პლასტელინის ღმერთები
ანგელოზები ზედმეტად მაღლა დაფრინავენ და ჩვენი რადიოლოკატორები ვერ ახერხებენ მათ გამოჭერას. ანგელოზები ზედმეტად მაღლა დაფრინავენ და ჩვენს „ლაგადკით“ ნატყორცნ ვედრებას არავინ იჭერს. ანგელოზები ზედმეტად მაღლა დაფრინავენ ავიაგამანდგურებლები - პირიქით. ანგელოზები ზედმეტად მაღლა დაფრინავენ და ჩვენ მხოლოდ საათებზე გაკრული საოფისე მესიების იმედად ვრჩებით. ისინი ისევ გადაარჩენენ პლანეტას გადარჩენისგან და ყველაფერი რიგზე იქნება და ყველაფერი რიგით იქნება და ყველაფერი რიგში იქნება „ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ, აღსრულდა, შემდეგი“. შენ მუდამ აქ ხარ, ჩემო ძვირფასო. ჩემს სიფხიზლეს ამოფარებული, ელოდები საკუთარ მომენტს. ყოველ წვეთ ალკოჰოლთან ერთად, უფრო რეალური ხდება შენი არსებობა. ჩვენ ერთმანეთის სურვილებისგან ვძერწავთ ერთმანეთს და ვემსგავსებით პლასტელინის ღმერთებს. ტიკ-ტაკ, ალელულია. ტიკ-ტაკ, არ მიმატოვო. ტიკ-ტაკ, შემდეგი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი