ჩვენ აქ არავინ გველოდებოდა
არავის სჭირდება ჩვენნაირი სტუმარი. ჩვენნაირი სტუმრები სახლში შესვლისთანავე ერთხმად, ჩურჩულით, როგორც წირვაზე "ამინ"-ს, ისე წარმოთქვამენ: "აი, თურმე როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც ჩვენ არა ვართ." ჩვენნაირ სტუმრებს თქვენი ცხოვრების მოპარვა უნდათ - თქვენი ავეჯის, თქვენი ტექნიკის, თქვენი ღიმილის, ჯანსაღი ორგანოების, აივნიდან გადაშლილი ხედის, რომელშიც საკუთარ ქალაქს ვერ სცნობენ. ისინი თქვენს სკამებზე სხდებიან თავისი გამხდარი სხეულებით, იმდენად ტლანქად, რომ თითქოს ვერ ეტევიან. ეწევიან, სვამენ და მიდიან. მათ მიაქვთ ყველაფერი, თქვენი სიცოცხლე, თქვენი ღიმილი, თქვენი ტექნიკა,ავეჯი და მთელი ცხოვრება დაატარებენ. ხოლო თქვენ... თქვენ გრჩებათ გამოშიგნული დღეები გამოშიგნულ ბინაში და ხედი ქალაქზე, რომელიც არ არსებობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი