* * *
რა ბუნდოვანი მოჩვენებით მიდის დღეები... და სულ მგონია უკანასკნელ აღმართს ავდივარ... ვაბიჯებ ფოთლებს...რა საწყალობლად იმტვრევიან... ჩემშიც დასრულდა სწრაფვა ახლისკენ და თითქმის ყველა ადამიანურ ნაკვთს დაეტყო წლები... ამ აღმართს ავალ და ღამეც ალბათ ჩაიბარებს ბოლო სიზმარს. არ მომცე ღმერთო იდუმალი ფერი და ფორმა,რომ გზაზე არვინ შემეკითხოს რას დავაპირებ... ვეცადე მაგრამ ვერ შევძელი მოსმენილისთვის,გაგონილისთვის რომ ამეცდინა გზა გულისკენ, ყოველი სიტყვა გულში ჩავიდა და იქ ჩაბარგდა. ვაბიჯებ ფოთლებს...ემტვრევათ ტანი,ეს ბოლო ხმაა მათი ტანიდან.... ამ სიკვდილებით,ფერიცვალებით მიუჩოჩდება შემოდგომა სამი თვით ზამთარს... ხეებს სტკივდებათ ფერიცვალება, და ბავშვებივით ეცრემლებათ ხმააწეულ ამინდებზე. ასე მგონია რომ გაეჭრათ მუცელზე კანი... ახლა ჩემს აღმართს აყოლილი მეფიქრება რომ...არსად არაა ყოფნა ისეთი, რომ უკვდავება მოგინდეს წამით... ყვითელ გზაზე ვარ...რაც არ უნდა თქვან, რას არ დამპირდნენ, ვიცი რომ უკან მოხედვებით გზას ვერ გავიგნებ...წარსული მხოლოდ სურათია,დროდადრო მაინც ფერს შეიცვლის, მომავალი კი იღბალს ეკუთვნის... ჩემს დაღამებულ აწმყოში ახლა, აღარ დაცვივდა ვარსკვლავები,მხოლოდ ყივიან მამლები და აღარ თენდება. დიდი ხანია ჩემს დაღლილ აწმყოს,პირში ნამცეცი აღარ ჩასვლია... ფოთოლცვენაა,შემოდგომა ნელა უჩოჩდება ზამთარს და მე ავდივარ ჩემი ცხოვრების ბოლო აღმართზე,ჩემი დაღლილი აწმყოთი და წვეთი იმედით,რომ დასასრული ნამდვილია და არ გრძელდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი