დილის ლოცვა
„ჯერ ოთახით დაიწყე, შენი პირადი სივრცის დალაგებით, ჭურჭელის გარეცხვით, საქმეებით -სიზარმაცე ამოაგდე... თერთმეტზე დაიძინე და 9-ზე გეღვიძოს უკვე, შემდეგ სამსახურსაც იშოვნი, ღმერთი გამოგიჩენს, მთავარია, მზად იყო, ისე არ დაგტოვებს, მთავარია შრომა გიყვარდეს, ილოცე ხოლმე, დილა -საღამოს, მოთმინება გამოიმუშავე, მოკლედ... ოთახის დალაგებით დაიწყე.” ამას ფიქრობდა ვაკო, რომელიც იგონებდა მამის სიტყვებს, სიცივისგან ცხვირი ჰქონდა დასიებული, გაწუთლებული ჰქონდა ლოყები და ქუთუთოები შეკუმშული, სახე არეოდა. პარასკევ საღამოს ძლიერი ქარი ქროდა, მარტი იდგა, სახლის ზღურბლს მიმდგარს რკინის კარის ენაგადმოგდებულ სახელურს სამჯერ მძიმედ ჩასცხო, ოციოდე წამს ელოდა, ისე იდგა. შემდეგ კი შავი დუტის უცნაურ პალტოს გულის ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა და სახლში შევიდა. სახლში სახლის საამო სიჩუმე იწვა, მას ეს ძალიან მოსწონდა, ბევრნაირი სიჩუმე იცოდა ვაკომ - მკვდარი სიჩუმე, გიჟური თუ მრავლისმთქმელი, ეფითეტური სიჩუმე... მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო მისთვის. უსიერ ოთახებს ზედაპირულად აუარ-ჩაურა. სიჩუმეს არღვევდა მისი სიარული, შემდეგ თავის ოთახზე გააკეთა საბოლოოდ არჩევანი. პალტო დივანს მიაგდო და გათბობის ჩამრთველ ღილაკს მიაჭირა თითი. დიდხანს ფიქრობდა, სანამ ფეხსაცმელს იხდიდა. ვაკო მამის სიტყვებს იგონებდა ისევ, ყავის ადუღება დააპირა. თან ფიქრი გამაგრძო, თუმცა, არ ვიცი, რაზე ფიქრობდა და რომც ვიცოდე და ეს ხომ ჩვენი საქმე არაა... ყავა დაასხა ფინჯანში ყავიდნიდან , მერე პალტო გასრისა, როცა დააჯდა. მაშინაც ფიქრობდა , რაზე ფიქრობდა, რაზე ფიქრობდა...„ლატენტურობა შენი ნიჭია” - ეს აზრი შერჩა. რამდნჯერმე ისე გაემეორა თავში, ვერც შეამჩნია. აეკვიატასავით, თუმცა სიტყვის მნიშვნელობაც არ იცოდა და საიდან აეკვიატა, ვერ მიმხვდარიყო... როცა ეს გაიაზრა, სახე მოკუჭა და მაგაზეც ბევრი იფიქრა: „ლატენტური...“ „ლატენტურობა....” საინტერესოა... ყავა მოხვრიპა და სიგარეტი გაირჭო პირში, ამ დროს მობილურმა დარეკა. • გძინავს? • არა , რა დროს ძილია. • რას შვები, მამა როგორ არის? გამოკეთდა? • კარგადაა. მადლობა. • მისმინე ვაკო ბომჟიკასთან ადი და...- გააწყალა ტვინი, - ჩაიბურტყუნა ჩუმად ვაკომ. • ადი და დამალაპარაკე. ბომჟიკა ,ვისზეც ის მწკლარტე ხმა საუბრობდა, გახლავთ იოსებ მუსკუდიანი , მექანიკოსი, მხოლოდ ეს ვიცი. მოკლედ, უარი ვერ უთხრა რატომღაც ვაკომ. • პროფილაქტიკაშია? • ხოო, მანდვეა შენთან. ახვალ თუ ... • ავალ, ხო... რა? • არაფერი-მეთქი, თუ არადა, ლუკიჩას გავგზავნიდი, პროსტა, ბარემ მანდვეა. • ბაზარი არაა, ნახევარ საათში ავალ. • კარგი, ძმაო...რომ ახვალ, დამირეკ... ყურმილი დაკიდა ვაკომ. ყავა მოსვა და ერთხანს უაზრო დუმილის შემდეგ ოთახს მოავლო თვალი: მის ოთახში ორი კარადა იყო ერთი ჩამოკიდებული კედელზე , დამუშავებული ხე, იქნებოდა ქარხნული წარმოების , სადაც წიგნები ჰქონდა ჩამწკრივებული და ერთი ყვავილების ქოთანი - მშრალი და ცარიელი. მეორე კარადას რაც შეეხება, ტანსაცნელების გახლდათ, ძირძველი კარადა, ეგეც ხის , კაკლის და ეგეც ქარხნული, მეორე კარადას თაროების სექტორიც ჰქონდა, რომლის კარებიც მიკეტილი იყო, გამოყოფული სექტორი ტანსაცმლისგან, რომელშიც ხატები და რამდენიმე საღვთო ლიტერატურა ინახებოდა - საიმედოდ. ორი მაგიდა,ღვინის ცარიელი ბოთლები, თამბაწოს ფერფლი - ყველგან მოფენილი, ცარიელი კოლოფები, დახეული ნაწერები და რამდენიმე ჩაის ფერი ზოგადად იმზირებიდნენ ოთახში. ვაკო მოულოდნელად წამოდგა და ის ჩვენთვის შეუმჩნეველი პატარა კამოდის პატარა კარები გამოაღო, სადაც პისტოლეტი და პატარა ტისაკი ინახებოდა. ბევრი არ უფიქრია, ორში ბასრს დაავლო ხელო და მუჭში მანამ ეჭირა, სანამ იმ სასაცილო პალტოში არ მოათავსა. მოკლედ, დრო არ იცდის, არასდროს. ყავა მოსვა და ქუჩისკენ გაემართა. გაინტერესებთ, ალბათ დანა რატომ უდევს ჯიბეში ჩვენს გმირს ან ასეთი მძაფრი გამომეტყველებით რატომ ჩარბის კიბეებს , თითქოს მიიჩქარის, თითქოს შეშინებულია, ვერ გეტყვით. ტისაკი ძალიან მტვრიანი ჩანდა. სადარბაზოდან რომ გამოვიდა, ქარმა ისე ძლიერ დაუბერა, თვალებიდან ნაერწკლები აყრევინა ვაკოს. ამღვრეულ ხედვას ლამპიონები აკაშკაშებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, მთავარი გზა სწრაფად გადაკვეთა ვაკომ და აღმართისკენ იწყო სვლა. ბომჟიკას პროფილაქტიკა იქნებოდა ასე ორასი მეტრის მოშორებით, აღმართისკენ. ქარის საპირისპიროდ უწევდა სვლა. აზრები ეყინებოდა ნაფეხურებთან სიცივისგან და ყავას დავლევო, - იფიქრა, როდესაც პატარა ჯიხურს მიუახლოვდა. ჯიხურში შუახნის ქალი იჯდა. ჯიხურს ერთი დიდი ფანჯარა ჰქონდა, რომელიც გამყიდველმა ქალმა ძლიერად გამოაღო. -გამარჯობა, ლატე გაქვთ? - ჰკითხა პირველმა. -არაა.. ამერიკანო მხოლოდ.- მოწყენილად თქვა ქალმა და შეციებულმა ფანჯრის დასახურად მოიღერა მხარი. -იყოს. რა ღირს? - იკითხა ვაკომ -20 კაპიკი. თავი დასტურად დაუქნია.. -ისე ... ისეთი ქარია, კლიენტის გულიზეც არ უნდა გახსნას კაცმა ფანჯარა.. ქალმა უსიამოვნოდ ჩაიცინა. -მე ვერ ვგრძნობ...ალბათ სქელი ვარ. არ იყო სქელი გამყიდველი. -სიმართლე გითხრათ, საერთოდაც ვერ ვიტყოდი მე ასე, - მიამიტად უთხრა პირველმა. -ჰო, არა... ? აღარაფერი უთქვამს ვაკოს. ძალიან სციოდა. ქარი ყველგან ატანდა და საუბრის ხალისი არა ჰქონდა. ყავა და ოც თეთრიანი გაცვალეს. გზა განაგრძო. თან სიგარეტს გაუკიდა. თითქოს ქარი გაჩუმდა ერთხანს ... ჩაფიქრდა ვაკო... დანა რაღად მინდოდა... გადავაგდო? არა, არა... ასე მერამდენედ გადააგდოს? ვაკომ, ბავშვობიდან მოყოლებული, ეს ბევრჯერ გააკეთა. ახლა ნანობდა. მას ხომ უბრალოდ დანები უყვარდა , მხოლოდ სპორტული ინტერესი , არაფერი მიზანდასახული ... მოკლედ, ბევრი იფიქრა და, საერთოდ, ძალიან ბევრის ფიქრი არ შეიძლება… ქარმაც დაუბერა ამ დროს და აი, ისიც , „პრო ფი ლა ქტი კა “. დიდი ასოებით ეწერა , იქნებოდა ასე საღამოს რვა, არკაში რომ შევიდა. ეზოში სამი მანქანა ეყენა. თითოს ორ -ორი, სამ-სამი კაცი დასტრიალებდა. ის პირდაპირ კუთხეში მდგომი ჟიგულისკენ წავიდა. -სოსო! მანქანის ქვევიდან ფხაკუნი ისმოდა. -ბომჟიკ! იოსებ! ფხაკუნი შეწყდა და თავტლიპინა მხიარული თავი გამოძვრა მანქანიდან. მაგრამ მალევე შეეცვალა სახე. • ვაა... ვაკო... დაიცა, ახლავე გამოვალ..- სახე გაუფითრდა და ისევ შეყო თავი. • მოდი, გამო ერთწამს. • კაი, დაიცა .რავა ხარ ისე?- მანქანიდან იკითხა ბომჟიკამ და თან ფეხები გამოაძვრინა.- სად დამეკარგე... გელა აქაა? • მარტო ვარ , მაგან გამომგზავნა. ბომჟიკა გამოძვრა. ყველაფერი ერთი მოძრაობით დაიფერთხა. სულ მაზუთიანი იყო თავიდან ფეხებამდე. ხელები შარვალზე შეიწმინდა და ცხვირი მოიხოცა. -რაო... ფულიო ისევ? - საცოდავად თქვა ბომჟიკამ. -მისმინე... ვიცი, რომ გიჭირს, გაქვს რამე? დამირეკოსო იმან... გაქვს რამე? უნდა დაგალაპარაკო. • მიწა გამოწყდეს, ერთი თეთრი თუ მქონდეს ... აქვე მოვკვდე, არ მაქვს! - უჩვეულოდ დაიწყო ყვირილი და გოდება ბომჟიკამ. თან თვალს ვაკოს მხარს მიღმა აპარებდა შეუმჩნევლად... • მისმინე-მეთქი... ახლა მე დაველაპარაკები, ვითომ შენ აქ არ იყავ... ამ დროს ვაკომ ზურგს უკან იგრძნო, რომ ვიღაც ედგა თავზე. უკან გაიხედა და ახალგაზრდა კაცი დაინახა,ოცდაათ წლამდე იქნებოდა, ლამაზად გადატკეპნილი თმები, შავი ბასრი წარბები და ირონიული ღიმილი უთამაშებდა მოვარდისფერო ტუჩებთან. უეჭველი ოპერი იყო. • რამე გნებავთ? -იკითხა ვაკომ. მას კი მხოლოდ ღიმილი გაუფართოვდა. • რაო .. რაო.. რას ეუბნებოდი? -თვალი თვალზში გაუყარა უცნობმა. ბომჟიკა გაშრა თან რაღაც საამურიც იგრძნო აშკარად. • რა გაინტერესებს, მე ამ კაცს რას ველაპარაკებოდი? - რა შენი საქმეა. • წამოდი ერთი... • სად წამოვიდე? ეე! ხელი გაწიე, ბიჭო! ეე! ეს ვინღა.. რას აკეთებთ, თქვენი... მანქანაში უკანა სავარძელზე იჯდა ვაკო. • სად მიგყავართ , რაზე მიჭერთ? • რამდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ.. ჰა ჰა ჰა . • ჰა ჰა ჰა - აყვა მეორე . • დაიცა, დაიცა, მივიდეთ! - ჯერ ჭკუამხიარული ჩანდა თმებგადაწკეპილი, რომელიც საჭეს მართავდა. ვაკო შეშინებული იყო. • რაზე მიჭერ! ბორკილები რატომ მიკეთია! • გაჩუმდი, თორე აქვე გიხმართ. • ჰა ჰა ჰა... - მეორემ ჩაიცინა. ვაკო შეშინებული იყო. მალე მანქანა დიდ საშინელ შენობასთან შეჩერდა . თმაგადაწკეპილი ბატონი მანქანიდან გადმოვიდა ,შენობის შესასვლელთან მდგარ ფორმიან ბიჭებს დაუძახა • ეს კაბინეტში შემომითრიეთ! ვაკო, როდესაც კარები გაუხსნეს, თავად გადმოვიდა, თუმცა ბიჭებმა მაინც მყარად ჩაავლეს ქეჩოში ხელი. • მე თვითონ...თვითონ!- არავინ უსმენდა მას , ისინი მაინც ნახევრად ჰაერში აწეულს მიათრევდნენ ლურჯკედლებიან დერეფენში, სადაც ნათურებიც კი ავს იმუქრებოდნენ. ერთ-ერთ ხის კარებთან შეჩერდნენ. და ერთ-ერთმა ბიჭმა ჯერ მდაბიოდ მოათვალიერა ვაკო , თითქოს ბოლოჯერ უყურებსო , შემდეგ კარებზე დააკაკუნა , იქიდდან კი წამისად წამოიყვირეს: -მოიყვანე! ოთახში სამი მაგიდა იდგა ერთმანეთისგან მოშორებით და სამივეზე ვიღაცები ისხნდნენ. საზიზღარი ცბიერი თვალები ჰქონდათ და ერთი კი ზიზღნარევად მობილურით ვიღაცასთან ხითხითებდა. ის თმებგადაწკეპილი შუაში იჯდა. მის უკან კედელზე მხოლოდ საქართველოს დროშა ეკიდა და კალენდარი ედო მაგიდაზე - 2007 წლის. -რას გავს ეს უპატრონო, შეხედე რა... რა სახე გაქ, ბიჭო! - წამოიყვირა მაგან. -მანდ დაჯე, აბა - უთხრა მეორემ - შეფ, შევამოწმო? -ჰო, აბა... გაიხადე, ტანსაცმელი მიეცი ამას. - სახელი ! • ვახტანგი. • გვარი! • ერისთავი. • ბებიაშენისამ , ერისთავი... - ტანსაცმელი გაიხადა ვაკომ და გაუწოდა ჭკუამხიარულ პოლიციელს . • ვაკო, რა ცხოვრებით ცხოვრობ?- ირონიულად მიუგო იმ კაცმა, რომელიც ტელეფონით საუბრობდა, შემდეგ ისევ ხითხითს მოჰყვა და ყურმილი გაისწორა. • ნასამართლევი ხარ?! - მიუგო ისევ დამკითხავმა რომელსაც შავი წარბები ჰქონდა. • არა, არ ვარ. • ეეე, ამას შეხედეთ ერთი, შეფ, რა ამოვუღე... ეს რა არის, ბიჭო! კუთხეში მჯდარმა პოლიციელმა ახლა ყურმილი დაკიდა . • დანით მოძრაობ?! - წამოიყვირა დამკითხველმა. ვაკო დუმდა, თითქოს, ბედს შეგუებული, ახლა მხოლოდ ბედსვე დასცინოდა. • ვისია ეს? • ჩემი. • “ჩემი” დააჯავრა იმან, შეფ შეფ, რომ გაიძახოდა, ,- კიდევ ექნება რამე, დაიცაა.. • ნასამართლევი ხარ-მეთქი?!- მიუგო ისევ • არა, არ ვარ ნასამართლევი. • ჰმმ... ახლა იქნები. • ჰა ჰა ჰა- რა კარგად თქვი, შეფ - თან ჩხერკვა განაგრძო. • რაზე დამიჭირეთ, შეიძლევა გავიგო? ამ დროს ზურგში რაღაც მოხვდა , ძალიან მძიმე და დამკითხველის მაგიდას თავი ჩამოარტყა ვაკომ. უკან კაცი იდგა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეფონზე საუბრობდა. კაცი აგინებდა, შემდეგ სახელურები აიწია და ვაკომ სახე რომ აწია, ახლა შავი ბიტა პირდაპირ ცხვირში მოუქნია , იატაკზე სისხლი დაიქცა, სახე ჩავარდნილი იატაკს შეხედა უნებლიედ ვაკომ. ასე პირველად შეიგრძნო აწმყო . • კაი, გაჩე ჯერ, გურამ, დამშვიდდი - უთხრა შავწარბიანმა. - მითხარი ერთი , რას ეუბნებოდი იმას ... • არასწორად გამიგეთ! - გამწარებულმა ვაკომ წამოიყვირა. • ჩუმად, ბიჭო! - მოუქნია ისევ ბიტა გურმმა. • ვაახ... - მხოლოდ ერთი სიტყვა ამოხდა პირსისხლიან ვაკოს, აღარ გადავარდნილა რბილში მოხვდა. • სანამ არ გკითხავ, მანამ არ ილაპარაკო! • თქვენი დედამოვტყან! თქვე ბოზებო!- გამწარებულმა ვეღარ მოითმინა . სანამ გურამი ურტყამდა ძირს გადავარდნილ ვაკოს, მანამ კარებზე დააკაკუნეს. • ვინ არის?! - იკითხა თმაგადაწკეპილმა შავწარბიანმა და ვარდისფერტუჩება კაცმა. • მე ვარ, შეფ! • შემოდი! ოთახში შემოვიდა გამხდარი ბიჭი , იქნებოდა ოც წლამდე, წელში მოხრილიყო და სრუტუნი ასტყდომოდა. დახეული შარვალი ეცვა , გახუნებუბული. როცა დაინახა ოთახში ვიღაცას გამეტებით ურტყამდნენ, თავმდაბლურად იკითხა: -შეფ, სხვა დროს შემოვალ. • მოდი, მოდი, შე ჩემა, ნუ გაატრაკე.. რა გინდა?! „დაგბრიდავ, შენი!” • შეფ , ხაჭაპური შევუკვეთეთ , ნიკალაიმ ღვინო მოიტანა ... “ნუ მირტყავ... ვახხ...გთხოვ .. “ • ვააა! რას აღნიშნავთ, რა ხდება?- გაუხარდა უფროსს. • დღეს გუჯა ბიჭს ელოდება, შეფ- ტკბილად წარმოთქვა ბიჭმა და ნაზად, მოსიყვარულე თვალებით გაუღიმა ორივე პოლიციელს , მესამე ზურგიგ იყო ჩამუხლული წაწვენილ ვაკოს ურტყავდა. • ვაააიჰჰ... მაგრად გამახარე კი! - თქვა შავწარბიანმა - კაი გეყოს, გურამ ...კაი... • აააი ... მოვრჩი კიდეც. გაითიშა.- სიცილი აუტყდა გურამს, რომელმაც, ცემით გართულმა, ვერც გაიგო სასიამოვნო ამბავი. ყველას გაეცინა ასეთ ნათქვამზე. ვაკო ხმას არ იღებდა , უსიცოცხლოდ გაშიტილი იწვა, თმები სისხლის გუბეში იატაკს მისწებებოდა. • გაიგე ? ელგუჯას ბიჭი ეყოლება. • ვაა!! ღადაობთ, ტო? ახლა? • რა, აღარ იყო დრო? • ვააჰ... როგორ გამეხარ... • მიდი ერთი, მაგას შეასხი წყალი - უთხრა უფროსმა თანაშემწეს. წყალი შეასხა მან, ვინც ჩხეკდა ტანსაცმელს. გურამმა კი ზიზღნარევად დახესა გვამს - ჰა, ბიჭო, რატომ აღარ ყვირი! შე ახვა... • კარგად მიასხი, შე ჩემა , ეგრე ვერ იგრძნობს. • ვასხამ, შეფ. • ჰო არ დაიბრიდე , ე , ყ..ო ! • მგონი მოკვდა, შეფ! • კარგად შეამოწმე, ბიჭო, ეგღა გვაკლია. - თქვა უფროსმა. • ვაი... მართლა მოკვდა... ყველა დადუმდა. რაღაც უხერხულობა ჩამოწვა • მოკვდა და მოკვდა, მაგის დედა... - თქვა უფროსმა და კარებისკენ გაემართა გუნება წამხდარი , - ხვალ გულის შეტევით მოკვდება , ექიმის ცბობა და ყველაფერი მოამზადეთ , გურამ, გურამ! • ჰო.. რა არის? ჰო ჰო..- გურამი ფიქრობდა. • კამერებსაც... უფროსი ოთახიდან გავიდა. • ვახ... რა სუსტი ყოფილა ეს ჩემისა... • ერთი მაგისიც ... ჰა ჰა ჰა- თქვა მეორემ . • გაჩუმდი რა... უცბად ტელეფონმა დარეკა , ეს ვაკოს ტელეფონი იყო. • დედამისი ურეკავს გურამ. • არ დაგეჭიროს... ანდა ... დაიცა , მაიტა აქ . • სად ხარ, შვილო, 12 საათია უკვე.. • გამარჯობა, ქალბატონო, მე ლეიტენანტი სირაძე გახლავართ. • გამარჯობა... - შეშფოთებულმა გამაგრძო, - რაშია საქმე? რამე დააშავა? • ფულის გამოძალვის ფაქტზე დავაკავეთ თქვენი შვილი. როგორ მოგმართოთ? • რას ამბობთ... გამორიცხულია.. ჩემი შვილ... • ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, თქვენი სახელი? • ნინო . • ქ-ნო ნინო , დაგიკავშირდებით ახლო მომავალში... თქვენი შვილი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული , მხოლოდ იმიტომ გიპასუხეთ, რომ ტელეფონის გათიშვა დაავიწყდა თანამშრომელს. ნუ ინერვიულებთ... • მას დიაბეტი აქვს , ჩვიდმეტი წლისაა , გთხოვთ , ნორმალურად მოეპყარით ,ის არაა ცუდი ბიჭი. • მაპატიეთ, ქალბატონო, უნდა დაგემშვიდობოთ , ყველაფერს გაგაგებინებენ ახლო მომავალში. გაუთიშა გურამმა. • ეე, ჟორა.. ისე მოაწყვე, ჩვენ რომ ვიცით .. დიაბეტი ჰქონია. • ჰა ჰა ჰა. - ორივემ ჩაიცინა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი