მეტაფორმოზა


და  ხდება ასეც, 
რომ დაგატყდება ბედნიერება, 
მოულოდნელად,
ვით უბედური შემთხვევა,
შენ კი, დიდი ხნის, გზაარეული 
გემის მატროსის მსგავსად შესძახებ:
მიწა გამოჩნდა!
და სანამ მიწას იგრძნობდე ფეხქვეშ,
-იგრძნობ ტუჩებით.
ან შემოავლებ მთრთოლვარე ხელებს,
ვით გენერალი მტრისგან მოპარულ სამხედრო გეგმას.

ხომ შეიძლება, რომ მოხდეს ასეც
-	ვიქცეთ სიტყვებად, 
შეყვარებულთა ენების ძირში
წამოწოლილებს  გვეძინოს, ხოლმე. 
მე ვიყო "შენთან",
"ახლოს" კი იყოს შენი სახელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი