ინერცია
როგორც ხრწნად გვამში, ქალაქში მუდამ მწერებივით წრიალებენ ადამიანები და სირენების გაბმულ კივილზე იწყეენ ჩოჩქოლს. მათი ჩოჩქოლი სარიტუალო ცეკვას ჩამოჰგავს. ქაოტურ ცეკვას, ქაოსისავე გასაღმერთებლად. ქალაქის თავზე მზე, მხოლოდ, ტყვეა ხელ-ფეხშეკრული სადენებით და სველი ტანსაცმლით. ქალაქის თავზე მზე, ყასაბივით, მიჩვეულია მყრალი ხორცის და სისხლის სურნელებს. ასეთი მზის ქვეშ ტკივილის ყოველი წამი, მეძუძური ძაღლის მკერდივით, გაწელილია. ასეთი მზის ქვეშ ბავშვებს ჩვეულზე უკეთ მოუჩანთ შიმშილის მიერ ამოკაწრული ნეკნები ტანზე. ასეთი მზის ქვეშ სულერთი არის: გიმღერებს ჩიტი, თუ მომაკვდავი ახალგაზრდების ხრიალს მოისმენ. ბედნიერების ყველა მცდელობა მორგში მოწყობილ წვეულებას ჰგავს, ასეთი მზის ქვეშ. ასეთი მზის ქვეშ ყველა სიმართლე, ბაბილონელი ორატორივით, ვერგაგებული კვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი