თავისუფალი ვარდნა


გელოდებოდი.
ოთახი, როგორც ხელში მოხვედრილ შემთხვევით საგანს 
მაგორავებდა კუთხეებს შორის, დაძაბულობის დასაოკებლად.
ქარია. 
ფანჯრებზე კაკუნი ტოტების,
მორზეს ალფაბეტს იყენებს ქარი
-მე ნაცნობ გზავნილს მარტივად ვშიფრავ:
"როდის ყოფილა, გაკაფული და დატკეპნილი გზით
მოსეირნობდეს გამოსავალი?"
მე ვეყუდები კედელს მინდობით,
ვით ნამთვრალევის ტუჩებს "ბორჯომი"
და კარს, რომელიც უნდა გააღო
და კარს, რომელმაც უნდა გააღოს
შენი კარები 
ჩემთვის,
ვდარაჯობ  
ისევ ძაღლური ენთუზიაზმით.
ქარია. 
ფანჯრებზე კაკუნი ტოტების,
მორზეს ალფაბეტს იყენებს ქარი:
"როდის ყოფილა, გაკაფული და დატკეპნილი გზით
მოსეირნობდეს გამოსავალი?"
მე ვაღებ კარებს
და დავაჩერდი სასოწარკვეთით სიცარიელეს,
ვით ცრუმორწმუნე გატეხილ სარკეს.
გელოდებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი