ვაკო 29 წლის
გაზაფხული წინა ზაფხულივით გაიპარა. დღეს ექვსი ივნისია, შვიდი! შვიდი, ივნისი . ისე კი, როდესაც სამსახურს კარგავ, თვეებს, დღეებს და, მით უმეტეს, საათებს მნიშვნელობა ეკარგება, ფასს კარგავს თითქოს. იღვიძებ საღამოს და იძინებ მაშინ, როცა მოგესურვება. ამასწინათ სამი დღე-ღამე არ მძინებია, თქვენ მკითხავთ, რატომ? მე კი ვერაფერს გიპასუხებთ, თავადაც არ ვიცი, ისე კი მშვენიერ ხასიათზე ვარ. თუ მაინცა და მაინც მოვიწყენ ხოლმე, ლამარას ვურეკავ, ისიც მოცუნცულდება და ერთად ფილმს ვუყურებთ, მერე ჩემს აივანზე ყავას ვსვამთ და ფილმზე ვმსჯელობთ, აზრებს ვცვლით ან სადმე ვსეირნობთ, ხან კი სექსითაც ვკავდებით. გულწრფელად რომ ვთქვა, მეტ წილად ასე ვიქცევით და შემდეგ ვნებადაოკებულნი უსიტყვოდ ჩემი სახლის ჭერს შევცქერით ერთხანს ზურგზე მწოლიარენი და სიგარეტს ვაბოლებთ ერთმანეთის საპირისპიროდ. მერე შიშვლები ერთმანეთის სხეულის თვალიერებით ვიცინით და სასაცილო პოზებს ვიღებთ. ეს ერთგვარი თერაპიაა; მას ეს ძალიან იზიდავს და ვფიქრობ, მეც არანაკლებ. მას კომპლექსები არ გააჩნია ჩემთან, მე ხომ საერთოდ! საცაა ას კილოს მივაღწიო, ეს კი, აი, უკვე რა ხანია პრობლემას არ წარმოადგენს. ადრე, როცა მაწუხებდა ეს, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ კაცი ვარ და თან ქართველი. აქ ხომ მთავარია, კაცი იყო და თან ქართული კაცი „ზავაცკოი’’ , დალშე, არაფერზე იდარდო, ჯიგრი.. ახლა რაღაც შეიცვალა.. ან სულაც მარტივად, უბრალოდ დავიღალე ისეთ საკითხებზე ფიქრით, რომელიც ჩემდა გაუცნობიერებლად იყო მოცემული, „მოწეპებული’’ და ჩემმგან არ მოდიოდა. კიდევ გუშინ მივხვდი, რომ ჩემს ბებერ თაროს სულაც არ უხდება წიგნები, წიგნები იატაკზე მწკრივად ჩამოვალაგე, შემდეგ ტანსაცმლების თაროც ცერად მომხვდა თვალში და ყველა ტანსაცმელი დაცარიელებულ თაროზე გადმოვალაგე, არც ისე მოუხდა, თუმცა ცვლილება პირველივე მომენტში თვალში მოსახვედრი აღმოჩნდა, ასე უფრო მომეწონა. ტანსაცმლის თარო ახლა კი სულ დაცარიელდა. დღეს სუპერმარკეტში გავედი, მაინც და მაინც „სუპერში’’ , იმისტვის, რომ სწორედ ის ლარნაკი მეყიდა, რომელსაც ამ რამდენიმე თვის წინ თვალი დავადგი. ლარნაკი სხვა ჩვეულებრივი ლარნაკებისაგან ერთი შეხედვით არ განსხვავდება, თუმცა რაღაცნაირად მიზიდავს. საქმე მგონი იმაში გახლავთ , რომ როდესაც პირველად დავინახე ის ლარნაკი, იმ დღეს ძალიან კარგი რამ მოხდა, რა მოხდა არ მახსოვს , მახსოვს ლარნაკი მხოლოდ და ის, რომ კარგი გრძნობა დამეუფლა მისი მონაცრისფრო მოგრძელებული კისრის დანახვისას. ხო. მინდა დილაობით, როდესაც შიშველი ფეხებით ტანსაცმლის დაცარიელებულ თაროსთან მივალ და გამოვაღებ, ის ლარნაკი დავინახო ხოლმე და გავიღიმო, თუნდაც არ მეღიმებოდეს, თუნდაც ძალით ან იმ ოცდაცხრამეტი ლარისა და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრის ხათრით. რომლებიც ძალიან დამაკლდა, თუმცა ყოველი დილის უსაფუძვლო ბედნიერებას შევწირე. მე მარტო ვცხოვრობ. ეს სახლი ბებიასგან დამრჩა. აქ ერთ დროს მე და ბებია ვცხოვრობდით , მაშინ კარგი დრო იყო, ახლა კი მთლად უკეთესია, რადგანაც აღარაფერზე მენევიულება, მე ჩემს თავს ყოველთვის გადავიტან, აი, მასზე კი ბევრს ვფიქრობდი და ვნერვიულობდი. ის ბრწყინვალე შვიდეულში წავიდა იმქვეყნად, ამიტომ ახლა სრულ ჰარმონიაში ვგრძნობ თავს და მეტად მშვიდად ვარ, მხოლოდ იმის იმედი მაქვს, ერთ უმნიშვნელო ამინდიან დღესაც მეც იმ ვიაიპ ლაუნჯში შევხვდები მას და ისევ ისე ვიცხოვრებთ ოთხ ოთახიანში, მხოლოდ მოულოდნელი სიკვდილის შიში აღარ შეგვაწუხებს. ის იქიდან მბალეშიკობს და უხარია, რომ ასეთი უშუალო და უდარდელი ვარ საკუთარ თავთან, ამას ვგრძნობ , უცხადესად. სიზმრად როდესაც ვხედავ მას, იცინის ლაღად, ზოგჯერ ცეკვავს კიდეც, ბებიაჩემს ჩელენტანო უყვარდა მის ფონზე ცეკვავს თან ისე.. ფეხი სულაც აღარ სტკივა, თეძოს ჯულია რობერტსივით იქნევს და თან ეშმაკურად თვალს მიკრავს... თითქოს საცეკვაოდ მიწვევს. უწინდელივით ჭკუამხიარულია. მეც აქედან ცოტა სევდა მომაწვება ხოლმე, მაგრამ მაინც ვუღიმი , ვცდილობ, არ ვაგრძნობინო ჩემი კეთილი შური და ბრმად ვუცქერი ჩემს ნახევრად დამპალ ჭერს , ჭერის მიღმა ვიყურები თითქოს. ბებო ჩემს გამომეტყველებას უყურებს და ისევ მეუბნება, პაპაილა ხარო...რა გითხრათ , ვარ კიდეც. დარდი არა მაქვს. ბევრი არაფერი მჭირდება. საკმარისია დენი იყოს სახლში და ფანჯარა არ ჩაიკეტოს, სუფთა ჰაერი რომ შემოვიდეს. მაცივარში კვერცხი მაინც იდოს და ჯიბეში სულ მცირეოდენი გროში, რომ სიგარეტი ვიყიდო, შემდეგ საყვარელ ავტორებს რომ ვაბოლო ყველა კენტსა თუ ლუწ გვერდებში და ნიკოტინის დაუოკებელი და ესოდენ სათუთი მოთხოვნილება მოვუკლა, ისინი ხომ სამარადისო სასჯელს იხდიან ჩემს მტვრიან თაროზე... მე რომ არ ვიყო, აბა მათ არსებობას რა აზრი შერჩება. მწერალი მკითხველის გარეშე გამომშრალი პოროხია. ეგ კი არა, თაროც აღარ აქვთ, ისე ცხელა, ვგონებ იატაკზე ურჩევნიათ, ძალიან ცხელა, იატაკი მათთვის ალბათ შვების მომგვრელია. ეს კი მე ვარ , რაც ვარ. როგორიც შემიყვარეთ ან თუნდაც მიმიღეთ, თქვენი ნებაა, გინდ თაროც არ მაღირსოთ, კამოდის ქვეშ დამმალეთ ან სულაც ჩარჩოში ჩამსვით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი