* * *


შენ ხელთ გიპყრია მთელი სამყარო,
თავისი არსით,უარსობით,
მთელი ძალით და უძლურებით.
შენი ხელებით იწერებოდა ჩემი გუშინდელი და დღევანდელი დღე,
ჩემი დიდებას მოკლებული,
მწუხარე,დაისური დღეები
შენი შეკვეთილია.
შენ მიეცი ჩემ დღეებს აკლდამისებური ფორმა,
შენ ვერ გამზარდე და შემარჩინე ჩვილის სახე.
შენით არის მოცული მთელი სამყარო,
მე მშიერ-მწყურვალი,შენ რწმენის საპყრობილეში ველი როდის შემმოსავ.
შენ დამიწესე ყურადღება მოუდუნებელი შენთვის,რომელიც მღლის და მაშფოთებს.
შენ მაქციე ახალშობილივით უძლურად,
რომელიც მხოლოდ ტირილით 
და უმწეო ხელების ცეცებით
განიშნებს,მიეშველო.
შენ გამაჩინე ჭიანჭველების ბუდეში
და ხანდახან რომ თაფლს ტანზე მაწვეთებ.
შენ ამიყვანე მთაზე და გამომცადე,
თუ გიყვარვარ "გადაფრინდი"
მე უყოყმანოდ გადავფრინდებოდი ,შენგან ფრთებამომწვარი ზურგით რომ არ მატარებდეს სინამდვილე.
შენ გიპყრია მთელი სამყარო,შენშია მხოლოდ სისრულე.
შენ გამოსტაცე ჩემი თავი არარსებობას
და დამსაჯე ცეცხლში ყოფნით.
მე გიმზერ შენგან უარყოფილი თავგანწირვით..
შენ მთხოვ გეთაყვანებოდე ჩემგან უკიდურესად განდგომილს,
თითქოს ჩემი სიყვარული კეთრივით ტანიდან გამოგდიოდეს.
ისე განმაგდე,როგორც არამოწყალე ბატონი შრომისუუნარო მონას
განაგდებდა.
შენ არ გჭირდება ჩემი დაწურული ღვინო
და ჩემი გამომცხვარი პური.
შენ არ გჭირდება ჩემი უბირი სიცოცხლე და 
არც სისხლით და ცრემლით შეზავებული მუხლმოყრა.

შენ ხელთაა მთელი ჩემი სამყარო..
მაინც მოგელტვი,სიმშვიდის მპარავი და ასჯერ დაცემული,გამასხივოსნო იქნებ შენით,ამომაბრწყინო წუთისოფლის დამჭკნარ ბაღიდან,ერთხელ მაგრძნობინე ჩემი თავის საჭიროება შენთვის და დროებით მაქციე ერთი   ბნელი ღამის გამკვალავ ვარსკვლავად.

მომიშალო დაკარგული სამოთხის სევდა,
ხომ შეგიძლია ყველაფერი...ხომ შეგიძლია დროს შეუჩერო წარმავლობა და მომანიჭო სულმოუთქმელი ბედნიერება...

როგორ დასრულდება ჩემი დაუსრულებელი სწრაფვა შენი მსახურებისკენ??? 
მოგელტვი მარადიული ხსნის იმედით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი