* * *


ისმის ღამის ხმა ,გადაცვლილი ძილში სიზმრები,
მუდამ ფხიზელი სევდა გულში მიელავს,როკავს,
როცა ადგები და ჩარჩოდან გამოიქცევი,
ამას სამყარო იშვიათად პატიობს მოკვდავს.

ერთი ხელის კვრა მიზანს მიშლის,როგორც ხუხულას,
მერე სიზმრები თბილ თვალებში ყინულებს დებენ,
ქარი ხმაურით და სიბრაზით ფანჯრებს თუ ხურავს
მზის ჩასვლის მერე ყვავილები ვერ იძინებენ.

მეტად მაფხიზლებს ღამის შვილი-სახელად შიში,
მშობლის წინაშე გაბედულად მეთამამება,
მახსოვს პირველად საწამლავი ჩამისხა ძირში
და ამის შემდეგ შეიყვარა ჩემი წამება.

ორად გაყოფილ სამყაროში ხარობს ყვავილი,
ქარიშხალსა და ნისლებს შორის ცრემლით ირწყვება,
არც ფუტკრებსა და არც ჭრელ პეპლებს არ აქვთ ჩავლილი
რადგანაც სიტკბო ამოწურეს მწარე სიტყვებმა.

ძილში გადაცვლილ სიზმრებს ახლა ვუყვები კედლებს,
მხრებზე თავისით მილაგდება მძიმე სიცხადე,
ვიღაცა ცხოვრობს,ვიღაც ითმენს და ვინც კი ვერ ძლებს,
დგება და სიკვდილს საგანგებოდ მისთვის იძახებს.

როცა ადგები,სტიგმებიდან ამოიქცევი,
როცა რუტინა ძველებურად შენს სულს ვერ თოკავს,
რაც უნდა იყოს ამ ღრუბლებით და ამ მიწებით
თურმე სამყარო იშვიათად ახარებს მოკვდავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი