბავშვებს რომ ესიყვარულებიან, ისე ველაპრაკებოდი უკვე. - ეეე ... თუ რამე იცოდე ქალების.. შეყვარებულთან ხომ არ დამეკერინებოდა , ჭკვიანი გოგო ჩანს. - მერე უცებ უჩვეულოდ მითხრა, - კაი, წავედით , წავედით, მიქოქე , მიდი. - გადმოჯექი, მოდი! - კარი გავაღე მაქნანიდან გადმოსასვლელად, ცალი ფეხი გადაყოფილი მქონდა უკვე, უცებ ხელი მომკიდა ღვაბერამ მუხლზე . - მოხურე კარები და დავაი, დააწექი-მეთქი! - სიცილით მეუბნება, - მოდის ის ჩემისა! . -და თავი ვეღარ შეიკავა ხარხარი დაიწყო. თავიდანვერ მივხვდი, ვინ მოდიოდა ან რას ამბობდა საერთოდ , დადეშქელიანზე წავედი აზრობრივად და ამ წამიერ გამორვკევაში ვიყავი , როცა უცებ ვიღაც ტიპმა ნახევრად კარებგახსნილზე ხელი ჩამკიდა ქეჩოში უსიტყვოდ. ვერც შევათვალიერე , მანქანიდან ისე ღონივრულად გადმომაგდო, აზრე სანამ მოვედი, ცხვირში კაი წიხლი მითავაზა. ჩექმები ეცვა. ნაპეწკლები ვყარე, მხოლოდ გინება ჩამესმოდა ღვაბერასი , მერე ძლივს გამოვიხედე, ამღვრეული მქონდა ხედვა , ცხივრში ჩექმამ ესე იცის. გამოვიხედე, ძლივსღა და ვხედავ, ღვაბერა ჰყავს ახლა წაგდებული იმ გოლიათს... მაგრად გავმწარდი, თავში სულ სირენები მქონდა ჩართული, ის პატარა ჩათლაშკაც იქვე გვედგა, „ ეს იყო, ესო, ‘’- ღვაბერაზე მიანიშნებდა. ისიც გამეტებით უბარტყუნებდა , მაგრამ მაინც არ იმეტებდა - ეტყობოდა, ეცოდებოდა. - ეე, იუზგარ! - წამოვდექი და მივუბრუნდი, რაღაცნაირად სითამამე მომაწვა უცებ, - დავაი, ახლა მოძუძგე აქედან, შენი დედა... ღვაბერა, გიჟი, იცინოდა. - ეგრე უფრო შევუყვარდები, შე *ლეო შენა, ნუღა მირტყამ, შენი დედა***! - თან სიცილით სულს ვერ ითქვამდა. - ნიკუშ! ბიჭო , რას დგახარ , მოდი, გაათრიე ესა, თორე მომკლა, შე ჩემა. გოგოს გაეცინა. -აქეთ მოტრიალდი, ეე, ბატიბუტ! - მივუახლოვდი და მუშტი გავამზადე ჩემი ჭკუით. ჩემი ხმა ახლაღა გაიგონა და ალბათ იფიქრა, ამას ეყოფაო, ღვაბერაზე, მე მომიტრიალდა ორმეტრიანი ვირთაგვა ისა, „რა მითხარიო?’’- მეუბნებოდა და თან მიახლოვდებოდა ისიც, გულში ვფიქრობდი: „ახლა ყბაში ეგრევე და ნოკაუტში მიაძინე, დავაი, შებერე-მეთქი!“ - საკუთარ თავს ვამხნევებდი . უკან ღვაბერა, ძირს დაგდებული, გოგონასაკენ მიბრუნებული, ისევ ენას ვერ აჩერებდა : - ძვირფასო, ეს ბუგორი გირჩევნია დავიჯერო, ჩემს თავს? - თან პირიდან სისხლი მოსდიოდა, თან სათნო ღიმილს აქსოდა ამ სისხლში.- ახლა მოგწონს... შენ მერე ნახე , ეს ისეთი ჩანს, შენნაირ ანგელოზსაც გაიმეტებს , ამის დედაც! - და უცებ წამოხტა ღვაბერა, რაღაც გადაუტრიალდა თავში, თვალი იმ დღეს უკვე მეორედ აუთამაშდა და შარვალი ნახევრად ჩასძვროდა , ზურგიდან არ დაარტყამდა , შანსი ნული იყო, ორი - ერთზე. იმ გოლიათს მანამდე მე ხელი კი გავარტყი ,სანამ ღვაბერა მოვიდა , მაგრამ მოსალოდნელი ნოკაუტი არ გამომივიდა, ჩემდა საკვირველად, ცოტა წაბორძიკდა კიდეც , ის იყო ღვაბერამ შემოატრიალა ოდნავ , სადამდეც დასძლია , მაგრამ ისეთი მლეწა გამოსროლილი ხელით, ისე გავითიშე, ისე წავიქეცი, ვერც მივხვდი, არაფერი მახსოვს. ერთი-ორი სიტყვა კი გავიგე, რაღაც ამდაგვარი - „ ეეე!’’ ‘’ნიკუშაზე ხელი როგორღა აწიე, შე არასწორო!’’ ვაახ!’’ „ფუ , რა ფარჩაკი შეყვარებული გყოლია, ტო.?.’’ ჰა ჰა ‘’ მერე კი, მერე, საბოლოოდ გავითიშე. პირველად იყო თავის ტკივილი , საშინელი, სიტყვებით აუხსნელი, მინდოდა, ისევ გავთიშულიყავი, იმწამსვე, თუმცა , ვეღარ. ქუთუთეობი ვერ დავძარი თავიდანვე, ტელეფონის ზარის ხმა მესმოდა მხოლოდ. თავიდან ვიფიქრე, საწოლში ვიწექი, ყველაფერი თავის ტკივილმა გამახსენა, მერე ფეხის თითებით მანქანის ფანჯრის ამწევ-ჩამწევი რომ მოვსინჯე, მივხვდი, მანქანაში რომ ვიყავი. თვალი ძლივსღა გავახილე, კანა სავარძელზე ვიყავი მისვენებული. ფეხსაცმელი გახდილი მქონდა და ზედ კი ღვაბერას გახუნებული ყვითელი პიჯაკი მეფარა და რაღაც ძაღლის სუნიანი ძონძები. უცებ ტელეფონის ზარის ხმა ღვაბერას ხმამ ჩაანაცვა. -ხო, შე ჩემა.- მობილურზე ლაპარაკობდა, - ხო, მოვდივართ... პატარა გავაზაპრავკეთ, აი... - სიცილით ეუბნება, - შენი ძმაკაცია აგერ მისალათებული ლოგკად... - უხ ... შენი დედა.. - მინდა ვუყვირო ღვაბერას, მაგრამ ხმას ვერ ვუწევ, ყელიც მტკივა. - კაი , კაი... მოვალთ და დალშე მერე , ჰაჰ აჰჰჰ, მაგრად გაცინებ! ვსო.. კანეც სვიაზი. გაუთიშა ღვაბერამ ,უეჭველი, ლუკა იყო. - გაიღვიძე, ბიჭუნავ? - ხელი გადამისვა თავზე. - გაწიე ხელი, შენი დედა... ოდნავ წამოვდექი და წელი გამიშეშდა - მომაწევინე სიგარეტი.- ვუთხარი. - ეე .. დედა არ შემაგინო, ძმაო.. აჰა, გამომართვი - შემევედრა. თან სიგარეტის ღერი პირში ჩაიდო , თავად გაუკიდა და მერეღა გადმომაწოდა, მერე უცებ ხმა სრულიად შეცვალა და სიხარულით აგრძელებს: - ნიკუშ ! - ბოლომდე გადმომიყო თავი, - შენ რომ გაითიშე, ძმაო , მანდ გადამეკეტა უკვე, მეც ბუნდოვნად მახსოვს, გახსოვს შენ რამე? მე დანა დავაძრე და მეთქი (ჩემს თავს ვეუბნები): რაც არის - არის-მეთქი რა , All in -მეთქი რ,ა კაროჩე All in -ზე წავედი , მაინც ხო იცი, დანის დამრტყმელი ვერა ვარ კაცზე, ვაშინებდი რა, ვუტრიალებდი, ხო აზე ხარ...- ამ ლაპარაკშის შუა განცხრომაშია, როცა წინა მგზავრის კარები იხსნება და ის გოგო არ გვიჯდება… მანქანაში? ხო, სწორედ ის . თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, ცოტა შევცბი კიდეც. - ეეე! აქ რა ხდება, ჩემი დედა..?! - გადავხედე ამ გოგოს.- შენ აქ რა ... - ნიკუშ, დამშვიდდი, ძმაო , ჩვენიანია ეს უკვე. - უზომოდ ბედნიერი მეუბნება, - იმან მოიქესტა. - ვაიმეე... - დაიწყო გოგომ, - როგორი დაბნეულია... - აღარც შემიხედავს გოგოსთვის , ზიზღით გავხედე კარგი ეჭვიანი ცოლივით ღვაბერას. მაგრამ... დაიცა ,დაიცა, როგორ თუ მოიქესტა?! - როგორ თუ მოიქესტა? - ვიკითხე. ორივემ გაიცინა, ამ დროს წინიდან გოგონამ დააღო პირი. - იმ ლაჩარმა...დანის დანახვაზე უკან გადადგა ნაბიჯი, მე გამომხედა ჯერ , მაშინვე მივხვდი, სახეზე შევტყე, რო მაგრად ჩაიფსა. - და ხო იცი, რა გამიძრო მერე..- სიხარულისგან სახეგაბრწყინებულმა ღვაბერამ მხარზე მომკიდა ხელი, რომ მასზე გადამეტანა ყურადღება და მერე იმ გორილას დაჯავრება დაიწყო სამსახიობო ოსტატური ლუღლუღით: „არ დამარტყა, ძმაო, არ მომკლა, არ გინდა რა, ბოდიში!’’ -ორივე სიცილით იხოცებოდა. ორივეს გადავხედე, საერთოდ არ მეცინებოდა, თავი მისკდებოდა. - ევერესტი კაცი ხედავ, როგორ შემომადნა, ბიჭო?! ჰა ჰაჰ! - ასეთი გახარებული იმის შემდეგ არ მინახავს, რაც მანქანა იყიდა. - შენ ყინული მოგიტანე , აი! - შემომიბრუნდა გოგონა, - მიიდე თავზე. - გადმომაწოდა ყინულით სავსე პარკი. - სადა ვართ? - ვიკითხე და თან გამოვართვი პარკი. - ლიკას სახლთან , ჰა არ დავაწვეთ ლუკიჩასთან? - მკითხა და მიქოქა მანქანა. ლიკა ერქვა თურმე იმ გოგოს. ლუკიჩას სადარბაზოსთან რომ მივაყენეთ , ღვაბერამ , ამას ჩემთან ავიყვანო, ჭკუაზე არ იყო, მაინც თავისი გაისწორა. მანქანიდან რომ გადმოვედი , მაშინ გამეღიმა რაღაცნაირად , თბილად, სიყვარულით, „მეტი რა გინდა კაცს’’, - ვფიქრობდი და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რატომ მეღიმებოდა ასე თბილად. იმ დილით იმაზე უკეთესად ნამდვილად არ ვყოფილვარ, არც მეღიმებოდა, მოსაღამოვებულს უკვე მეღიმებოდა. ვიცი, ეს იმიტომ, რომ ღვაბერას ასეთ გახარებულს ვხედავდი. მოსაღამოვებული იყო უკვე, კაი გულიანად გალახული , თავბრუდახვეული, ვიდექი ახლა უახლოეს ძმაკაცთან ღვინისა და სიყვარულის დასალევად მისული და მერე , მერე ალბათ ღამის ორისკენ ღვაბერაც მოგვისწრებდა... მოვიდოდა და ბოლო ხმაზე შეჰკივლებდა რაიმე სისულელეს. მერე ლუკიჩა გამოესარჩლებოდა რაღაცას, დაიწყებნდენ ერთმანეთის კბენას.. კიბეზე ასვლისას ცოტა წავბორძიკდი , მაგრამ მოაჯირს მყარად დავეყრდენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი