ჰიუმან სტორი


ჩავიდეთ დაბლა. 
ასეთ ბარდნაში არაფერი აღარ მოხდება. 
ჩავიდეთ, ზურგით დავემჩნეთ თოვლზე. 
ხელები განზე. შეიხსენი თავი, იგოროს. 
ეს ამბიცია - წააგავდე თოვლში ჩაფლულ ჯვარს, 
მოითხოვს თავთან დამშვიდობებას. 
რა კადრია! 
კამერა ჩემკენ - მომიახლოვდი, ხამო, შეხედე. 
თუ ასე ივლის მიწისაკენ, 
სამ საათში ბორცვად ვიქცევი, 
თოვლის ბორცვი კი ვერაფერი ექსკლუზივია. 
შენ ახლა ხელში ჩაგივარდა ”ჰიუმან სტორი”, 
სისხლის წინწკლებით ქათქათა ფონზე. 
კი არ ისკუპა, 
თავისი ხელით ჩაკეტა კარი, სანამ ეძინათ შინ დარჩენილებს, 
ჩაიარა სამოცი კიბე, 
”მგონი მოვედი” - განათებულ სახლებს უთხრა.
მაისის თაფლით გამოტენილი ფიჭებია ეს კორპუსები. 
ფანჯრებში თუ თითს ატაკებ, შეიძლება გამოგყვეს სიტკბო - 
მათ შორის ჩაწვა. 
შუაში ცაა, 
თითქოს ყინული ამოტყდა ტბაზე. 
ეს - თვალებიდან ისვრის სხივებს, როგორც ანკესებს 
ეს არის მისი თევზაობა. 
კაუჭებზე გაყინული ცრემლები ბრწყინავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი