აკორდები


ახლა რაც შემომრჩა მხოლოდ ესენია
ფუჭი იმედები ფეხქვეშ გათელილი
ტანზე ტარაკნები ისე მესევიან
გვამი გეგონები საფლავს აცელილი
მხოლოდ მწოლიარე ფიქრებს ვიზიარებ
ახლოს რაც კი ხდება ჩემთვის შორი არი
ერთი ქალი იყო ისიც განმეშორა
დავრჩი მარტოსულად მოტრფიალი
ფანჯრის გადამკიდე მხოლოდ აისებზე
ხშირად გამიელვებს გარეთ გამოხედვა
მინდა ერთხელ მაინც მძიმედ ჩავისუნთქო
თუკი უიმედოდ სული ამომხდება
საწოლს მიჯაჭვულმა როგორ დაგინახო
ანდა მოგეფერო თუკი აქ ვიწვები
როგორ მომენატრა ზურგზე ხალები
და მხრებზე მოხდენილი ლავიწები
აგერ მოგინატრე უკვე მერამდენედ
ღვინის ჭიქებს მიაქვს მოკლე იმედები
სანამ ჭერს ვუყურებ ასე უიმედოდ
დროზე ნაადრევად მალე მივბერდები
მხოლოდ წვიმის ხმაზე მიყვარს გაღვიძება
როცა ყველას სძინავს ადგომამდე
ალბათ მივაყუჩებ უნებლიედ
ტკივილს ახალი წლის დადგომამდე
მერე რა იქნება ისევ ძველებურად
უფრო დავბრძენდები მკლავგარეშე
უფრო მივენდობი ღამის ისტერიებს
მაინც ვერ ვიძინებ მათ გარეშე
მინდა სულ ისეთი ღამე იყოს
ფეხით გავდიოდე აივანზე
ფიქრში გაპარული ერთხელ მაინც
უკან არ დავბრუნდე ბრაზიანზე
მდნარი სანთელივით მხარში მოვიხარე
სული გამიმძაფრდა დამონებით
თუკი ვერ ვიხილე ხვალის გარიჟრაჟი
მინდა გამაცილო აკორდებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი