ვარსკვლავთცვენა
შემომეჩვია გაუცინარ დღეთა სალმობა, იმედებს ვკემსავ ყუნწმაგარი, ბრტყელი მახათით. ყოველგვარ ტკივილს შესატყვისი უნდა წამლობა, მე კი ტკივილით საუფლოში უღვთოდ დავხანდი. ვინ იცის, იქნებ მილიონი სინათლის წელი ცითგან დაღვრილი ნათლის სვეტი ჩემად მოსული იყო მარტოდენ ანარეკლი, რაღაც ღვთიური იდუმალებით საუკუნოდ გარემოცული. ის ვარსკვლავი კი (რას გაიგებ) ვაითუ ჩაქრა, ვაითუ მოსწყდა ცის კიდეს და მწუხრში შთაინთქა, იქნებ აუხდა საწადელი პატარა გოგოს, ვარსკვლავთცვენის ჟამს იდუმალ რომ გულში ჩაითქვა. აუჰ, დაღვრილა მილიონი სინათლის წელი, ნათლის ჩქერალი ალბათ ისევ ისე გზაშია, ნატვრისფერ ტკივილს ვარსკვლავთცვენა ისევე შვენის, ახლა ის გოგო გულუბრყვილო, დიდი ბავშვია. ნატვრაც ჟამივით გამოხდება, ალბათ, ახდება ვარსკვლავთცვენის და იდუმალი სულის მისნობა, და სამყაროსაც ნუგეშივით ჩაუსახლდება დაღლილ თვალებში გამომკრთალი მარადისობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი