ძილისპირული
ბუხარი გიზგიზებდა, ფიცრით ნაგებ იატაკს აცხუნებდა და მთელ ოთახს წითელი ფერი გადაკვროდა. მაღლა ცაში ქარი ქროდა, გარეთ კი წვიმდა. ოთახში პატარა ფანჯარა იყო, ძველისძველი, რომლის მორყეული ხის ჩარჩოებიდან ასხამდა წვიმის წვეთები, რაფაზე ჩამწრივებულ ლამაზად ჩამოლაგებულ წიგნებს ასველებდა და ნელ-ნელა ამძიმებდა. ბუხრის მოპირდაპირედ სევდაკრული იდუმალებით ჩაფიქრებული ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, თვალებში ბუხრის ანარეკლი ენთო. ბინდბუნდში გახვეული კი მხოლოდ ხელებს დაჰყურებდა ერთხანს, თითებს ცრემლიანი სველი წვეთები ბუხრის შუქზე მარგალიტებივით რომ უბრჭვიალებდნენ. ის კი უყურებდა... უყურებდა, შემდეგ ცრემლი მოადგებოდა თვალთანვე სრესდა, ზიზღნარევად. ღამე მოსვენებას არ აძლევდა. ხან თვალებს ხუჭავდა, ხანაც, პირიქით, ბოლთებს სცემდა ოთახში, თუმცა, ღმერთია მოწმე, ვერაფერმა უშველა, არც ძილი ეკარებოდა და არც სწყალობდა საღი აზრები; „რატომ?! ‘’ „რად?!’’ ‘„რისთვის’’ - მხოლოდ კითხვები უტრიალებდა თავში და მაშინღა გადაწყვიტა აზრს მოკლებულმა, დაჩაჩანაკებულა ნიკალამ ღორივით გალეშილიყო. დიდი კარადიდან კედლამდე გაბმულ თოკზე თამბაქოს ფერფლისფერი ფარდა ეკიდა, როდესაც ნიკალამ ფარდა გადაწია, თაფლის სანთელისა და თაგვების სუნი ამოვარდა, ფარდის ტოტები აიტაკს ედებოდა იატაკზე კი ღვინის რამოდენიმე დალუქული ბოთლი, ტყავის ჩექმები და კარგად შემონახული პაპისტოლა ხანჯალი იყო , რომელსაც სახელურთან ლამაზად ჰქონდა ამოტვიფრული ოქროსფერი ინიციალები: დ.პ. ამ ყოველივეს ბებერი ობობის ქსელები აერთიანებდა, სანამ ნიკალამ არ გაარღვია აბლაბუდა და ბოთლი არ ამოძვრინა. შემდეგ ფარდა ისევ გადაწია და ღვინო მაგიდაზე დადო, თავად უჯრიდან ჯერ ფურცელი ამოაძვრინა, ფურცელი იმდენად სპეტაკი იყო, რომ შემდეგში ამ ქათქათა ფერს დააბრალებდა, რომ ვერ დაწერა ვერაფერი... ვერაფერი გაეგო, შემდეგ უიმედოდ ამიღო კალმისტარი და ისევე ზიზღნარევად მჭიდროდ მოითავსა ხელში. კალამი რკინის გახლდათ, არ გატყდებოდა, თუმც უკვე მოღუნვოდა ცხვირი. არ გატყდებოდაო,- ვერ ვიტყვით ამას ჩვენს გმირზე. ისევე ყელში რაღაც გაეჩხირა, კალმისტარი ხელიდან გააგდო, მუშტებშეკრული თავში იშენდა ხელებს და სასტიკად გოდებდა, სრულ ჭკუაზეც ვერ იყო, ცხადია. უწინ ასე არასდროს ყოფილა, წლებია ცრემლის გემო არ ახსოვდა მის ტუჩებს, ახლა კი მარტოსული უდაბურ ტყეში ბუხრიან სახლში იყო გამომწყვდეული საკუთარ თავთან ერთად. „ნეტა ახლა გახსოვარ? - მე ვერ გივიწყებ’’ - ეჩურჩულებოდა სიბნელეს, რომელიც მეტად და მეტად ეკვროდა ოთახს. შეშის დაქუცმაცებული ნაჭრები მიულაგა ფერფლგაკეთებულ ნაკვერჩხლებს და ისინიც გამოცოცხლდნენ, ღვინის ბოთლი გახსნა ნიკალამ. უწინ, ადრე... ადრე... ნიკალა როდესაც ძალიან პატარა გახლდათ, ხშირად ტიროდა... თუმცა საფიქრალი არა ჰქონია ბევრი რა.. ვინმე თუ აატირებდა, საიდუმლოდ გეტყვით იმასაც, რომ ბავშვობაში ნიკალას ეგონა, რომ საკუთარ თავთან საუბარი მხოლოდ მას შეეძლო , მასში მოსაუბე პატარა ნიკალა მხოლოდ მას ჰყავდა და სხვას არავის; უხაროდა, რომ ის არასდროს, არასდროს დარჩებოდა მარტო, სულ რომ ყველასგან მოენდომებინა წასულიყო, პატარა ნიკალა სულ ეყოლებოდა ღრმად თავში. მაშინ გაუჩნდა პირველად შეგრძნება სიმშვიდისა. აქვე იმასაც მოგახსენებთ , რომ ნიკალა არ გახლდათ მტირალა , არც მაშინ უტირია, როდესაც ისეთ უსიამო სიტუაცეებში ეგებოდა, როგორიც ცრემლსაც მოჰგგვრიდა პატარა ყმაწვილს. ის ცხრა წლამდე სამჯერ იყო დაჭერილი, თუმც ვერაფერს შეატყობდით ცუდი ბავშვისას და არც ერთხელ უთქვამს ნამდვილი გვარი პოლიციელებისათვის, დადემისს რომ არ ენევიულა, სკოლა რომ გააცდინა. გაჰყვიროდა პოლიციელი: - რა მქვიაო, რა თქვა?! - ჰკითხა აბუჩად პირველმა მეორე პოლიციელს. - ზურა მქვიაო , ბალანჩივაძე. - გაკვირვებულმა უპასუხა პირველს უდანაშაულო თვალებით და იმ თითისტოლა ბიჭს მეტად გაკვირვებული შესცქეროდა, რომელმაც ასე გააცეცხლა პოლკოვნიკი კიკნაძე. პოლკოვნიკს გაეცინა და ნიკალას თვალებში ჩახედა. ირონიულად უკაშკაშებდა თვალები, უნდოდა, ნიკალას ეგრძნო, რომ მას სულ ცალფეხზე ეკიდა მისი მცირე დრო, რაც დაბადებიდან განვლო, ამოალპობდა მალალეტკებში! - ფიქრობდა ის, ის კი , როგორც ჩანს, მეორე პოლიციელი ახალბედა გახლდათ, რადგანაც არ გასცინებია, უფრო ხათრით გაუღიმა ზემოთ ხსენებულ სტაჟიან პოლკოვნიკ კიკნაძეს და ისევე მზერა მიაპყრო ბიჭუნას. - ამოგალპობ მალალეტკებში! - ხაზგასმით დაიღრიალა პოლკოვნიკმა. ლურჯი კედლები, მუქი, ლურჯი კედლები და სისხლის ლაქა შავი, ბორდოფერი - არც ის სკამი დავიწყებია, რომელზეც ერთ დროს იჯდა, კოჭლი სკამი. - ხომ გითხრა დაცვამ, არ გადახტეო!? - ცოფს ყრიდა პოლკოვნიკი - მაინც გადახტი! - კისერი რომ... - შეწუხდა უფროსი, ხელი მაგიდას დაარტყა - იცი, საერთოდ რამდენი ლარის ზარალი გაწევს მაგ გამხდარ ხერხემალზე? - ჰკითხა პოლიციელმა. ამის გაგონებაზეღა შეკრთა ნიკალა, თავი აწია და სერიოზული ტონით იკითხა: - რამდენი? - გაკვირვბულმა ჰკითხა და შემდეგ მიამიტად დასძინა ჩურჩულით - ზარალი რა არის? - სიცილი წასკდა მეორე პოლიციელს, თუმც არ გასცინებია პოლკოვნიკს, გაეღიმა, მაგრამ რადგანაც ნიკალა თვალებში უყურებდა პასუხის მომლოდინე თვალებით, ღიმილი უადგილოდ ეჩვენა და, პირიქით, ახალბედას თვალები ააუბრიალა უადგილო გაცინების გამო. - ზარალი შენს მშობლებს აწევთ, ნიკალა! - ამის გაგონებაზე ნიკალა გაბრაზდა. - მე ზურა მქვია! ზუ-რა! - დაუმარცვლა ნიკალამ და შემდეგ გამომცდელად ახედა პოლკოვნიკს და სპორტული ინტერესის მაგვარად იკითხა: - ჩემი სახელი საიდანღა იცით? აქ კი ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ შეიკავეს სიცილი. პოლკოვნიკს კი მისი სახელი და გვარი ორი წლით ადრე გაეგო , რაღა თქმა უნდა, ნიკალას არ ახსოვდა , ადრეც რომ იმავე ძაღლთან ჰქონდა საქმე. როგორც წესი, ვერ იმახსოვრებდა მათ სახეებს , თუმცა, იმ დროს სტადიონზე არ შეპარულა და კოკა-კოლის ბალონები არ ამოუსრუპავს, მაშინ ლამარა დეიდას სახლში შემთხვევით შეპარულა , უნებლიედ, როდესაც მისი ძველი ბაღელი მეგობარი თათიაც შეაპარა , ხოლო როდესაც გამოიჭირეს, თქვა, რომ ჭერმის ხეზე აპირებდნენ გადაძრომას ლამარა დეიდას სახლიდან. დიახ, ნამდვილად ასე გახლდათ ეს საქმე . დაიწყე, დაიწყე, მიდი... - მიაფუჩეჩა ნიკალას კითხვა უფროსმა და ფურცელზე მიუთითა ხელით, შემდეგ განგრძო. კარნახობდა: მე, ნიკალა დავითის ძე პაპუნაშვილი ... - არ დავწერ! - წამოიყვირა და წამოხტა სკამიდან , პოლკოვნიკმა სცადა მაჯაში წაეტანა ხელი, მაგრამ იმგვარად შეხტა ნიკალა, ორი მეტრი ერთი სკუპით დაფარა, შემდეგ ფანჯარის რაფაზე დასკუპდა და ერთი ხელის მირტყმით შეხსნა სარკმელი, ერთიღა ზურგიდა მოესმა: - ნიკალა! არ გადახტე.. - თუმც უკვე გადამხტარი იყო. იმ ღამეს სახლში არ მისულა ნიკალა. სხვათა შორის, გეტყვით , რომ ბევრი უჩვეულო ამბავიც ამოუტივტივდა იმ ღამეს მაგიდასთან მჯდომ ნაღვლიან ნიკალას, რომელიც ახლა ბავშვობაში თავით გადაშვებულიყო, თეთრი სპეტაკი ფურცელი კი ისევე მორცხვად ეფინა მაგიდას, ის კი ჰორიზონტალური სიმშვიდით იმდენად დიდ ყურადღებას იქცევდა, რომ მოულოდნელად ნიკალას ხელში დაიკუჭა და მალევე ნაგავში აღმოჩნდა, როდესაც ღვინის ბოთლიდან პირველი ყლუპი შესვა - ამოისუნთქა, ამან შეაშინა, ნუთუ ღვინომ შვება მოჰგვარა, ვაიდა, ჩვევად ექცეს... ოჰ.. ის კი როგორ ადვილად ეჩვევა ისეთ რამეებს, რაც შვებას გვრის.. - ღმერთო! ნუთუ მართლა მხედავ, ჯერ ჭაღარაც არ შემპარვია და უკვე ასეთ დღეში მხედავ... ისიც კარგად გამიაზრებია, რომ სიცოცოცხლე ან მხოლოდ ჩემნაირი გულჩათხრობილი ადამიანებისთვისაა ან აქ ჯოჯოხეთს გავდივართ, რატომ ? რისთვის? მე არ ვარ ბედნიერი- განა ამისთვის მოვედი ამქვეყნად? ლილი... მე ტყეში დავრჩები... აქ დავრჩები და არასდროს გნახავ, არასდროს გნახავ ..არსდროს.. - ფიქრობდა... მერე კი სამარისებური დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ შეშის წვისას ტკაცატკუცი გაუდიოდა ბუხარს. წამისად თავი ჩაქინდრა, შუბლზე ძარღვებგადმოყრილმა, ახლა, წამოდგომა რომ დააპირა წაბორძიკდა და მაინც წამოდგა და ფეხაკრებით მთელი მოწიწებით მიუახლოვდა ფანჯარას. ისევ წვიმდა, დაუნდობლად ქროდა ქარი ცაში. მუხლებზე დაეცა და ჩურჩულით ლოცვა აღმოხდა. კარგა ხანს იყო ასე. ძლიერ წვიმდა. - შენ ამბობ, რომ უბედური ხარ... - ნიკალა შეკრთა, სიბნელიდან მხოლოდ ბნელი სილუეტი ჩანდა გამხდარი კაცისა, რომლის სახეს ვერაფრით ხედავდა, ხმა კი ძალიან ეუცნაურა, შეშინებული არავის ელოდა, უნდოდა, ეკითხა ვინაობა, თუმც არასაჭიროდ ჩათვალა, რადგანაც იფიქრა, რომ გაგიჟდა. უცნობი განაგრძობდა: - ღმერთის გეშინია, გგონია? ცდები, როგორც ყველასთსთან, მასთანაც ცდილობ, ისევე ითვალთმაქცო.. - ვინა ხარ?! - ვერ მოითმინა ნიკალამ, თუმც არ გაბრაზებულა მკაცრად იკითხა. - მე ზურა მქვია, შენ კიდე სიმართლე გინდა გითხრა? - იკითხა სილუეტმა. ვინ უნდა იყოს? - ფიქრობდა ნიკალა და გაქვავებული მიჰყრდნობოდა სველ წიგნებს , ცნობისმოყვარეობამ სძლია: - თქვი. - თქვა ნიკალამ. - მშიშარა და ეგოისტი კაცი ხარ. - ნიკალა დუმდა - ბავშვობიდან , დაბადებიდან , ოდიდგანვე მშიშარა იყავი და საკუთარ თავს აჯერებ, რომ ყველასგან განსხვავდები; ამ დროს ერთი უბრალო ცინგლიანი ბიჭი ხარ , რომელსაც მხოლოდ ამბიციები აქვს, ხოლო საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ერთხელა... - ვინ ხარ! - დაიყვირა ახლა ნიკალამ - მე ვინ ვარ? - ცბიერად იკითხა უცნობმა და ნაბიჯი გადმოდგა ნიკალასაკენ. - ზურიკო ვარ ჩემო კარგოო... დიახ! ბალანჩივაძე. გახსოვარ? - კიდევ ნაბიჯი გადმოდგა ნიკალასაკენ, შემდეგ ფარდა გადაწია, ხანჯალს დაავლო ხელი და იკითხა: - შეიძლება? ნიკალას არაფერი ესმოდა. გავგიჟდი - ფიქრობდა, მერე თქვა: - არა ... არა.. - ზურა მე ვარ. - თქვა ძალიან ჩვეულებრივი ტონით ნიკალამ. - უფრო სწო... - აბა, ჩემი ადგილი სადღაა, ჩემო მეგობარო... ანუ - ხელში აათამაშა ხანჯალი ,რომელზეც ოქროსფრად ეწერა ინიციალები - დ.პ . განაგრძო ზურამ - ანუ მშიშარა არა ხარ, არა? - ქარქაში მოისროლა, კედელს მიანარცხა ზურამ და მოულოდნელობისგან შეკრთა, წახტა, სკუპი გააკეთა ნიკალამ. - ოჰოო... ერთი შეხედეთ.- ახლა უკვე ზურას ნიკაალსათვის მიებჯინა ხანჯალი მუცელზე და უცბად ცაში ჭექამ, ოთახში კი ზურამ დასჭექა. - აღიარებ, გაიზრებ და იტყვი, რომ მშიშარა კურდღელი ბრძანდებით, ბატონო დიმიტრი...უჰ, მაპატიეთ , ბატონო ზურაბ... თქვიი! - არა... არა, მე... - ლუღლუღებდა უმწეოდ, ლუღლუღებდა, სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა ნიკალა. - ნიკალა - ხმამაღლა დაიწყო საუბარი სიბნელეში მდგარმა სილუეტმა, რომელიც ძალიან წააგავდა თავად ნიკალას, თუმცა ოდნავ წელში მოხრილიყო. - მითხარი, რატომ გეშინია ბედნიერების? რატომ? რისთვის გიღირს ცხოვრება? წიგნს გადაშლი , წაიკითხავ , იმდენად მოგეწონება , რომ შენ დახურავ წიგნს და შეიძლება მორიდებით ისე მოკვდე, ვერც წაიკითხო. - დაბნეული ნიკალა გაფაციცებით უსმენდა ახლად წამოწყებულ მონოლოგს - ყველაფერი შეგიძლია, ფიქრობ და თავსაც აჯერებ ამას, ხოლო როდესაც მცირეოდენი წინააღმდეგობა გადაგეღობება, არც ფიქრობ, ისე მართებულად იხევ უკან. ლილი რომ დაინახე, რა იგრძენი? - იკითხა და უპასუხოდ დარჩენილმა უცნობმა პასუხი თავად გასცა - შიში იგრძენი და კიდევ იცი, რა იგრძენი... - სიყვარული... - ღვარძლიანად აღმოთქვა ნიკალამ. სიცილი წასკდა უცნობს, ისეთი სიცილი, როგორიც ნიკალამ დიდი ხნის წინ მიატოვა, ის სილუეტი კი, რომელიც ასე წააგავდა ნიკალას, ახლა გულიანად დასცინოდა მას. - სიყვარული არა, დაფნის ფოთოლი, ნიკო, გაიგე! - თბილმოკრული ტონით განაგრძო ზურამ: - უსუსურობა იგრძენი, მაშინ, როდესაც სულ წამიერად წარმოიდგინე როგორ უკოცნიდი ყელს ლილის,ზუსტად მაშინ იგრძენი შენი სისუსტე და შენ ტყეში იმის გამო კი არ წახვედი, რომ სიმშვიდე მოგეპოვებინა, ცდილობ, რამენაირად გამექცე მე! რისთვის? შენ ხომ აღარა ხარ პატარა ნიკალა, რომელსაც დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ფანჯარას ღიას დაუტოვებენ, ხომ არ გგონია , რომ ისევ კმაყოფილდები ასე ადვილად იმით, რომ შენ მარტოობისთვის ხარ გაჩენილი, რომ შენ მე გყავარ აქ, თავში... შენი პრობლემა ისაა, ნიკო, რომ... ღმერთს ეკითხები, რა მჭირსო- არადა, თავად ხარ ყველაფრის საწყისი, - შემდეგ ცისკენ აიშვირა ხელი - ის კი ხმას არ გაგცემს, სანამდე არ დაღვინდები, ფუჭად არ ისაუბრებს...სანამდე ტრიუმფამდე არ მიაღწევ. - მას მხოლოდ ყოველი საქმის ბოლო ადარდებს , ბოლოს სად იქნები და რა აზრზე იქნები, შენ კი პირველი ჭაღარა ახლა გაგიჩნდა, ამ ხანჯლით ხელში რომ გიდგავარ წინ და საკუთარი თავისა გეშინია. ხედავ, სადამდე დაეცით, თქვენო აღმატებულებავ? - ეს თქვა და ხმა სადღაც გაუჩინარდა. ნიკალა ისევე მუხლებზე იდგა, ისევ ისე, როგორც დაეცა, მხოლოდ წვიმას გადაეღო, არც ქარი ქროდა ცაში და თუმც ბუხარი ჩამქრალიყო , ახალი დღის მზის სხივები თვალებს ჭრიდა, ჩიტების გალობაც სხვაგვარად ჩაესმოდა. ნიკალა წამოდგა. წელში გაიმართა , ღვინის ბოთლი ისევ ისე იდგა მაგიდაზე , ის ფარდა გადაწია, დაინახა რომ ხანჯალიც არსად გამქრალიყო... ისევ მაგიდას მიუჯდა. ღვინოს საცობი გულმოდგინედ ჩაასვა, შემდეგ უჯრიდან სპეტაკი თეთრი ფურცელი ამოაძვრინდა და ხელში ნაზად, ჰაეროვნად მოთავსებული კუზიანი კალმისტარი გაამოძრავა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი