ერთ-ერთი სახე


რაც შეეხება დღეებს, 
რომელსაც ვერ მოვესწარით...
ადრე თუ გვიან, მივწერთ ერთმანეთს
და ჩვენს წერილებს, როგორც სამხედრო ტყვეებს ავავსებთ
მოულოდნელი და სახიფათო კითხვათა რიგით.
ჰო, მე არ ვიცი
გაუძლებენ თუ ვერა ამ შენობათა იატაკები
ჩვენი ცოდვების სიმძიმეს...
ქარები ჰქრიან.
ქარები წყვეტენ, რომელი ცეცხლი იქცევა ნაცრად,
ან სამაშველო ოპერაციის წინაპირობად.
მე კარგად ვიცი - 
ყოველი ქარი, ყველა სიცივე - ეს უშენობის მრავალფერადი დიალექტია.
მე მესიზმრები და ვიმედდები, თუნდაც ცოტახნით,
ვით უგზო-უკვლოდ გადაკარგულთა მაძიებელნი იმედდებიან
წვრილმან ნივთების აღმოჩენისას...
ეს სიზმრებია, რომ დამტრიალებს გარშემო როგორც
ღამის პეპლები სინათლის წყაროს.
ეს სიზმრებია - ნუგეში,
როგორც ავადმყოფისთვის თქმული "აქა ვარ".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი