რევოლვერის მწეველი
ოდესმე გიგრძვნიათ, როგორ დედდება თქვენი სული? როგორ გეცლებიან მხედველობიდან ადამიანები, სწრაფად მავალი მატარებლის ვაგონებივით... თქვენი ოთახი ამოვსებულა თქვენივე ცხედრების მრავალი ვარიაციით? მე არ ვტიროდი, ძალიან დიდ ხანს -მე ცრემლებს ვიფურთხებოდი, რათა თვალები დარჩენილიყვნენ სუფთანი, რათა მენახა, რათა მენახა, რათა მენახა, ის თუ როგორი ლამაზი კაბა აცვია სიკვდილს. ოდესმე გინახავთ, ის თუ როგორი ლამაზი კაბა აცვია სიკვდილს? ჩრდილი მშიერი ქოფაკის მსგავსად მომყვება უკან, შენგან მომავალ ნაბიჯებს ძიძგნის. სწორედ ასე იკარგებიან: როცა არ იცი როგორ დაბრუნდე, წინაც ვერ ივლი. ჩემი პულსი ტელეფონის ზარია, რომელსაც შენ არ პასუხობ. შენი ღიმილი თეთრად მთრთოლვარე თოთო მთვარეა, რომელიც ჩემს ცას აღარ ანათებს. მითხარი, ნიჰილ, ვის მიაქვს ფერი ჩვენი თვალების, როდესაც ვკვდებით? ჩვენი ფიქრები, ჩვენი სიკვდილი, როდესაც ვკვდებით? მითხარი, ნიჰილ, სად ხარ შენ ახლა? მითხარი, ნიჰილ, იცი, როგორი ლამაზი კაბა აცვია სიკვდილს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი