ღამისეული შელოცვების ხმაზე მოკლული ცნობისმოყვარეობის წყურვილი
ღამისეული შელოცვების ხმაზე მოკლული ცნობისმოყვარეობის წყურვილი ახლა, რომ ცივა და კივილი ისმის გარეთ, ვინ იმჩნევს? ქარი არ დაქრის, ქარი თავის დაკლაკნილ ხელებს ფოთლებს ავლებს, ხეებს ყინავს, ძვლების მსგავსად, ქარი ხეებში არის მხოლოდ ძლიერი, ბალახში სუსტი, წყალში წყევლა, ქარში უცხო, მოერეკება, ყივილის ხმა აბრუებს თვალებს, ზღვაზე მობნეულ კენჭებივით ცვივა სიტყვები, ლოცვა აღარ ჭრის, დიდი ხნის წინ, დავიწყებულა, კბილებ ამოცლილ ტუჩებ დამსკდარ უგულო ბებერს მიჰგავს ბუნება, რომც უნდოდეს ვეღარ ილოცებს. ყიჟინი ისმის ცხოველების, ქარი გასცდება ქალაქს, სადაც შემოსა სახლები და ულმობლად მაინც არ ისმინა ღამისეულზე პატარა, ბრმა ბავშვების ხრიწიანი ტირილის ხმა, ახლა მთის კალთებს ედება ქარი და ეძებს იმას, ვინც შეჰფიცა ყველაფერს მოგცემ, ოღონდ მანახე რაც არავის არ უნახავსო... პირობა მუდამ პირობაა, მარცხენა ხელი, და ხელზე ოთხი მხრიდან ნელა ამოკაწრული, სხვადასხვა ჩლიქის ნალი, ბუტბუტი რაღაც უთქმელზე, საკუთარ თავის გადარჩენა, ამოუცნობი, არავისზე ფიქრი და არაფერზე, მკვახე ვაშლივით გადაყლაპული და ხახაში გაჩხერილი, დასახრჩობად განწირული შიში და ამოხველებები ისმის. სიმხურვალე და ჟრიამული იგრძნობა ქარში. იპოვა თითქოს ვინც უნდოდა. მწყესები მთაზე ბნელით მოცულ ქარს, ცხვარს წირავენ, მწყემსის ფაფახი მისი თივით, გადახურულ სახლ-კარს მოჰგავს, შიგნით სინათლე, იმდენი რომ კვამლი ემჩნევა, მის ორ თვალში კი ვარსკვლავები ჩაბუდებული, ცხვრები ღნავიან, ყინვა მათი პირიდან მოსჩქეფს, მათი კბილების წკარა-წკური ამსხვრევს ბილიკებს, მგლებიც კი მეტად შორს არიან, შელოცვილ ქარებს, მშივრები, მაგრამ ცოცხალ-მკვდრები ემალებიან, ყელგამოღადრულ ვერძის ხვნეშას, დორბლებს და ცრემლებს ვერ აპატიებს დედა ბუნება ვერავის, კლდეები თავის დაღადრულ და ძალა გამოცლილ სხეულებს მწარე რხევით ისე ექაჩებიან, მთები მრობიან მდელოებზე, თითქოს სურთ დასჯა, იმ კაცის, ვინაც მათი შვილი ასე გასწირა. ცხვრები დარბიან, წრეზე, ბორჯღალს ხაზავენ ცხვრები, მათ შუაში კი გორა, ნელა, ნელა მატულობს, თავის ქალებს და თავის ქალებს შორის არსებობს, სიცოცხლე... მეცხვარეები მოკუნტული, ჩვილი ბავშვები, იყინებიან, არ ახურავთ არავინ საბანს, იმათ სხეულებს, წირავენ მათი მთავრის სურვილს, საკუთარ თავებს, ქუდებს იძრობენ, იფარებენ გულებზე, ბოლოს, შიშველ სხეულებს მიაყრდნობენ ციცაბო მიწებს, ყინულებს მათში თითქოს უკვე ჰქონდა ადგილი, ისე ეკრობა თოვლი იმათ ჩამოწნილ ტანებს. მთავარი მწყემსის თვალებში კი, ახლა მოკლული, ვერძის უტეხი, დაკლაკნილი, მძიმე რქებივით ამორკალულა მთვარე, სრულად ახალი ტანით, იცინის, მისი ჩაბჟირების ხმა ისმის, ავად, თითქოსდა მთვარემ სიხარულით გადაიტყავა გულმკერდი, ჰოდა, მისი სხეულით შვა სინათლე, ისე ანათებს, ვერძის დაგდებულ თავის სისხლი მოსჩქეფს და მოსჩქეფს, მოჰგავს მდინარეს, ყველა ნაპრალს ედება უკვე, ანოყიერებს მკვდრების მიწებს, და რწყავს საფლავებს, მწყემსების გვამებს ბოლო წყაროდ მოევლინება, ყველაფერ სულდგმულს აქოთქოთებს სისხლი ვერძისა, და ცეცხლი, ღამით რომ დაანთეს მეცხვარეებმა, მწყემსებმა, და რომ ამ ცეცხლს მათი ფარა შესწირეს, ყვირის ეს ცეცხლი, უერთდება ქარს და გაჰკივის, მხედრდება ქარზე, ცეცხლი იპყრობს მთელს არემარეს, შუაში, მრგვალ წრეს და ჩამომპალ წითელ მიწებს, წვიმის შხაპუნის ხმასავით, აკრთობს ნაბიჯის ხმა და აცახცახებულ, გულამოცლილ კაცის კრუსუნი ამდიდრებს, მწყემსი საფასურს იხდის, სახლს და ფარას, მის მეგობრებს, წირავს, რომ იქნებ, სანამ მოკვდება, ბოლო სუნთქვა სანამ დარჩება, ისე არ მოკვდეს არ გაიგოს რატომ იცხოვრა.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი