Closed


არსებობს ლექსი, რომლის დაწერაც
არის საფრთხილო, 
როგორც ტონის და თემის შერჩევა
კლინიკის ჰოლში ნანახ ნაცნობთან.
და როგორც წესი, მსგავსი ლექსები იკრებენ ძალას,
კბილებისა და ყბების გამტვრევით აღწევენ გარეთ
და გაჰყვირიან: "არ მოგასვენებთ!"
მსგავსი ლექსები, მუდამ, გვამხელენ,
რომ ვუღალატეთ ყველა შესაძლო აღთქმას ისევე,
როგორც სოდომის ეპისკოპოსმა.

თვალებიდან, რომ ამოხეთქვავენ ცრემლები, როგორც
ფანჯრის შუშები გახურებული შენობებიდან,
ან, მოთმინების ყოველი ფენა 
ძველი და მშრალი საღებავივით,
რომ ჩამოგვძრება 
კედლადშექმნილი, თავაზიანი, ღიმილებიდან
-მაშინ იწყებენ ჯანყსა და ყვირილს, მსგავსი ლექსები.

ხოლო, თვალები რომელსაც ადრე, 
პორტალებივით, გიხელდნენ, რათა 
გადაგეღწია პოეზიაში  
-დახუჭულია შენთვის,
შენს გამო,
შენი სიმძიმით...
მსგავსი ლექსები, 
როგორც ცოდვათა ეკვივალენტი როზგი და ფურთხი,
მოდიან ჩვენთან და გაჰყვირიან: "არ მოგასვენებთ!"
შემდეგ, გვტოვებენ სალოსისებურ სიმარტოვეში
არასრულებსა და არშემდგარებს, 
როგორც სურათზე ვერგამჟღავნებულ სხარტ მოძრაობას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი