ფრაგმენტი


მახსოვს, მითხარი-
შენ რამდენ ლექსსაც დამიწერ იმდენ
მწვანეთვალება შვილს მოგიძღვნიო...
და ჩემი მზერით გაჟღენთილი თმა ჩამოიწურე.

შენ ზუსტად იცი როდის წახვიდე,
მატადორივით,  ბოლო წამს მაცლი ხელიდან იმედს.
და არ მჭირდება ქირომანტია,
რათა გავიგო, რომ ვეღარასდროს ვეღარ შევავსებთ
ჩვენ ერთმანეთის ხელებს ხელებით.

შენი დუმილი ღონეგამოხდილ ქალს დაემსგავსა -
ხელკავგაყრილი მთელი თავისი წონით მეყრდნობა
და მივჩანჩალებთ გზებზე, რომლითაც შენ არ გაივლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი