ბავშვობის დასასრული


ბავშვობის დასასრული 

ზიხარ
პატარა სახლის 
ბნელ კუთხეში,
გითხრეს რომ
სიბნელე ცუდია,
ავია და საშიში,
ცდილობ დაივიწყო
რაც გითხრეს
და შენი პაწაწინა 
გონებით,
ხელში ფერადი ფანქრებით,
ბნელ კუთხეებს 
აფერადებ,
ლამაზ ცხოველებს და
წითელ კვადრატებს 
ხატავ,
გგონია რომ ბნელი კუთხეები მარტოა 
და მათ შენს დედას და მამას უხატავ გვერდით, 
მერე შენს თავს და
ასე,
ოთახის ყველა კუთხეში 
არის მთელი ოჯახი,
მამას იგონებ, არ
გყოლია,
დედაც არ გახსოვს,
მაგრამ იგონებ,
ხომ იცი რომ გეყოლებოდა?

გჯეროდა ადრე,
გჯეროდა რომ
წერომ აგწია,
და მოგიყვანა
ნაცრისფერი
სახლის კარებთან,
რამდენი ხანი,
სულ არავინ
გააღო კარი,
იქნებ და კარის ბინადრებიც, 
ოდესღაც,
უწინ,
შენსავით
წერომ მოიყვანა 
და გაიზარდნენ,
შემდეგ კი, ალბათ შორს წავიდნენ,
სადმე,
საძებნად,
იმის რაც თუმცა არასდროს ყოფილა მათი. 
შენ კი,
კალათში გაიზარდე,
შეხვედი სახლში,
თავად იყავი დედაცა და მამაც 
ოჯახში. 

პატარა თითებს
ფანქრები
რომ შემოზელია, 
წყალს უშვერ,
ცდილობ მოიშორო,
ნელა ფერს კარგავს,
გადიხარ გარეთ,
ბნელ კუთხეებს ფერი ეტყობათ,
ბედნიერი ხარ,
თითქოს უფრო ნათელი გახდნენ,
ჯდები იმათგან რომელიმე 
კუთხის შუაში
და იწყებ ლოცვებს,
მათ,
რომელიც გასწავლეს უწინ,
შენ კი არ იცი გასწავლეს
თუ შენს თავს ასწავლე.
რა ლამაზია ლოცვა
როცა წინადადებებს,
მოულოდნელი სიტყვები და 
ფიქრები ახლავს. 
შენ კი სულ ასე ლოცულობდი,
კუთხის ღმერთებთან, 
რომლებიც თავად 
მოიგონე, რადგან ელჭექი,
ისე გაკრთობდა,
გეგონა რომ
ვიღაც გაბრაზდა,
ზემოთ,
რადგან შენ,
შენს ყვავილებს წყალი მოაკლე. 

შენი ლოცვები შელოცვებს
ჰგავს,
დიდი ძალა აქვთ,
ლოცულობ რაღაც 
რეალურზე,
ალბათ მშობლებზე,
ის ძალა,
შენში ბევრი როა,
გამოდის გარეთ და ბნელ კუთხეში
ზის ის,
ვისაც სიზმრად 
ხედავდი,
შელოცვებს ისმენს,
უხარია, უფრო დიდდება
და მის მკლავებში აღმოჩნდება შენი სხეული. 

ხელში აყავხარ იმას,
სადღაც მიყავხარ,
ტყეში,
შენ ბედნიერი,
პაწაწინა,
გვირილით ხელში,
ყვავილს სურვილებს
ანდობ, მერე აცლი 
ფოთლებს და
ცდილობ რომ, 
იქნებ გაგიმართლოს,
მას ეკითხები,
უყვარხარ?
ნეტა?
ამ კაცს,
ანდა სიზმრის არსებას,
თუ არ უყვარხარ.
ამ კაცს,
ანდა სიზმრის 
არსებას,
უყვარხარ?
ნეტა? 
ამ კაცს,
ანდა სიზმრის არსებას,
თუ არ უყვარხარ?
ნეტავ?
ამ კაცს,
არსებას სიზმრის.

შენ სახლს ზურგიდან აცქერდები,
და გიხარია,
წეროები და 
ცისარტყელა შემოვლებიან,
გააფერადე მგონი
მართლა შენივე სახლი.
ის კაცი,
ანდა სიზმარკაცი 
გიხუტებს გულში,
ძგერა არ გესმის,
მაგრამ გული ხომ უნდა ჰქონდეს?
ჰოდა, შენც შენს გულს 
ადებ, თითქოს ძგერას
გაუყოფ,
და ასე, ორი დაკარგული სული მიმოდის. 
და ტირი
ცოტას,
თითქოს რაღაც მოგენატრება,
შენს კუთხეებში დაბუდებულ სიბნელის 
მტვერში,
და დალეწილი 
ფანქრების და
დედ-მამის ხმაში,
რომელსაც თავად აჟღერებდი,
რომ ეარსებათ. 

ეს სიზმარკაცი
რა დიდია,
აცვია შავი,
შენ კი გვირილას
უდებ ყურში, 
(ფოთლებ გამოცლილს,)
თმებს შორის უდებ,
ის კი ქირქილებს, 
ასე წმინდას რომ გაკვირდება,
და ეს ქირქილი
შენც გაცინებს,
ხალისს გიმატებს,
მთვარეა, 
ნისლის ბნელ სამოსელს
რომ იხდის მთვარე,
ღრუბლების მძიმე
საღამურებს შეიმკობს
ნაზად,
შენ ცას უყურებ, თხების ხმას
ცნობ,
ზარის ხმაც გესმის, 
სალამურების
და სიცილის,
ვერ ხვდები სად ხარ,
ის სიზმარკაცი
კოცონისკენ 
მიგიყვანს,
გათბობს,
არ იცი ასე
თბილად ბოლოს როდის იყავი.

ცას აცქერდები,
ნაცრისფერი 
არის შენი ცა,
გარწევს ის 
კაცი,
შენს თვალებზე ცრემლები შრება,
ხუჭავ და შორი
გზებით 
ალბათ
სახლში მიდიხარ,
მაგრამ შენ ამის
აღარ 
გჯერა,
ვეღარ ფხიზლდები,

სიზმარკაცების
ხელშეკრული
ცეკვები
გართობს,
იცინი,
მერე სევდა გიბყრობს,
მაგრამ არ იმჩნევ,
მთვარე 
ნათელს გცემს,
ნათლისღება 
არის თითქოსდა, 
ბუნების შვილად
გადაკეთდი,
სულში გრძნობ ძალას,
ასე პატარა 
რამდენ რამის მომსწრე
გახდი და 
რამდენი რამე უნდა
ნახო კიდევ რა იცი. 

უკან გაბრუნებს 
ნაცნობი ხმა
უცნობი ქალის,
ხელებში თაფლი
რომ ეღვრება 
ისეთი ქალი,
სიზმარკაცს 
შენი
თავი იმან,
გამოაგლიჯა,
ალბათ სიზმარკაცს
გზა აებნა,
 ცუდს რას იზამდა?
ეს ქალი თავის კაბას ნელა,
ნელა გაფარებს,
და გარწევს ნაზად,
ასე წმინდას,
ასე პატარას,
შენ ისევ
როგორც ადრე,
მართლა
არ იცი სად ხარ,
მაგრამ
რაზედაც 
ლოცულობდი,
ალბათ რომ
ახდა,

-დაავიწყდება 
ყველაფერი
რაც ახლა მოხდა,
პატარა
როცა გაიზრდება,
დაავიწყდება.

შენ თვალებს ხუჭავ,
და არ იცი საით მიდიხარ,
მაგრამ არც ამას დაიჯერებ,
რადგან დიდი ხარ. 

არ დაიჯერებ
რაც ნახე და
ემშვიდობება 
შენი თვალები 
ყოველ ღამე,
ზღაპრულ სამყაროს,

ისევ ის სახლი
გახსენდება,
ისევ
ტირიხარ,
დაგავიწყდება 
ყველაფერი,
რადგან დიდი ხარ,

დარწეულ
აკვანს სათამაშოები
ამკობენ,
ცალრქების
მარში
და ტყეები,
თხების
ფერხული,

და დარჩა
ალბათ
მაგიური
ღამე
შვიდიღა
მაგრამ შენ
ვეღარ 
ჯავრობ
რადგან უკვე დიდი ხარ.

ჭირი იქა
ლხინი აქა

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი