- (არავინ იცის) რატომ მიყვარდა ფაშისტი
ბოდიში მოიხადეთ, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ის მფარველ ანგელოზს ჰგავდა. მეგონა – ჩემსას. მეცვა გამჭვირვალე ვერცხლისფერი კაბა და ვმღეროდი. ის კი კმაყოფილი მიყურებდა და არაფერს მიშლიდა. მესვა კაშკაშა წითელი პომადა და სხვებს ვკოცნიდი, ის კი ღიმილით შემომცქეროდა და არაფერს მიშლიდა. თვალებში შევცქეროდი და ისე ვაფუჭებდი. ის კი მშვიდად შემომცქეროდა და არაფერს მიშლიდა. ის ამბობდა, რომ გამივლის და იცინოდა. ის ამბობდა, რომ არ უნდა მედარდა და გულში მიკრავდა. ის ამბობდა, რომ სიყვარული არ არსებობს და თვალებით მწონიდა. არასოდეს არაფერს მთხოვდა. ჩემით ვიხდიდი. და ვიდექი მის წინ გაზის კამერისთვის გამზადებული. სასიამოვნო შხაპი იყო, ნელ–ნელა ვიწამლებოდი. ჩემით გადავბარგდი მის ბანაკში – ვცხოვრობდით ორნი. ბანაკი კი იყო გასაიდუმლოებული და შემოღობილი. საღამოობით მას მოჰქონდა ცოტა საჭმელი. და მე ვისმენდი თეორიებს (თურმე) ფაშისტურ სიყვარულზე. და მე ეს მომწონდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მე ის მიყვარდა. თავიდან ყველაფერი იყო კარგად, ვიდრე მაჯაზე, გადავწყვეტდი, დამეწერა ჩემი ნომერი. ნომერი მისი კუთვნილების. და ჩემი ფლობის. მე აღარ მესვა ხასხასა წითელი პომადა. არც გამჭვირვალე კაბა მეცვა. ვიყავი მისი პერსონალური უსინათლო. ვეღარ ვკვეთდი მარტო ქუჩას, ვიდექი ამოჩემებულ ადგილას, ბანაკში და ველოდებოდი. გაგეცინებათ და თურმე, დახვრეტას. სინამდვილეში, დახვრეტა არც ისე მტკივნეულია. უკვე ვიცი. და ისიც ვიცი – სისულელეა, არ არსებობენ პირადი ანგელოზები. მითუმეტეს, მფარველები. და მითუმეტეს, კაცები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი