* * *


ყველაფერი რაც კარგი იყო,ჩემში ის დაშრა,
იქნებ არ იყო და მეჩვენა სუსტი გონებით,
არც დღევანდელმა,არც წარსულმა სიმშვიდე არ შვა,
ყველა ცდუნებას უფრსკულისკენ მივაგორებდი.

ვინ შეაკავებს სურვილების გაწვრთნილ არმიას,
როცა ხედავ რომ სხვას სიამის ზღვაში აცურებს,
ხელაღებულნი  ცასთან უფრო ახლოს არიან
მე და შენ გვძინავს ჩვენგან შორს და სინდისჩაცმულებს.

გაზაფხულია,მაგრამ ფრთები აღარ ფარფატებს,
ყველა ხმაური დახშულია და მოგუდული,
ღამე შემოდის გატეხილი,მხარზე თავს მადებს,
ტვირთად იქცევა გათენება და მომდის გული.

ზოგჯერ საათი ნაკლებია,ვიდრე შეგრძნება,
ყველა ჭიშკარია ჩავლილია ფეხის წათრევით,
უკვე სიკეთით ვერც მადლი და ვერც სითბო ცხვება,
გული ირღვევა უთვალავჯერ შემონამტვრევი.

ვუცქერი სურვილს,სურვილების ურიცხვ  არმიას,
მე გაუბედავს  უხერხული სიწითლე მივლის,
ასე მგონია სადაცაა სინდისს დაჰყრიან
და ყველა სახელს გაუმხელენ შეფარულ ტკივილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი