ჩვენი ეგოების ექოები


მსგავს ამინდებში,
გაყინული ოთახების ღრიჭოებიდან უსტვენს ქარი -
ეს ღარიბების ჯაზია.
ხოლო, კანკალი - ამ ჯაზზე ცეკვა.
მსგავს ამინდებში, მსგავს ამინდებზე წერაც
რა არის, 
თუ არა ისევ გაქცევისა და მალვის მცდელობა.
-აზრი არა აქვს.

ჩემი ყურების მღვიმეში ისევ, 
ექოებივით მეორდებიან შენი სიტყვები:
"ეს ბოლო იყო, უნდა წავიდე!"
და გლოვის ნიშნად დაშვებულ დროშას
ჰგავდა შენს ზურგზე გადმოფენილი შავი, გრძელი თმა.
კვლავ, გულში როგორც მეზობლის სახლში,
შემაწუხებლად, ხმაურობს ვიღაც.
ვიღაც, ვინც ყვირის:
„აზრი არა აქვს!
შენ მონდომებით დაგივიწყებენ,
როგორც ბავშვობის დროინდელ სირცხვილს.
აზრი არა აქვს.“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი