უნებლიე გზა


შავმა, დიდღიპიანმა კაცმა თვალებში ჩამხედა. 
- რამდენი გიკლია? - მენამუსებოდა აშკარად. თუმცა ფული უფრო მჭირდებოდა, ვიდრე იმ ღიპიანის ბნელ თვალებში კარგ ტიპად გამოჩენა.
- ოცი ლარი მაქვს. - ვუთხარი მე ძალიან ჩვეულებრივ, ცხადი იყო მის სახეზე უსიამო გამომეტყველება, მაგრამ როდესაც რიცხვი ოცი გაიგონა, თითქოს გულზე მოეშვაო. 
- წამოდი, წამოდი! - წინ გაიჭრა და მეც გავყევი, შემდეგ შეჩერდა და ხელი გაიშვირა ნაცრისფერი მერსედესისაკენ - აი, ის მანქანაა ჩემი, ფული ახლავე მომეცი, თორე  უხერხულია, შვილო, არ იფიქრონ, ამას ოცს ართმევს, ჩვენ - ოცდაათსო, ხომ გაიგე? - ერთი ვიფიქრე, არ მენდობა-მეთქი, მერე დავფიქრდი და რა სანდო კაცი მე ვიყავი მისთვის. ფული გავუწოდე, სწრაფად ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში, ასეთი მომენტები ფილმებში მქონდა ნანახი, ამერიკელი ბარგები ქუჩებში რომ დგანან, ვიღაც ჩაუვლის, უცბად გაცვლიან სასურველ რაღაცრუღაცებს და თითქოს არაფერიო , აგრძელებენ გზას, ისე კი, კაცმა რომ თქვას, რატომ არ ვიყავი სანდო - ლამაზად და სუფთად  მეცვა, შავი პალტოც და კაშნიც. ერთი შეხედვით, მეცხრამეტე საუკინიდან გადმოვარდნილი ინგლისელ ჯელტმენს მიგავდა იერი, ისე კი, სახე, რაც თავი მახსოვს, ბავშვისას მიმიგავს, ღინღლებიც კი არ გამომდის, ოცდაერთ წელს ვუკაკუნებ და  ალბათ ამანაც იმოქმედა მასზე. პატარა ჩემოდანი მეჭირა ხელში და მანქანას რომ მივუახლოვდით, ხელიდან  გამომართვა, საბარგულში თავად ჩადო, უფრო კი  - ჩააგდო. 
უკან კაცი იჯდა, ისიც შავი, ოღონდ ძალიან შავი იყო ეს ბოლო. წინ დავაპირე ჩაჯდომა და არ დააყოვნა მძღოლმა. 
- გენაცვალე, წინ გოგოა რა.. დავუთმოთ, კაი? ... გოგოაა და.. თანა სძინამს... 
 არ შემიმჩნებია გოგო, ისე კი მეწყინა, რაღა დაგიმალოთ, წინ მიყვარს ჯდომა, გოგოები, როგორც წესი, ცუდად გახდომით აპრავებენ ამას. ზრდილობის გამო თავი დავუკარი კაცს, მოვუარე მანქანას, იმ შავ კაცს მივუჯექი გვერდით და მხოლოდ კარების გამოღების მომენტში დავინახე გოგონა. არ ვიცი, აქამდე  ან ფანჯრიდან როგორ ვერ დავინახე, გავწყდი ადგილას, ისე მომეწონა; დავიბენი. ყველა კაცი ალბათ ასე ვერ შეხედავდა მას, მაგრამ ერთი კი ვიცი, მანქანის დაძვრამდე უნდა მემოქმედა იმიტომ, რომ ვერც მე ვხედავდი კარგად, რადგან უკანა სავარძელი  მძღოლის მხარეს დაკავებული იყო, რათა ჯვარედინად გამეტარა მზერა წინ მჯდომი გოგონასათვის. მთელი გზა კი გული ვერ გაუძლებდა ამის შეგუებას და ამოვარდებოდა კიდეც სადმე უღელტეხილზე, ამიტომაც გონება დავძაბე და წამში მოვთხარე რაღაც სისულელე : 
- უკაცრავად - გვერდზე მჯდომს გავხედე, - თუ არ შეწუხდებით, ადგილები რომ გავცვალოთ, საქმე იმაშია, რომ მარჯვენა სავარძელს, მით უმეტეს - ხაზგასმით ვთქვი ,- უკანა სავარძელს ვერ ვეჩვევი, თუ შეიძლებ... - აქ შემაწყვეტინა და უკვე თავისი კარიც ნახევრად გაეღო, რომ გადამჯდარიყო. 
- რას ამბობ, კაცო , მოდი, დაჯე. 
შავებმა ჩაიცინეს .
 გოგონას თეთრი ფიფქებივით კანი ჰქონდა. ახლა კი, ადგილ შეცვლილს, დახვეწილი, ლამაზი პროფილის ყურების სიამოვნებაც მებოძა, თუმცა, გაგეცინებათ, მას არც კი შევუმჩნევივარ, ხელები თეთრ კაბას გაეყოლებინა და მუხლებზე გადაეფარებინა. საერთოდ, არც კი იცოდა, რომ ჩავჯექი და მანქანაც როდესაც  დაიძრა, არც მაშინ გაღვიძებია, ეს მაწუხებდა... მხოლოდ შუქნიშანთან გამოეღვიძა - მადლობა ღმერთს! ცოცხალია! - გავიფიქრე ... გამომხედა. ეს მე ვიგრძენი მაშინ, როდესაც ფანჯრიდან თათარ ბავშვებს ხურდა მივაწოდე, რა მალაპარაკებს... მოკლედ, მთავარია, დამინახა, დანარჩენი უკვე მეტ-ნაკლებად მის გემოვნებაზე იყო დამოკიდებული და ჩემს გარეგნულ სულიერებაზეც, რაღა თქმა უნდა. ხოდა, ჩემო მეგობრებო , ის იყო და გზას გავუსწორეთ მერსედესის ლოგო, როდესაც შავმა კაცებმა პირი დააღეს ჰორიზონტალურად. 
- აქ რა გინდოდა, ბიჯო? - ჰკითხა მძღოლმა ჩემ გვერდზე მჯდომს, გეგონება, ინდოეთის გარეუბანში ყოფილიყოს. 
სანამ პასუხი გასცა, ჩაეღიმა, აი, ბავშვებმა რომ იციან ხოლმე, მაშინ, როდესაც ხვდებიან, კამფეტი არ ასცდებათ, ისეთ კითხვას თუ გასცემენ პასუხს: „მაროჟნი უფრო გიყვარს, თუ მამიკოო?’’ 
- შვილიშვილი ვნახე...მირეკავდა ხოლმე -  ჩამოდი, პაპიო, ჩამოდიო, აბა, რა მექნა.. 
- მა, რა უნდა გექნა, კაცოო... - დაემოწმა მძღოლი.
- ისე  კი, შპალერი ვიყიდე, - გოგონამ ყურსასმენები გაიკეთა. - წითელი. აი, თუ გახსოვს, თელავის ტეხნიკუმებში რომ..
- ჰოო .. როგორ არ მახსოვს, მაგაი რა დამავიწყებს ..ბიჯო.. კი მაგრამ, რაღა ეგ აარჩიე, ჰა? სხვა ვერა ნახე? - უკანა სარკიდან გადმოგვიყო ცხვირი. 
- სხვა როგორ არა ვნახე, მაგრამ  იცი, რა არის? აი, პაპაჩემი იყო, არა, დაიწყო სახლის აშენებაა, ისე მოკვდა , სულ ერთი რიადი ჰქონდა ნაგები, ეგეცა, მერე ნახეს უსაძირკვლოდ ეშენებინა და დასანგრევი აღმოჩნდა, ისედაც უკვე პიზის კოშკსა ჰგავდა, შემდეგ მამაჩემი, 
- ოო.. მამაშენი კი კაი გოთვერანი კაცი იყო და... - შეაწყვეტინა მძღოლმა.
- ჰოდა, აბა, ეგ კიდე ისე მოკვდა, არა? ხელი არ გაუტოკებია... ჯო... მე კიდე ჩემი ბიჭი რომ მეყოლა,  გო... 
- ნიკო? - მეორედ რომ შეაწყვეტინა  და ამასაც უკვე ნერვიულად  დაეჭიმა წარბი. 
- არა, კაცო!  გიგლა!  გიგლა იყო სამი წლისა, ახლაც არის ბეტონზე მისი ნაფეხურები დარჩენილი, ღმერთმა გაახაროს ეგა, ჩემი იმედია ეგა ...
- ბიჯოოო... როგორ ამომვარდა ამ ფუტუროდან, კაცო... როგორ არის? ბაქსიორობს, არა? ... რა მოიგ...?
- მოჭიდავე, კაცო, რა ბაქსიორი, - შეწუხდა კაცი მძღოლის მკითხაობით, ჩაახველა, ხმამაღლა განაგრძო, -  ევროპა მოიგო! - ეს თქვა და სახეზე ამაყი ღიმილიც გადაეშალა. 
- ვახ!  შე გენაცვალე! - წინიდან იმხელა ხმაზე დაიღიალა მძღოლმა, რომ მისმა სიყალბემ მყრალი სუნი დააყენა. ფანჯარას ჩავუწიე და თავი გავყავი. 
- გაიხარე, ნოდარ, გაიხარე... ჰოდა , რას ვამბობდი, ჰო... სახლის შენება მაშინ დავიწყე, ეგ რომ სამის იყო და ახლახანს მოვრჩი, აგერ ოცდამეხუთე წელია ვაშენებ და ერთადერთი, რაც დამრჩენია, ისაა, შპალერი უნდა გავაკრა და ვსო, კაპუტ. - და ნიშნისმომგებად ჩაიცინა, ვიწრო კბილები გამოაჩინა. 
- ვაა, შენ უნდა თქვა, სახლიც ვაშენე, ხეც დავრგე და ბიჭმაც გამიმართლაო... 
- ჰოო. მე უნდა ვთქვა, მაშა.. - შეიფერა მანაც. - ჰოდა, - განაგრძო, - შემოსასვლელში, მოლთან შემიჩერე, ორი წუთით გადავხტები, გამყიდველს გამზადებულ  შეფუთულ  შპალერს გამოვართევ და დავაწვეთ კახეთს, მოსულაა... ? 
ნოდარმა უკან მთელი კისერი გადმოყო, მე თვალი ამარიდა, შავ კაცს ჩახედა შავ თვალებში და ჰკითხა რაღაცნაირად, სხვანაიარდ - ჯონი..ბიჯო, ეგრე მიცნობ , მაგის დედა ვატირე, მაგისი, ჰა? - შერცხვა ჩემს გვერდზე მჯდომს, - მაგაზე გეტყვი უარს? ... - დააბოლოვა მძღოლმა.
უყვარდა ამ მძღოლ კაცს ნამუსიანი საუბრები. ჩუმად ჩამეცინა. მერე თითქოს ერთხანს გაჩუმდნენ. გზას ვუგდებდით ყველა თვალს და მანქნაებისა და სიჩქარის ხმებს, მაშინღა შევატყე და გულიც დამეწვა, რაღა დაგიმალოთ, წინ მჯდომი გოგოს ყურსასმენებიდან ისეთი საშინელი მუსიკის ხმა ისმოდა, გული ჩამიმდუღრა და მის შინაგან სამყაროზე ამიცრუა სულმთლად შთაბეჭდილება, ისეთი მუსიკის ხმა ამოდიოდა მისი ყურებიდან, 
როგორსაც ალბათ დეპრესიული გაუთხოვარი ქალები  უსმენენ  - ისეთ მუსიკებს, რომლებიც ამშვიდებთ და ნუგეშს აძლევთ მათ, როდესაც სარკეში დაუკმაყოფილებელი თვალებით უყურებენ საკუთარ თავებს, უყურებენ, სულ უფრო და უფრო სიბერე როგორ ემატება მათ სახეებს. 
გადავწყვიტე, გეგმა ‘ბ’  გამომეყენებინა მასზეც, ოღონდ მოგვიანებით. 
მოლს რომ მივუახლოვდით, სიგარეტს გაუკიდა მძღოლმა, ფართო გზა იყო, ცალმხრივი , რომელსაც ცენტრში დიდი ბაღივით ზოლი ჰქონდა გაშენებული. ზოლის იქით კი ქალაქისეკნ მიმავალი მანქანები მოძრაობდნენ. მიახლოვებულს ხალხი მით უფრო მატულობდა ჩვენ გარშემო. ირეოდნენ ერთმანეთში ჭიანჭველებივით. მით უფრო ჭარბობდნენ  არაბები. 
- ჯონი, ხიდთან შეგიჩეროო... - გაწელა ბოლო ასო. 
- ჰო მა-რა. - დაეთანხმა ჩემ გვერდით მჯდომი. 
გადასასვლელ ხიდთან ბევრი მანქანა ეყენა, მით უფრო მეტი - პარკინგზე.
მზიანი ამინდი იდგა, აგვისტო იწვოდა, ხალხი, ყველგან მოფენილი, შორტებითა და ნიფხვებით იდგა გაჩერებასთან, სადაც ხიდი იყო , სადაც ჯონი მანქანიდან გადმოვიდა და სანამ კარი მოიხურა, სიტყვა შემოაძვრინა:  ორ წამში მოვალო და სისწრაფისგან მოჯახუნება გამოუვიდა. 
- უფ, დავიწვი კაცი, - თქვა და უცებ ფანჯრიდან გადაყო თავი, - ჯონი! -წამოიყვირა.
ვერ ვხედავდი მე ჯონის, მაგრამ მანქანის უკნიდან მომესმა ხმა
- ჰოო! 
- წინ მივაყენებ ცოტა, - ხელი გაიშვირა წინ მძღოლმა და მანქანა დაძრა ნელა. 
ფანჯრიდან ვიყურებოდი, მანქანები სწრაფად დაქროდნენ და ჩვენ  გზის უკიდურს მარჯვენა ზოლზე კუსავით მივსეირნობდით, როდესაც მოულოდნელად ჯერ მუხრუჭის საშინელი წვის ხმა გაისმა და გასტანა ასე ხუთიოდე წამით, შემდეგ გარდაუვალი  - ბრაახხ! - შეჯახების ხმა.
 მე ფანჯრიდან ვიყურებოდი მაგ დროს და მხოლოდ ერთი რამ შევნიშნე შუა ზოლზე  - ჩვენი ზოლიდან ცაში ავარდნილი ცალი  ყავისფერი ფეხსაცმელი, რომელსაც გაქვავებული თოჯინასავით სხეული მიჰყვა და მარჯვენა ზოლიდან გაშენებულ ბაღს გადაუფრინა და შემდეგ კომეტასავით დაენარცხა მიწას. ფერი წაგვივიდა ყველას, მით უფრო, მძღოლს. 
- ეს ადამიანი იყო?! - 
-  ხმააკანკალებულმა  შავმა კაცმა, ახლა კი სულ გათეთრებულმა მძღოლმა იკითხა. - ეს კაცი იყო?! 
 ზოლის იქით არაფერი ჩანდა, მაღალი გალავანივით იყო გაყოლება, ხალხი კი მოჩანდა. როგორ მირბოდნენ ისინი გვამისაკენ,რომელიც, როგორც ჩანს, წამოდგომას არ აპირებდა. 
- ჰო. - ვუთხარი მე და მაშინღა მოვეგე გონს, გადავხტი მანქანიდან.  
გოგონა ისევ ყურსასმენებგაჩხერილი წამოწოლილიყო წინა სავარძელზე, ვერაფერი გაეგო და მეც არაფერი მესმოდა, არც ის გამხსენებოდა ,არც მძღოლი, რაღაც რომ დამიძახა გაქცეულზე, მაგრამ გზის შუაში ნაშენებ ზოლს რომ გადავახტი და გვამი რომ დავინახე, ვეღარ გავებდე მიახლოება, შემეშინდა, კაცი იყო, რომელსაც მუხლები არაამქვეყნიურად ჰქონდა განცალკევებული ერთმანეთისგან და სისხლის გუბეში სახე ასფალტს მისწებებოდა. 
თავი ვერ შევიკავე, მუხლებზე დავეცი, მკვდარი პირველად არ მყავდა ნანახი, არც პირველად შევსწრებივარ სიკვდილს, თუმცა, ის კადრი თვალებიდან აღარასდროს ამომივა. მუხლებზე დაცემულს გული მივარდებოდა საგულიდან და მუშტებშეკრული ტკივილისაგან ცრემლს ვიკავებდი. წამოვდექი და გამოვბრუნდი, მძღოლი ჩემზურგს უკან იდგა, პირდაღებული უყურებდა გვამს, შეშინებული , გაქვავებული სვეტი. 
- მოკვდა. - თქვა მძღოლმა. 
რასაკვირველია, მოკვდა, - გავიფიქრე მე, ის მანქანა რომელიც შეასკდა საწყალს, გაქცეულიყო... სად გაექცეოდა თავს... მე მანქანაში ჩავჯექი, გოგონამ გამომხედა. თვალი თვალში გავუყარე, გამწარებული ვიყავი და საერთოდაც არ მქონდა მისი თავი. ვერ გაბედა თვალებში ჩახედვა, მიხვდა, რაღაც ვერ იყო.. რამდენიმე წამს ხმა არ ამოეღო და ბოლოს იკითხა:
-რატომ გავჩერდით? - ცნობისმოყვარე ბავშვური ხმით მკითხა. 
- ავარიაა, თან მგზავრია გადასული, მოვა და წავალთ. - ვუთხარი მე. 
- ავარია? - გადასვლა დააპირა მანქანიდან,  - არ გადახვიდე! - მკაცრად ვუთხარი. 
ნახევრად გადაყოფილი ფეხი მანქანას დაუბრუნდა, ვიფიქრე, შევაშინე-მეთქი და დავამატე: ცუდი სანახავია. - გამოვაღე კარები და სიგარეტს გავუკიდე, გოგონამ ისევ ყურსასმენები გაიკეთა და თვალები დახუჭა. 
რაღაც დროს გარშემო ხმაური ჩემს ყურებთან ჩაგუბდა და გაქრა სადღაც, გაყინულ წამში, თვალწინ ჩამიარა ყველა სიკვდილმა, რაც კი მსმენია, რაც კი მინახავს და მხოლოდ სამუდამო სახეები მედგა თვალწინ - წასულებისა. ზოგს მშვიდი სახე ჰქონდა, მშვიდი, სექტემბრის მდელოსავით, მშვიდი, ღმერთივით; ზოგის სახეზე კი ტანჯვა და ღრეჭვა, ეკლებით ნაკაწრი ემოციებით მოცული ცხოვრება ჩანდა - მხოლოდ ერთ - თან წაღებულ გამომეტყველებაში. 
უცებ მძღოლმა შემოაღო კარო, ქოშინებდა, თრთოდა და მთლად კანკალს აეტანა, თითქოს, ფიქრობდა, თავად მიუძღვოდა წვლილი ყველაფერში, დამნაშავე თვალებით ჯერ გოგონას გახედა, შემდეგ თითქოს უაზროდ თვალი აარიდა -  ამას რას ვუყურებო, მე შემომხედა, წარბებზე მიყურებდა ან თმებზე, ჩემს თვალებს კი ნამდვილად არ შეხებია მისი მზერა. 
- აქ რაღა გვინდა, წავედით. - თქვა და სველი ხელისგულებით მოიწმინდა ოფლიანი შუბლი. 
ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. 
- სად წავედით?!  არ ველოდებით იმ კაცს...- სახელი ძლივს გავიხსენე -  ჯონის? - ეს ვუთხარი. ის კი გაშრა. 
თითქოს სცადა რაღაცის თქმა,  ვერ თქვა , შემდეგ აზრებს ალაგებდა და სამიოდე წამი მის სახეზე მთელ საათად იქცა, ბოლოს კი ძლივს აღმოთქვა.  
- ის იყო, კაცო!! - თქვა თუ არა, ცრემლები დასცვივდა. 
- ვინ ის? - ფუჭად ვიკითხე, უაზროდ, განა ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა იმ კაცში, მაგრამ არ დავიჯერე, ვერ დავიჯერე.
- გვერდზე ვინც გეჯდა... ჯონი.. - ამის თქმა მჭირდებოდა თითქოს. მის თვალებზე აღუწერელი ტკივილი იყო.
არ ვიცი დღემდე, რა გრძნობა იყო, როდესაც ეს გავიგონე. ვერ გეტყვით. ერთი კი ნამდვილად ვიცი, დარწმუნებით, რომ კაცს, რომელიც თავისი ცხოვრების ტრიუმფალურ მომენტში ამაყად ყვებოდა თავისი წინაპრებისა და შთამომავლობის ამბავს, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ასე მოკვდებოდა, მას სიკვდილი სხვაგვარი წარმოედგინა და, ვგონებ, იმედგაცურებაც ვერ მოასწრო, ისე მოკვდა. 
მერეღა ვთქვი: 
- მერე... ასე, უბრალოდ, თითქოს არაფერი მომხდარა, ასე მივდივართ?! - ვიკითხე მე. 
კაცმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ყველაზე მეტად ამის გაგონება არ სურდა. 
- რო დავრჩეთ... პოლიცია... 
- რა პოლიცია? - არ დავასრულებინე სიტყვა.
- დაგვკითხავენ! - უსუსურად წამოიყვირა, შემდეგ ტონს დაუწია, - გამოიძიებენ, შეიძლება დაგვიჭირონ კიდეც... - ისე მითხრა, თითქოს ცდილობდა, შევეშინებინე. 
- რაო?!! - ზიზღი ყელში გამეჩხირა, მერე დავფიქრდი, შეშინებულია, იმიტომ ბჟუტურებს ამას-მეთქი, ვეცადე, მშვიდად გამეგრძელებინა დაწყებული სიტყვა :
- ის კაცი ვინ იყო შენი? - ვკითხე მე. 
- არ ვიცნობდი, არც ვიცი...მე..მე ... 
- კარგი. - შევაწყვეტინე და მანქანიდან გადმოვედი. მძღოლმა ჩემს შესაჩერებლად კარები რომ გამოაღო, გვერდით მჯდომმა გოგონამ რაღაც გადაუჩურჩულა, შემდეგ კარები მოხურა და ისე მკითხა 
- თქვენ ... აღარ მოდიხართ? 
საბარგული ავხადე, ჩემი ჩემოდანი ამოვიღე და აღარც შევბრუნებულვარ.
არც არავისთან მივსულვარ.
სევდა მოცული ერთხანს იმ შუა ზოლზე ვიჯექი, სადაც ბალახი ბიბინებდა, სადაც მზე ჩადიოდა... როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის გასაყარზე, იმ ზოლზე ვიჯექი, რომელიც იმ კაცმა ბოლოჯერ გადაკვეთა და  რაღაც აქამდე დაუფიქრებელზე ვფიქრობდი მაშინ. 
ერთი კი ვიცი - გემოს ვერ გაუსინჯავ სწრაფ სიკვდილს, როგორც არ უნდა გინდოდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი