მკვდრების აჯანყება
პოეზია მოკვდა! მისი ცხედარი ღუზად ჩაუშვეს ყოფიერების კრეისერიდან მღვრიე მიწაში და დასცქერიან გაშეშებულნი, როგორც ქუჩაში გულწასულ გამვლელს. კონტურწაშლილი ადამიანი გადის ქალაქში. მისი აქყოფნა არამწეველთა ოთახში მოკიდებული სიგარეტივით უადგილოა. მის წინ მეძავი ზანტად შლის ფეხებს, როგორც დაღლილი ბიუროკრატი შარშანდელ საბუთს. დროდადრო გვერდზე ვიღაც შეჰყვირებს (დაკარგა ბავშვი, თუ ბორში უნდა - კარგად არ ისმის) კონტურწაშლილი ადამიანი ცდილობს გაფრინდეს თბილ დღეებში და ფრთებად კალენდრებს იქნევს. მშვიდობით! - ამბობს და თვალებს ხუჭავს. და როგორც იქნა, კონტურწაშლილი ადამიანი ისევ, აქ არის. მის გვერდით, ისევ. ის ეფერება მის ტუჩებს, თითქოს ლოცვას კითხულობს ბრაილის შრიფტით. არ დამივიწყო! - დაიღრიალა კონტურწაშლილმა ადამიანმა და მის კისერზე იფეთქა ძარღვმა, ვით ღამის ცაზე ელვის კლაკნილმა. მისი ღრიალი შორეულ ხმათა ტალღებს ჩაება. - მე მხოლოდ შენი სიწმინდის მწამდა, ვით მეკუბოვეს გარდაუვლობის.... მშვიდობით! - ამბობს, კონტურწაშლილი ადამიანი და თვალებს ახელს. ისევ აქ არის. ქალაქში ისევ. სევდიანი და მიტოვებული, როგორც ბორდელი გამთენიისას... და ყველაფერი იდეალურად უიმედოა, თითქოს ქალაქის დაგეგმარება მორგებულია მძიმე დღეებზე. კონტურწაშლილი ადამიანი მიდის სახლისკენ, სადაც ხატავდა მზეს და იშრობდა ცრემლებს, ხუჭავდა თვალებს და ახელდა სიზმრებს უკეთესი დღეების შესახებ. დიდი ხანია, რაც მის ძარღვებში აღარ მარშირებს მდუღარე სისხლი. დიდი ხანია, რაც მასსა და იმედებს შორის, როგორც ორ ფურცელს შორის სანიშნე ისე ჩამოწვა რაღაც მესამე. დიდი ხანია, რაც შეეგუა შეუძლებლობის შესაძლებლობას. და ის აქ დარჩა, საფლავებს შორის - მარმარილოს და გლოვის ტყეებში. ის იმეორებს - "ჩემი ცხოვრება ორგვაროვანი და საშიშია, როგორც ცხედარი თვალახელილი... ჩემი ცხოვრება ორგვარვანი და საშიშია..." და თან მიათრევს გაფერმკრთალებულ ოცნებას, როგორც პარალიზებულ კიდურს. მისი ცხოვრება ორგვაროვანი და საშიშია. "როდის ვიქეცით სატელეფონო ზარებად? როდის დავიწყეთ პარფიუმერიით ხრწნის სუნი მალვა? როდის შევწყვიტეთ გულწრფელად ცეკვა?" -ამბობს ჩურჩულით კონტურწაშლილი ადამიანი და თვალებს ხუჭავს. პოეზია მოვკდა! მისი სხეული ღუზად ჩაუშვეს ყოფიერების კრეისერიდან მღვრიე მიწაში და დასცქერიან გაშეშებულნი, როგორც ქუჩაში გულწასულ გამვლელს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი