წყევლა


როცა თვალთაგან გწმენდდი 
ჩემს მლაშე, ნესტიან ლექსებს,
წყენას,
ლოთობას,
ქრონიკულ ხველას,
მაშინ პირველად წარმოვთქვი
-"მე აღარ დავწერ ლექსებს..."
და პირველად ავქვითინდი ქალთან.
შენ, როგორც ბავშვებს ფაფას ისევე,
მომწმინდე მე ამ სიტყვებით მოთხვრილი პირი.
მე ახლაც ვტირი
და ვიმეორებ:
მე აღარ დავწერ ლექსებს!
მე აღარ დავწერ ლექსებს!
მე ახლაც ვტირი.
ქართველის სისხლივით წითელი ბორში,
უკუსვლასავით თეთრი არაჟნით,
აფხაზეთივით რუსული ბორში
მე არ შევჭამე
და შევასრულე ჩემი ნეკნების პიანინოზე
"ჰიმნი სიცოცხლეს".
ყველაფერი, რასაც მივაღწიე არის ფრაზების
და მელნით მოსვრილი ფურცლის მონობა,
სადაც ვიძახი:
"ამოიგლიჯეთ გული ნეკნის და მკერდის საკნიდან!
ამოიგლიჯეთ თავის ქალიდან ტვინი!"
ყველაფერი, რასაც მივაღწიე არის 
თავისუფლების მონობა,
ყველაფერი, რასაც მივაღწიე
არის მონობა...
არ არის ჩემი ჩემი გონება,
არ არის ჩემი ჩემი გონება,
არ არის ჩემი ჩემი გონება,
როგორც სოხუმი,
როგორც შენ...
მე აღარ დავწერ ლექსებს!
მე აღარ დავწერ ლექსებს,
ვიმეორებ და მე ახლაც ვტირი,
როგორც პირველი ცრუ-აღსარების ჩაბარებისას.
როდესაც მზე ჰორიზონტის 
საშოდან იშვა, მაშინ პირველად
სიკვდილისპირულ ლოცვად წარმოვთქვი:
"მე პოეზია გამანადგურებს!
მე პოეზია გამანადგურებს!
მე პოეზია გამანადგურებს!"
და ირეკლავდა სხივებს სადგურის
ყველა მეტალი...
ვერ ავიტანე ის, რომ ლექსები 
სხივებს არ ჰგვანან
და მივატოვე ადგილი, სადაც
ბნელი ქუჩები ზღვებივით ღელავენ
და ქუჩებივით ღელავენ ზღვები.
სადაც ბებრები ზამთრის სკვერებში
მტრედებს უყრიან საკენკად წარსულს 
და მოგონებებს...
ვბრუნდები სახლში,
ქუჩის ხმაურით გაჟღენთილ მანტოს
კარებთან ვფერთხავ,
ჩემი უსულო ცოცხი კი ხვეტავს
შემოსასვლელში დაყრილ
მათხოვრებს, პატრულს,
გინებას, არაყს,
სიცივეს, გზებს,
უთოვლობას,
სტუდენტებს,
ლექსებს, შენობებს,
ბანკებს...
ვიხდი მაისურს 
და სხეულიდან ტყავის ნარჩენებს,
ნეკნებს ვალაგებ თანმიმდევრულად
მაგიდის პირზე და აისამდე ვუკრავ ყველაფერს,
რაც ვერ დავწერე,
ვერ ვთქვი,
ვერ დავიცავი,
ყველა ჩემს შიშზე,
მარტოობაზე
და უადგილო ერექციებზე ვუკრავ,
ვხედავ, რომ ფილტვებს ეკვრებათ სუნთქვა
სიკვდილის უნარდაკარგულობით
-ჩემი სხეული პიანინოა.
ქვეყნად არ არის არსად ისეთი მილენიუმი,
განზომილება, სივრცე, სიზმარი,
სადაც ობოლი, დანაჩოქები ლურჯი მუხლებით
არ სახლდებოდი
მრავალი კახპის მკერდის,
წიგნების,
ლუდის ბოთლების
და ძალადობის ნასახლარ თვალებში.
სველი ბალიში - მლაშე ლექსებით,
წყენით, ლოთობით
და ქრონიკული ხველით
-ეს არის შენი გოლგოთა,
ეს არის შენი ხვედრი...
ქოლგათა წვიმას ცა ემალება,
ქოლგათა წვიმას ცა ემალება,
ქოლგათა წვიმას ცა ემალება...
მე საკეისრო კვეთით გადახსნილ
სიზმრის სისხლიან საშოში მეღვიძება
ფილტვის ტკივილით, რომელიც ისევ
ნიკოტინს ითხოვს.
როდესაც ჩვილი ბავშვის თვალებით
ვუცქერდი, როგორ დაპატარავდა
და ჩაეტია მამა ოთახის ერთ-ერთ კუთხეში,
როგორ ტიროდა ჩვენი ეპოქის
საუკეთესო პოეტი - მამა,
მაშინ პირველად ვიკითხე:
მამი, რას ნიშნავს გენეტიკა?
მამი, რას ნიშნავს გენეტიკა?
მამი, რას ნიშნავს გენეტიკა?
მე ახლაც ვტირი...
რა შემიძლია ვთქვა ან დავწერო
ვარდისფერ ცაზე, პეპლებზე,
ან გაზაფხულის მსუბუქ ნიავზე,
როცა ჯერ კიდევ ჩასახვამდე გამდევნეს
მშობლიური მიწიდან, სადაც
ცა იყო ვარდისფერი 
და პეპლებს მსუბუქი ფრთებით მოჰქონდათ
გაზაფხულის ნიავი.
-ალბათ ეს არის ყველაფერი,
რისი დაწერაც ძალმიძს პეპლებზე,
ვარდისფერ ცაზე
და გაზაფხულის მსუბუქ ნიავზე.
ხვალის ამინდივით პროგნოზირებადი
გახდა ორატორთა გამოსვლები,
იაღოველთა ბუკლეტები,
ვალუტის ვარდნა
და ინფლაციის შიში,
რომელსაც თან სდევს საკუთარ თავის იმედად 
დარჩენის შიში,
შიში ანარქიის...
ხალხის, რომელსაც სიტყვა 
"ანარქია" აღაგზნებს,
ცოლის, რომელსაც სიტყვა
"ანარქია" აწითლებს,
შიში,
შიში,
შიში,
შიში, იმის, რომ უფლის ნაწილებს
ვერასდროს შეკრებ
ჩემო ძვირფასო და ერთადერთო,
ჩემო ძვირფასო და ერთადერთო,
ჩემო ძვირფასო და ერთადერთო,
ვიცი როგორი მშვენიერია ზოგჯერ სამყარო,
ანუ მას ზოგჯერ შენი თვალების ანარეკლიდან
ვუცქერდი.
ახლა,
ჩემთვის ერთგვარი ეროტიკაა
დაცლილი ბოთლი,
მაილს დევისი
და ქაოტურად მიმოფანტული
სიტყვებითა და ცრემლებით სავსე ოთახი,
სადაც ვერაფრით მოვკვდი,
სადაც ნიკოტინის ღრუბლებია,
რომლებმაც ამ დილით ეს ლექსი მოთოვეს
და მე პირველად შემცივდა ისე,
რომ შენ ვერ მათბობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი