აღდგომა


დაბადება - საშოს ყულფიდან თავის დაღწევა.
"წვეთი ჰაერიც საკმარისია გადასარჩენად"
-გაიფიქრებს და ტირის ყოველი.
სიკვდილი ყულფზე - ნოსტალგიური ხალხის ხვედრია
(ოიდიპოსსაც ახსენებს ვინმე - ვერ გაამტყუნებ).
ვბერდებით.
სიბერე სეისმო-აქტიური ზონაა,
სახეზე რომ აჩენს ბზარებს
და გვამსგავსებს ყავარჯნებზე დაყრდნობილ ავარიულ შენობებს.
ყოველდღიურობის პრელუდია - მოტორული სიმფონია, სამანქანო საცობში.
ფეხით ჯობია...
მიწისქვეშაში მუსიკოსები ბაგირივით ჩაგაბავენ გიტარის სიმებზე
და გაცილებენ მეორე მხარეს.
დაკვირვება ჩემი მუდმივი სამსახურია.
შეთავსებითი - თამბაქოს მუმიების გადასვენება სარკოფაგიდან
ჩემი ფილტვების კრემატორიუმში.
ხელოვანები იჩოქებენ  ბოდვების კედელთან
და ნაპრალებში ტოვებენ სურვილებს...
ხოლო, მე ვხუჭავ თვალებს, რათა იქიდან ჩემმა სიზმრებმა 
და ოცნებებმა არ ამოხეთქონ
და არ დატბორონ ეს ქალაქი,
რომელშიც ვიცი, ადრე თუ გვიან აკანკალებულს 
ფოთლებივით გამცვივდება ბოლო სიტყვები.
ვხედავ, როგორ იძირება ეს ქალაქი
მთელი თავისი საპროტესტო ლოზუნგებითა და
შეპირებებით უკეთესი მომავლის შესახებ.
ვერ გავიქცევი.
მე აქ დავრჩები,
ქალაქში, სადაც ვეღარ ვიცეკვებ შენთან ვერასდროს
ისე, რომ ტანზე შემოგახიო პარფიუმი და სუნამოს სუნი.
ქალაქში, სადაც ვარ მარტოსული
ქვის აკლდამაში გაღვიძებული იესოსავით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი