რკინა
რკინა მთელი დღეა მტანჯავს ცერა თითის დანით გაჭრის საზარელი გრძნობა ჩემი თითი იხლიჩება სისხლი მოდის მე პირში ვიდებ იარაღიდან ამოგდებული გასროლილი ტყვიასავით გემო მედება, მკერდს მინგრევს ეს გაჭრა და ხორცი საზარლად მირტყამს ტვინში. უბრალოდ ქათამი შევწვი დღეს და გაყინული ფრთა გავგლიჯე შუაზე. ტაფაზე დადებული ქათმის ბარკალს სისხლის სუნი აქვს ბიძაჩემის ბლოკნოტზე, სადაც თავის ლექსებს წერდა, ეგეთი სუნი იყო. ბიძაჩემი მიყვებოდა ომზე ზღაპრებს ენა ამოგდებულ თოჯინებს უსულოდ რომ ედგნენ თავის აკვნებს რეალურ ამბებს ჰგავდა მაგრამ ხალხი ასე არ იქცევა ძალა უნდა ისეთ რამეს რაც სხვებს არ შეუძლიათ წითელ ხაზებს არ ავლებდა ბიძაჩემი თავის სიტყვებს ამბავს ემატებოდა ამბავი და ასე, ღამეს, დაძინებმადე. დილას თითქოს იქ იყოსო ხმამაღლა საუბრობდა, ნაღმზე ფეხი ედო, რომ დგებოდა, ირწეოდა, მთვარეულობდა, თავის თავში ვერ ხედავდა რაც ომამდე ჰქონდა, უკან მობრუნებულს კისერი ხშირად უშეშდებოდა, კარს აბრალებდა და ძლიერად არ ხურავდა, კარმა დამახსოვრება იცისო. დღეს, გაჭრის მერე, ქათამს კანს რომ ვაცლიდი ხელზე მრჩებოდა, ქათამი არ მომიკლავს მაგრამ კარგად ვამზადებ, გემრიელია, ცოდვაც, მაგრამ ერთხელ მამაომ მითხრა : ქათამი და ყველაფერი ჩვენთვის შექმნა ღმერთმაო თევზი გაჭრა და ტყემალი დაასხა. მაგის მერე მეც ეგრე ვჭამდი თევზს, რავი, მე არ მომწონდა. გაყინული ქათმის, დაგლეჯილ ბოლოებს ვერ დაველოდებოდი, ზეთი გავაცხელე ზეთს წყალი დავასხი ცოტათი და აყვირდა ხელებზე მეცა დედაჩემივით, რაღაც ცუდზე წამისწრო. ერთხელ ეგრე წამისწრეს, ჭიანჭველების ბუდეში ხელებს ვაფათურებდი და ვიცინოდი, მერე ვაკოცე და რამდენიმე მუცელში შემყვა, მასწავლებელმა მითხრა - ჭიანჭველა მუცელში გაქვს და თუ არ მოისვენებ მოგკლავსო, მაგის მერე ველოდებოდი როდის გამოვიდოდა რო გამეგრძელებინა სირბილი. რომ დავდე ტაფაზე, ქათამი, ძალიან მალე დაიბრაწა და მივხვდი რო გამათბობელი 5 დან 3 ზე უნდა ჩამომეყვანა, ოთახის იქით ჩემი მეგობრები იყვნენ, საუბრობდნენ. ოთახში შევდივარ წყალი მინდა პოლიეთილენის სუნი დგას ფანჯარა არ მაქვს თუ განიავება მინდა აივნის კარს ვაღებ ხოლმე მეოთახე სკამზე ზის და არწევს სარწეველა სკამი არ გვიდგას კბილებს არ ვიხეხავ ხოლმე მე და ძველ მაცივარს იგივე სუნი გვაქვს, ზოგჯერ ვფიქრობ ღიაა ხოლმე, თუმცა ასე არაა. საჭმელს მაინც ვჭამ მაგრამ მალე მიფუჭდება მეოთახე პარკიდან თავს ყოფს სიგარეტს აბოლებს, კუთხეებში ქსელები ირხევა ნელა თენდება და ვქრებით თვალი გამიშტერდა. ქათამის მერე კვერცხი გავტეხე რვა და ყველა შევწვი, ქათმის ნაგეთსებთან ერთად თითქოს დღეს ქათმებს გენოციდი მოვუწყვეო. პირში რკინის შეგრძნება მიგროვდებოდა ბიძაჩემი მოვიდა ნაწყენი იყო, რაღაცაზე არ დავუჯერე და ყვიროდა ყველაფერი ჩემი ბრალია არ დავაფასე რასაც აკეთებდა ჩემთვის და ძილის წინ ზღაპრებს ვეღარ წამიკითხავდა ომზე. ქათამის მომზადება დავასრულე შევჭამეთ, ცოტა ვჭამე, ცოტა კიდე ვჭამ მერე და მერე კიდე რკინა ისევ პირში მქონდა, ფილმი ვნახე ირმებს კლავდნენ იქ მეც მომინდა ნადირობა მაგრამ მგონია რომ მე ვერავის მოვკლავ, თუ შემთხვევით მოვკალი ღმერთი არ დამსჯის, მამაომ ეგრე მითხრა. თითის გაჭრის მერე, (მარჯვენა თითის) მეჩვენება რომ მიწას ვჭამ ქვებიანს და თეთრ ქვებს პირიდან ვილაგებ, გუშინ დამესიზმრა თითქოს ზურგს რაღაცები მიკაწრავდნენ და მე დაბმული ვიყავი დაკაწრული ზურგით ვიღვიძებ ვხედავ როგორ ვებრძვი კატებს, საბანი დამნაშავესავით მეპყრობა მაიძულებს წოლა გავაგრძელო მაცივრის სუნი დგას კვერცხი გაფუჭდა მეოთახე სკამზე ირხევა და ცხვირს იხოცავს, დამწვარი წებოს სუნი მცემს შემწვარი ქათამივით თვალებს ვერ ვხუჭავ, წებო მიცრემლიანებს, ვდგები, აივანზე მზე მჩაგვრელივით მექცევა მეოთახე პლასტმასის კაცუნასავით ირწევა და ეს რითმი ემთხვევა მუსიკას რომელსაც ყურსასმენებში ვუსმენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი