თუკი, ერთხელაც, მწყურვალე მზერას...


თუკი, ერთხელაც, მწყურვალე მზერას
მიაპყრობ ლექსებს,
ხოლო, ისინი ძუძუდამშრალი დედისნაირად
ატირდებიან,
უნდა დაწერო!
რომ არაერთხელ გადარჩენილხარ სიცარიელეს
და გადარჩები ახლაც, უთუოდ.
თუკი, ერთხელაც, ისე დაბნელდა,
რომ ცხვირთან თითი ვერ მიიტანე,
ყურთან - სიტყვები,
უნდა დაწერო!
რომ გათენდება,
რომ განთიადი სკალპერით გახსნის ისევ ჰორიზონტს
და გამოშიგნავს სინათლის ყოველ სხივს და სიმშვიდეს.
რომ აღმოაჩენ ამ გათენებას, ისე უეცრად,
როგორც სიბერეს მშობლის ქცევაში,
თითქოს, ყოველთვის ამგვარად იყო და ვერ ამჩნევდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი