ფოსტალიონი
ფოსტალიონი ზაფხულში, როცა მზე ამოდის, მე მეშინია, გული ჩერდება, ფიქრობს, ტვირთებს ისევ ილაგებს, მერე ვიღვიძებ, ამ ტვირთებით დამშვენებული, არ მტკივა, მხოლოდ ის არ ვიცი, რად მიღირს თრევა, ჩემს ილუზიებს ვუკაკუნებ, ალბათ მათაც და ცეცხლსაც, სულში რომ ანათდება, სძინავთ, ან იქნებ, არ სძინავთ მაგრამ არ უნდათ, რომ ისევ გამიძლონ, მე მეშინია, გზა სულ არის, ჩემი გზა მხოლოდ, ამდენი ფეხის ნაბიჯებით გადაითელა, მინდა, ძალიან მინდა მარტო იქით წავიდე, სადაც არ სხედან სხვები, სადაც ხმები არ ისმის, მაგრამ, იქ წასვლის მეშინია, იქიდან მოსულს, რომ არ დამიხვდეს მე რისთვისაც წავედი იქით, რა ვუთხრა? ანდა, ვის მოვუყვე რასაც იქ ვიზამ? იმდენად ბევრი ტვირთი მაწევს, არ ვიცი მხოლოდ, რომელი არის რეალურად ჩემი სათრევი, მაგრამ ბედნიერ თვალებს, წყალს რომ იგროვებს ხოლმე, ვუყურებ, როცა ტვირთი მიმაქვს, და მიხარია. ჩემთვის, რომ ითქვას, ჯერ არავის არ უზიდია, ტვირთი, ან როცა რამე მოაქვთ, მტანჯავს სირცხვილი, როდესაც ჩემთვის მათი მხრები დასერილია, მე მინდა ყველა ის ძვირფასი ქალი, თუ კაცი, ავიყვანო და თან შევისვა, ან ის საგზალი, იქნებ და რამით დაუმჩატდეთ მოხრილი მხრები. ჩემს თვალებს წყალი არ მოსვლიათ კარგა ხანია, ზაფხული მიდის, მე კი ისევ, გამოღვიძების ან იქნებ ისევ წამოდგომის მტანჯავს მომენტი, განა არ ვიცი რომ სხვა გზები ახლა არ არის? ვიცი და მხოლოდ ტანჯვა მიხსნის ხოლმე იმათგან. ბედნიერი ვარ, როცა წამით ვუყურებ მდელოს, და ვიცი როგორ, ნაზად, ანდა როგორ წვალებით, გადავაბიჯებ ამ ადგილებს რამდენჯერ ალბათ, გამახსენდება რომ დავრბოდი, რომ მიხაროდა, როცა მელოდა სახლში ისევ ჩემივე თავი, ბავშვურ სიცელქეს რომ შეესვა მხრებზე ერთგულად. ალბათ ერთ დღესაც როცა ზაფხულს შევხედავ წყენით, და როცა მხრები შეიგრძნობენ ბუმბულის მსგავსად, შეფარფატებას, წავალ და აღარ დავბრუნდები, წავალ იქითკენ, სადაც არ ისმის ხალხის ხმები, სადაც ქარია, და როცა უკან, არ მექნება მოსაბრუნები, ჩემს ამბებს, რასაც შევინახავ, რაც გადამხდება, წყალს მოვუყვები, გამიგია წყალი ისმენსო. ერთხელ, როდესაც კოშმარებმა დამტანჯეს ბავშვი, წყალი მოვუშვი, ასე მითხრა ჩემმა აღმზრდელმა, მას მოვუყევი თუ რაოდენ მიმძიმდა ძილი, წყალმა მისმინა, აჩუხჩუხდა, იქნებ იტირა? და მერე, მართლა, იმ დღის აქეთ, ერთი წამითაც, აღარ მიგრძვნია ის სიშავე, განათდა ხედვა, და მე მინდოდა დამეძინა მარადიულად. თურმე რა კარგი გრძნობა იყო უკოშმარობა. იქნებდა ჩემი ეს სიტყვებიც წყალს გავატანო? მაგრამ, ხომ ვიცი, ისიც ალბათ გადაღლილია, ვინ იცის, უკვე მერამდენე ბავშვი უყვება, თავის ტკივილებს და რამდენი ხსნას ელოდება. ნეტავი თავად წყალს ვინ უსმენს?
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი