ცნობა გადარჩენის შესახებ
როცა ბოლო მზემ გამოიტყორცნა სინათლის ბოლო ნაწილაკები, როცა ბოზებმა თავი მოუკრეს ღირსების ბოლო ნამცეცებს, როცა სამყაროს ყველა ტირანმა ცრემლის სადენად ერთი მოტივი აღმოაჩინა, მე პოეზია დავაორსულე. და განსხეულდა მასში ყოველი, ვინც დაამუნჯეს, ვინც იძულებით იღიმის ხალხში, ვინც მიატოვა ბედნიერების შესაძლებლობა, ვინც მარტო დარჩა მშობლის ცხედართან, ვინც კატაფალკებს დოღის ცხენებად წარმოიდგენდა. ის ვინც ვალებს და ცხოვრების დღეებს აღარ ითვლიდა, ვინც კედლებიდან ამოსულ სულებს შიზოფრენიას აწერდა, ჩუმად. ვინც გენეტიკამ გაწირა, ანდაც ვინც გენეტიკა გაწირა, რადგან იყო "რადგანაც", " სადაც", " როდესაც", "ასეთ წრეებში" და ასე შემდეგ. ვინც კუბოები დათესა და მარმარილო მოიმკო. ვინც ჯვარს გააკრეს და გააცოცხლეს. ვისაც გაარტყეს და საპასუხოდ შემოითეთრა მეორე ლოყა. ვინც ცხედრად იშვა, ან უნაყოფო დედის სხეულში ჰპოვა აკლდამა. მე პოეზია დავაორსულე. ის დაიბადა: და მან გაიძრო დედის ცხედარი, როგორც ნახმარი პრეზერვატივი, მაკიაჟივით ჩამოირეცხა სახიდან მარცხის შესაძლებობა და მან წარმოთქვა: მიყურეთ სანამ დამიჩოქებდეთ მე კაცზე მეტად ღვთის მაქვს იერი და ღმერთზე მეტი უნარი შექმნის. მე სიახლეთა კოლექტორი ვარ. მე ვარ პირველი ვინც ყველა პირველ თოვლზე გაივლის. მე ვარ ახალი დროის საწყისი და ეშაფოტი მათთვის ვინც წარსულს ებღაუჭება. მზე ვარ, რომელიც ცრემლებს დაგიშრობთ და ვარსკვლავი ვარ ბნელ უდაბნოში დაკარგულთათვის. ხმა ვარ უდროოდ დაბადებული გენიოსების, სვავების მიერ მონელებული ჯარისკაცების ხმა ვარ. მე ვარ რწმენა და იმედი ყველა წმინდანის ლეშთან მდგარი მლოცველის. ამ ეპოქაში მე ვარ ეპოქა! და მე ვარ ცნობა გადარჩენისა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი